ლუკა კურტანიძეს უკვორუმო სხდომით პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერეს

AutoSharing Option
24 ნოემბერს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის დახურული სხდომა გაიმართა და გარკვეული გადაწყვეტილებებიც მიიღეს - უფლებამოსილება შეუჩერდა ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს და დაინიშნა ვადამდელი საარჩევნო ყრილობა, თუმცა, ვეჭვობთ, ეს გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლე იყოს.

საქმე ისაა, რომ კვორუმი არ შედგა - 37 წევრიდან საჭირო 30-ის ნაცვლად 25 ძლივს მოგროვდა, რასაც ორი უფლებამოსილიც დაემატა, ანუ სხვებს მიანდეს მათი ხმით სარგებლობის უფლება, თუმცა ამბობენ, რომ დებულება ამგვარ შეღავათს მხოლოდ ყრილობაზე ითვალისწინებს და არა რიგით სხდომაზე.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს აბსოლუტურმა უმეტესობამ დაუჭირა მხარი, მხოლოდ 2 ხმა
იყო წინააღმდეგი, მაგრამ საკითხავია, რამდენად მიეცემა იურიდიული უფლება უკვორუმო პრეზიდიუმის დადგენილებას? ეს რომ სამართლებრივი ლაფსუსია, ამას მისი მხარდამჭერებიც აღიარებენ, მაგრამ მათი არგუმენტი ასეთია: კურტანიძემ წინა სხდომაზეც 25 ხმით, ანუ ნაკლული კვორუმით მიიღო გადაწყვეტილებები და თუ ისინი აღიარეს და დაუმტკიცეს, მაშინ ესეც აღიარონო.

პრეზიდიუმის სხდომა 24 ნოემბერს, ჭიდაობის ფედერაციის ოფისში, 14 საათზე იყო დანიშნული, თუმცა იმ დროისთვის იქ მხოლოდ 19 წევრი გამოცხადდა. ეს 25 კაციც კარგა ხნის დაგვიანებით, ბევრი რეკვისა და თხოვნის შემდეგ მოგროვდა.

პარალელურად, ვრცელდებოდა ხმები, რომ პრეზიდიუმის წევრებზე ვიღაცები ზეწოლას ახდენდნენ და ამიტომ არ გამოცხადდნენ სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ შეკრებას არც კურტანიძე დასწრებია.

ვადამდელი არჩევნების სავარაუდო თარიღად 26 დეკემბერი დაადგინეს, თუმცა არაა გამორიცხული, ამ ვადამ რამდენიმე ხნით გადაიწიოს და ნაახალწლევს გაიმართოს.

პრეზიდიუმმა ასევე დაადგინა, რომ გაუქმდეს კურტანიძის მიერ 22 სექტემბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ იმ დღეს სამინისტროში გამართული პრეზიდიუმის ზესკანდალური სხდომის შემდეგ (სწორედ მაშინ იყო კვერცხების სროლა) დაიგეგმა გუშინდელი შეხვედრა, მანამდე კი კურტანიძეს აეკრძალა ყოველგვარი საკადრო გადაადგილება.

ამის მიუხედავად, მაინც დანიშნა ახალი მწვრთნელები, რამაც მინავლებული კონფლიქტი ახალი ძალით ააბრიალა. თუ პრეზიდიუმი 22 სექტემბრის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს ანულირებას უკეთებს, გამოდის, ზაზა თურმანიძეს და რომან რურუასაც უნდა შეუჩერდეთ სტატუსი.

პრეზიდიუმს მათ საკითხზე საგანგებოდ არ უმსჯელია, თუმცა ისინი მაინც აგრძელებენ მუშაობას, რათა არ შეფერხდეს ნაკრებთა მზადების პროცესი.

ერთი სიტყვით, ქართულ საჭიდაო ოჯახში, ანუ ოლიმპიურ ჭიდაობებში მდგომარეობა ასე მოლოდინად ქცეული 24 ნოემბრის შემდეგაც გვარიანად ბუნდოვანი დარჩა და გაურკვევლობა ბოლომდე არ გაფანტულა.

არადა, დრო არ ითმენს და მეტად მნიშვნელოვანი სეზონი დაუკითხავად გვიახლოვდება, როცა ოლიმპიადის ლიცენზიები უნდა გაიცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოროტი და ეშმაკი ხალხის თავყრილობას გავს ეს ყველაფერი!
გურუLO
23:49 26-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული