ომარ გუსოშვილი: ევროპაზე გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპრებ

AutoSharing Option
გორელი ფალავანი ომარ გუსოშვილი (97 კგ) ევროპის 23 წლამდე თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ეს ასაკობრივი შეჯიბრება ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ პირველად ჩაატარა. ამდენად, ისტორიულიც იყო. პოლონეთის ქალაქ ვალბრზიხში ამ შეჯიბრებაზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა სულ ორი ოქროს, ამდენივე ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ამავე ასაკში გაისად იგეგმება. ომარი (ამჟამად 22 წლისაა) 23-წლიანებში ვეღარ გამოვა - დიდებში გადადის.

გუსოშვილს საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებშიც მოუპოვებია უმაღლესი ჯილდო და სხვადასხვა სინჯის მედლებიც. დიდებში კი შარშან საქართველოს თასზე ვერცხლის მედალიც ერგო.

- ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 23-წლამდელთა ქვეყნის ჩემპიონატის შედეგებით შეირჩა, სადაც 97 კგ-ში პირველ ადგილზე გავედი. ევროპისთვის მოსამზადებელი ეტაპი დიდების გუნდთან ერთად მინსკში გავიარე. იქვე მედვედის ტურნირზეც მივიღეთ მონაწილეობა და მე ბრინჯაოს მედალი მხვდა. ბელარუსში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიში ძალიან კარგად წამადგა, ვიგრძენი რომ გვარიანად მოვუმატე. - გვითხრა ომარ გუსოშვილმა.

- ევროპის ჩემპიონატზე შენი უპირატესობა აშკარა იყო. ოთხივე მოწინააღმდეგეს ჯამში 46 ქულა აართვი და მხოლოდ 8 დაკარგე. რომელ ეტაპზე ირწმუნე, რომ ოქროს მედლის მოპოვების დიდი შანსი გქონდა?
- ნახევარფინალში თურქ იუსუფ ზეიბეკთან მოგების მერე გავიფიქრე, რომ კვარცხლბეკზე უთუოდ ყველაზე მაღლა უნდა დავმდგარიყავი.

ფინალში ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონ აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევს შევხვდი. თავის ჯგუფში მან საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. გაჯიევთან გასამარჯვებლად მთელი მონდომებით ვიბრძოლე, ენერგიაც ბოლომდე მომყვა, აზერბაიჯანელს კი ფინიშისკენ ძალა გამოელია.

- შენს კარიერაში აქამდე ყველაზე მაღალი შედეგი ევროპის ჩემპიონობაა. ალბათ ამაზე გაჩერებას არ აპირებ.
- რა თქმა უნდა, ევროპაზე გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ ამაზე გაჩერებას მართლაც არ ვაპრებ. ახალ ორბიტაზე გავდივარ. აქტიურად ვემზადები მოახლოებული საქართველოს ჩემპიონატისთვის დიდებში, სადაც შევეცდები უმაღლესი შედეგი ვაჩვენო და მერე საერთაშორისო არენაზეც არ შევირცხვინო თავი.

შრომა არასოდეს დამზარებია. სხვაგვარად მაღალი მიზნების მიღწევა შეუძლებელია. ჩემს გამარჯვებებში დიდი წვლილი მიუძღვით ნაკრების მწვრთნელებს და პირველ ყოვლისა პირად მწვრთნელს ნუგზარ სხირელს, რომლის ხელმძღვანელობითაც გორის დარბაზში უკვე ათ წელიწადზე მეტია, ვვარჯიშობ. მან ადრეც მაქსიმუმი გაიღო და დღესაც ყველაფერს აკეთებს რათა დიდებშიც მივაღწიო წარმატებებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული