რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიადის ლიცენზიების გაცემის პრინციპი

AutoSharing Option
ჭიდაობის ოლიმპიურ სახეობებში ("თავისუფალი" და ბერძნულ-რომაული სტილი, ქალები) რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიადის ლიცენზიებიც დაახლოებით იმავე პრინციპით გაიცემა, როგორც წინა თამაშებისას იყო.

მოგეხსენებათ, ამ ოლიმპიადისთვის ვაჟთა და ქალთა წონები რაოდენობრივად ერთმანეთს გაუთანაბრდა და სამივეში სულ 18 კატეგორია იქნება.

აქამდე თუ ვაჟები თამაშებზე 7-7 წონაში გამოდიოდნენ, ქალები კი - მხოლოდ 4-ში, ქალთა უფლებების დაცვისა თუ გაზრდის მომხრეთა ზეწოლით, ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ ვაჟების ორივე სახეობას თითო წონა ჩამოაკლო, ანუ 6-6 დაუტოვა, ეს ორი კი ქალებს დაუმატა და მამაკაცებს გაუთანაბრდა.

ასე მოგროვდა
18 წონა, რაც "თავისუფლებში" 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებია, "ბერძენ-რომაელებში" - 59, 66, 75, 85, 98 და 130, ქალებში კი 48, 53, 58, 63, 69 და 75 წონითი კატეგორიები.

ოღონდ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ამათ 2-2, ეგრეთ წოდებული არაოლიმპიური წონები ემატება.

"თავისუფალში" ესაა 61 და 70 კილოგრამები, ბერძნულ-რომაულში - 71 და 80, ხოლო ქალებში - 55 და 60. ცოტა არ იყოს, კონსერვატიული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყოველთვის დიდი სიძუნწით ანაწილებს თითოეულ საწოლს, თითოეულ თეფშს ოლიმპიურ სოფელში და მუდამ ცდილობს, რაც შეიძლება შეზღუდოს მონაწილეთა რაოდენობა. თან ამას ახალი სახეობების მზარდი ამბიციაც ემატება, რომლებიც სულ უფრო აქტიურად მიისწრაფვიან ოლიმპიური ოჯახისკენ და სოკ-იც ახლების მისაღებად ძველებს ავიწროებს, მათ ართმევს ადგილებს.

ამ ყველაფერს თავად საჭიდაო ოჯახის გაუგონარი მიამიტობაც ემატება, რამაც ჭიდაობა იქამდე მიიყვანა, ლამის საერთოდ ამოიღეს ოლიმპიადის პროგრამიდან.

ცხადია, სოკ-ს სათქმელიც ჰქონდა და კორუმპირებულ, სანახაობრივად უკიდურესად გაღარიბებულსა და მაყურებლის გარეშე (არაფერს ვამბობთ ტელევიზიებზე) დარჩენილ ჭიდაობას იოლად წაართვა ადგილები.

ამ პირობებში საკუთარ ფალავნებზე ისევ საერთაშორისო ფედერაციამ იზრუნა და სწორედ მან დაამატა ის 2-2 წონა, რათა რაც შეიძლება, მეტ სპორტსმენს მიეცეს თავის გამოჩენის, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის საშუალება. თუმცა ეს მხოლოდ მისი ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე ვრცელდება, სოკ-ის მიერ ორგანიზებულს კი ვერაფერს დააკლებს.

სოკ-ის გადაწყვეტილებითვე შემცირდა მონაწილეთა რაოდენობა ცალკეულ წონებში ჯერ კიდევ ლონდონის თამაშებისთვის და მათი რიცხვი ბრაზილიაშიც 19-20 კაცი იქნება.

რიო დე ჟანეიროში სამივე სახეობაში ჯამში 344 სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი. აქედან ვაჟებში - 228, ქალებში - 108. იმ 344 სპორტსმენიდან 336 სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოვლინდება, 8 კი ეგრეთ წოდებული ველური ბარათით მოხვდება თამაშებზე.

სალიცენზიო ტურნირები ამჯერადაც 4-ეტაპიანი იქნება. ამ რანგის შეჯიბრებები გაისად დაიწყება და 2016 წელს დასრულდება: 1) მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატი; 2) 2016 წლის რეგიონული პირველობები (ევროპის, ამერიკის, აზიისა და აფრიკა-ოკეანიის ჩემპიონატები); 3) I საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი; 4) II საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი.

აქ განსხვავება ისაა, რომ ამჯერად აღარ ჩატარდება სალიცენზიო შეჯიბრება ცალკეული რეგიონების მიხედვით.

მაგალითად, ადრე ტარდებოდა საერთაშორისო და რეგიონული სალიცენზიოები, ოღონდ რეგიონულში მხოლოდ იმ კონტინენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სხვებს არ ჰქონდათ ჭიდაობის უფლება.

კონტინენტურ პირველობებზე ოთხივე ზემოდასახელებული კონფედერაცია (თუმცა მიაქციეთ ყურადღება - ოკეანია და აფრიკა, რომლებსაც ცალ-ცალკე ფედერაციები აქვთ, სალიცენზიოში ერთად გამოვლენ) თანაბარი რაოდენობის, 36-36 კვოტას მიიღებს. ოღონდ აქაც გაუმართლებელი გვგონია, იგივე ოკეანია-აფრიკა რატომ უნდა იყოს სხვებთან გათანაბრებული, როცა სიძლიერით ბევრად ჩამორჩება მათ.

მართალია, ბოლო წლებში აფრიკელებმა მოუმატეს და წინა ციკლში მსოფლიოს ჩემპიონატზე ლიცენზიებიც მოიპოვეს, მაგრამ ჯერ მაინც საგრძნობლად ჩამორჩებიან დანარჩენებს.

ვერ გეტყვით, რამდენად ერევა სოკ-ი რეგიონების მიხედვით კვოტების განაწილებაში - ეს უფრო საერთაშორისო ფედერაციების საქმეა, თუმცა გარკვეული მეთვალყურის ფუნქცია სოკ-ს ნამდვილად ექნება. ამასთან, ეტყობა, ორივე ზემოხსენებული ორგანიზაცია ანგარიშს უწევს ბოლო დროის ტენდენციას, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისა და როლის გაზრდის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობს ეგრეთ წოდებული მესამე სამყაროს, განვითარებადი ქვეყნების განვითარებას, ამ სიაში კი აფრიკას სოლიდური როლი აკისრია.

ცხადია, მათთვის ამხელა პრივილეგიის მინიჭება ამ ქვეყნებში ჭიდაობის განვითარების სურვილითაა განპირობებული, მაგრამ მათი განვითარებისთვის ზრუნვა სხვაგვარად შეიძლება, სპორტული სამყაროს უმნიშვნელოვანეს ტურნირზე - ოლიმპიურ თამაშებზე უსუსტეს მონაწილეებს არ უყურო.

მათთვის სტიმულის მისაცემად სხვა გზებიც არსებობს, რასაც აქტიურად ადგას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია - ისინი აქტიურად განიხილავენ მოდელს, რომ შედარებით დაბალი კლასის ძიუდოისტები მაქსიმალურად აარიდონ არათუ ოლიმპიადას ან თუნდაც ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს, არამედ მაღალი რანგის კომერციულ საერთაშორისო ტურნირებსაც კი (მასტერსი, "დიდი მუზარადი" და დიდი პრიზი"). თან ცდილობენ, ეს ისე გააკეთონ, რომ დამწყებმა ქვეყნებმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ, ანუ მათი უფლებების დაცვაზეც ზრუნავენ.

თუმცა ჭიდაობაში გასათვალისწინებელია კვოტების საკითხი (უნდა ჩაეტიონ ამ ნიხრში) და ისიც, რომ თითო ქვეყანას წონაში მხოლოდ ერთი კაცის გამოყვანა შეუძლია.

დავუბრუნდეთ ისევ ლიცენზიების განაწილებას, რომელთა უმეტესობაც გაისად ლას ვეგასში 7-13 სექტემბერს გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიცემა - 108 საგზური. მათ წონაში 6-6 საუკეთესო ათლეტი მიიღებს.

რეგიონულ პირველობებზე ლიცენზიებს ფინალისტები მიიღებენ და ამ გზით საგზურების მფლობელთა რიგებს 144 ფალავანი დაემატება, დანარჩენები კი თამაშებზე მოხვედრას დარჩენილ ორ საერთაშორისო ტურნირში ეცდებიან.

პირველი სალიცენზიო შეჯიბრება 22-24 აპრილს გაიმართება, მეორე - 6-8 მაისს, ოღონდ ჯერ მასპინძელი ქვეყნები დადგენილი არაა. პირველის მასპინძლობაზე პრეტენზიას ეგვიპტე, უნგრეთი და მონღოლეთი აცხადებენ, მეორისაზე - ისევ ეგვიპტე, უნგრეთი, თურქეთი და ყაზახეთი.

პირველში ლიცენზიას წონის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს (სულ - 48 სპორტსმენი), მეორეში - მხოლოდ ფინალისტები, ანუ 36 ათლეტი. ცოტა გაურკვეველია, პირველ შემთხვევაში როგორ აარჩევენ სამ საუკეთესოს, როცა ოთხი მედალი გაიცემა.

სავარაუდოდ, ბრინჯაოს პრიზიორთა შორის დამატებით მაჩვენებლებს დაითვლიან - ვის მეტი წმინდა მოგება აქვს, ვინ მეტი ქულა დააგროვა ან, პირიქით, ნაკლები დაკარგა, ტექნიკური ქულები და ასე შემდეგ, რითაც მათ შორის საუკეთესო გამოვლინდება.

ყოველ შემთხვევაში, წინა ოლიმპიურ ციკლში ასე იყო. აქვე იმასაც განვმარტავთ, რომ სპეციალურად გამართულ საერთაშორისო სალიცენზიო შეჯიბრებებში ცალკეულ წონებში მხოლოდ უსაგზუროდ დარჩენილი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, ანუ ვისაც მოპოვებული ექნება ლიცენზია, მისი წარმომადგენელი ვეღარ იჭიდავებს. სავარაუდოდ, საგზური ისევ ფედერაციის საკუთრება იქნება და არა სპორტსმენის. ანუ შეიძლება ლიცენზია ერთმა მოიპოვოს, მაგრამ მწვრთნელს უფლება ექნება, მის ნაცვლად თამაშებზე სხვა წაიყვანოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული