თავისუფალი ჭიდაობა. ჭაბუკები: ოქრო-ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
სარაევოში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორის, სადაც 26 ივლისს ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა - თითო ოქრო-ვერცხლი.

კონტინენტის ჩემპიონი ამჯერად გორელი გიორგი გეგელაშვილი (46) გახდა, ვერცხლს კი ამბროლაურელი ვლადიმერ გამყრელიძე (54) დაეუფლა.

ამდენად, გია კვინიკაძის კრებულმა ბოსნიაში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლით დაასრულა: 2 ოქრო, ამდენივე ბრინჯაო და 1 - ვერცხლი.

ტურნირის სტარტზე ჩვენს ნაკრებს წარმატება ქუთაისელმა მჩატეწონოსანმა გიორგი ჭოლაძემ (42) დაუბედა, ვინც პირველ დღეს ფინალში გავიდა და მერე იქაც წარმატებით იჭიდავა. იმავე დღეს მესამე პრიზიორები
ქობულეთელი თორნიკე ქათამაძე (58) და თბილისელი დავით ქოჩქიანი (85) გახდნენ.

ბრინჯაოს მოპოვების შანსი 26 ივლისს ამბროლაურელ გიორგი ელბაქიძესაც (63) ჰქონდა, მაგრამ დამამშვიდებელში დამარცხდა და მეშვიდეზე გავიდა.

ასეთი შედეგის მიუხედავად, გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები 52 ქულით მეოთხეა. ჩემპიონი, რაღა თქმა უნდა, რუსეთი გახდა 89 ქულით და "მარათონულ დისტანციაზე" ჩამოიტოვა 61-ქულიანი აზერბაიჯანი. მესამეზე 60-ით თურქეთი გავიდა.

გეგელაშვილს მართლაც ჩინებულად ჩატარებული წინასწარი შეხვედრების შემდეგ გუშინ ფინალში მეტოქედ რუსი მაგომედ აბდურახმანოვი ჰყავდა, ვინც "სუფთა" ასაკით გამოვიდა საჭიდაოდ - ზედვე ეტყობოდა, რომ ჩვენებურივით პირტიტველა ჭაბუკი იყო.

ქართველმა მასთან ისე ვერ გაილაღა, როგორც - წინასწარებში, სადაც ორჯერ წმინდად გაიმარჯვა, თუმცა ეს არცაა გასაკვირი - ამ რანგის ტურნირის ფინალში შემთხვევით ვერავინ გავა, ხოლო რუსებს სუსტი სპორტსმენი რომ არ ეყოლებოდათ, ამაზე საუბარიც არ ღირს. ჩვენებურმა ფინალი 5:2 მოიგო, თუმცა საამისოდ მეტოქესთან ერთად მსაჯების ძლევაც დასჭირდა.

თავიდან რუსი უფრო აქტიურობდა - კარგად უბლოკავდა ხელებს ჩვენებურს, რომელიც უფრო თავდაცვაზე ჭიდაობდა, თუმცა, როგორც კი გააქტიურდა და წინ წავიდა, მაშინვე შევიდა ფეხში.

ოღონდ ფეხიდან აყვანილის ილეთზე გადაგდება ძალიან გაუჭირდა - ვიდრე ისევ ჩაიყვანდა დაბლა, კარგა ბევრი დრო და ენერგია დახარჯა, თუმცა, საბედნიეროდ, საწადელს მიაღწია და პირველი ორი ქულაც მიიღო: 2:0. შეხვედრის დგომში გაგრძელებას რუსის გააქტიურება მოჰყვა, გეგელაშვილი კი რატომღაც ძალიან იოლად უთმობდა თავს და, შესაბამისად, ინიციატივასაც მეტოქეს. კიდევ კარგი, დაცვასაც კარგად ახერხებდა და რამდენჯერმე თითქოს გამოუვალი მდგომარეობიდან დაუძვრა. ამის მიუხედავად, პირველი პერიოდის ბოლოს რუსმა თავგანწირული შეტევით მაინც ჩაიყვანა ჩოქბჯენში და გაათანაბრა ანგარიში, თუმცა ბოლო ქულის წესი მას აძლევდა უპირატესობას.

გეგელშავილმა პირველი პერიოდი თუ "მეორე ნომრად" ჩაატარა, მეორეში გააქტიურდა და ბოლო 30 წამში ფეხიდან აყვანის შემდეგ კიდეც ჩაიყვანა ჩოქბჯენში, კიდეც დაატრიალა, მაგრამ მსაჯი ჯიუტად არ იმეტებდა შეფასებას, ვიდრე დასრულებამდე 11 წამით ადრე მაგიდის მსაჯმა ორი ქულა არ მიაცემინა. ეს რუსებმა გააპროტესტეს, რაც მსაჯებმა არ დააკმაყოფილეს და გეგელაშვილს კიდევ ერთი ქულა დაუმატეს: 5:2 მის სასარგებლოდ და ევროპის ჩემპიონიც გახდა.

სამწუხაროდ, გამყრელიძემ გუშინ ვერ შეინარჩუნა წინა დღის შემართება და უკრაინელ ანდრეი ჯელეპთან 0:4 დამარცხდა.

ელბაქიძემ დამამშვიდებელში ერთი შეხვედრა მოიგო - მაკედონიელ ორხან ხაფერისთან წმინდად, 10:0 იმარჯვა, თუმცა გერმანელ ტინო რეტინგერთან ძალზე დასანანად, 4:4-ზე დამატებითი მაჩვენებლებით წააგო და გავარდა.

გუშინვე გოგოების ტურნირში თბილისელი თამარ ხოჯაშვილიც (56) გამოვიდა, თუმცა პირველივე შეხვედრა წააგო პოლონელ ანგელიკა აგნიეშკა მიტკოვსკასთან - 2:8 და გამოვარდა.

ახლა სარაევოში სწორედ გოგოების ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ერთი მონაწილე დაგვრჩა: გორელი მარიამ კარელიძე (40), ვინც ხვალ იჭიდავებს.

ორ დღეში ჩემპიონატში ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან. ჩვენი ნაკრები ხვიჩა ქორიძის ხელმძღვანელობით იქ ასეთი შემადგენლობით გამოვა:

42 კგ. დიმიტრი ხაჩიძე (ბორჯომი)
46 კგ. გურამ აბრამაშვილი (ნორიო)
50 კგ. აკაკი ოსიაშვილი (ნორიო)
54 კგ. ბექა გურული (რუსთავი)
58 კგ. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)
63 კგ. ოთარ აბულაძე (ხულო)
69 კგ. დავით სოლოღაშვილი (მარტყოფი)
76 კგ. გიორგი ცოფურაშვილი (ნორიო)
85 კგ. ლუკა ხუციშვილი (მარტყოფი)
100 კგ. ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული