კასპიისკიდან ოქრო არ გამოგვატანეს - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით მოძმანაშვილი და ბილიალ მახოვი
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სამი მედლით დაასრულეს გამოსვლა დაღესტნურ კასპიისკში ამ უქმეებზე ჩატარებულ ალი ალიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირში - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ვიცე-ჩემპიონი იაკობ მაქარაშვილი (74) გახდა, ვინც ფინალში რუს ახმედ გაჯიმაგომედოვთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლები ჩვენებმა მძიმე წონაში მოიპოვეს - გიორგი საკანდელიძემ და დავით მოძმანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მოძმანაშვილს ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გიორგი მეშვილდიშვილი არ გამოუცხადდა, ვინც მეხუთეზე დარჩა.

მძიმე წონაში ჩვენი ფალავნების წინსვლა დაღესტნელთა ყაბარდოელმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა ბილიალ მახოვმა
შეაჩერა. მოგეხსენებათ, ის ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ ბერძნულ-რომაულში ჭიდაობს, თუმცა ამ ტურნირისთვის მშობლიურ სტილს დაუბრუნდა. მან ჯერ მეშვილდიშვილს მოუგო, ნახევარფინალში კი - მოძმანაშვილს.

მოგეხსენებათ, ისინი ლონდონის ოლიმპიადის ფინალშიც ამავე ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ამჯერად მეტოქემ იმარჯვა, თან სუფთად - 10:0.

მახოვი კვლავ ჩვეულ სტილში ჭიდაობდა - მიწოლით წრიდან გაყვანაზე (ის ასე ეჭიდავა ყველას) და პირველი 4 ქულა ამგვარად მოიპოვა. დანარჩენებშიც იმავეს აპირებდა, თუმცა მოასწრო შეკვრა და გდება.

მას მოძმანაშვილზე ბევრად უფრო შედეგიანად მეშვილდიშვილი ეჭიდავა, ვინც ბევრად უფრო ტანსრულ მეტოქეს ფეხში შესვლით ერთი ქულაც აართვა, მაგრამ მახოვმა წარბიც გაუხეთქა.

მახოვამდე მოძმანაშვილმა პოლონელი რადოსლავ ბარანი 5:3 დაამარცხა, მერე კი უნგრელ დანიელ ლიგეტისაც აჯობა. საკანდელიძემ ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი თეიმურაზ თიგიევი 7:1 დაჯაბნა, ნახევარფინალში კი ჩეჩენ მურადინ კუშხოვთან დამარცხდა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა დამაჯერებლად მოუგო უკრაინელ ევროპის პრიზიორ ალექსანდრ ხოციანოვსკის - 6:2. ჩვენებური კარგად შედიოდა ფეხში, ჩაჰყავდა დაბლა და ატრიალებდა მეტოქეს. ის ორი ქულაც ბოლო წამებზე დაკარგა, დროის გაყვანის მიზნით, თორემ ყველანაირად სჯობდა მას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სასმაგიეროდ მოძმანა კვერცხებს ისვრის ძაან მაგრად
dato
11:47 10-07-2015
0

სიახლეები პოპულარული