ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ურთაშვილის მარცხი და ბრინჯაო წყვილად

AutoSharing Option
დორტმუნდში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში გამოსვლა ჩვენმა ნაკრებმა 5 მედლით დაასრულა: პირველ დღეს მოპოვებულ 3 ჯილდოს (სამივე სინჯის თითო მედალი) 28 ივნისს ორი ბრინჯაო დაუმატეს გორელმა თეიმურაზ ვანიშვილმა (50) და ხარაგაულელმა ზაურ ბერაძემ (84).

ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქონდა გუნდის გამოკვეთილ ლიდერს, მცხეთელ ზურაბ ურთაშვილს (120), თუმცა მოულოდნელად დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. მისი წაგება მოულოდნელი ჯერ კიდევ ნახევარფინალში იყო რუსთა მომავალ ჩემპიონ მაგომედამინ დიბიროვთან...

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ევროპის ჩემპიონი მცხეთელი გივი მაჭარაშვილი (96) გახდა, ამბროლაურელი ნიკოლოზ კენჭაძე (74) ვერცხლს
დასჯერდა, სამტრედიელი ედემი ბოლქვაძე (60) კი მესამეზე გავიდა.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები 52 ქულით მესამეზე გავიდა რუსეთისა (67) და აზერბაიჯანის (58) შემდეგ.

28 ივნისს ოთხი ჩვენებურიდან ნახევარფინალში ორი გავიდა - ვანიშვილი და ურთაშვილი. ვანიშვილმა მერვედფინალში 6:3 დაამარცხა თურქი ერტუგრულ კაჰვეჩი, მერე კი ფრანგი არმან ელოიანი დადო ბეჭებზე. ნახევარფინალში 4:8 წააგო ბულგარელ მიკაილ სალიმ ნაიმთან, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი 8:6 მოუგო რუს ალიკ ხადარცევს.

ბერაძე, ვინც ნიკოლოზ კენჭაძის მსგავსად, თბილისში, ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში ვარჯიშობს, საკვალიფიკაციო ეტაპზე ისვენებდა, მერვედფინალში კი წმინდად, 10:0 მოუგო მაკედონიელ მიხაილ ნიკოლოვს. სამწუხაროდ, მერე ასეთივე ანგარიშით თავად დამარცხდა აზერბაიჯანელ გაჯიმურად მაგომედსაიდოვთან და მოგვიანებით სანუგეშო წრეში გადაერთო. იქ იტალიელ გაბრიელე დოროს ასევე 10:0 აჯობა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი სომეხ ჰოვანეს მხითარიანს 8:5 მოუგო.

ურთაშვილმა წაგებამდე ძლიერად გაიარა გზა. არადა, პირველივე შეხვედრა დატვირთული გამოუვიდა - აზერბაიჯანელ უმარ ისრაილოვს 9:6 მოუგო. მეოთხედფინალში შვედ ფარდინ ანოშენს ანგარიში გაუბათილა და საბოლოოდ ქულებით წმინდად, 12:2 აჯობა, დიბიროვთან კი, მსაჯთა დამსახურებით, 2:2-ზე დამარცხდა. მან ბრინჯაოსთვის შეხვედრაც ქულათა თანაბრობისას, 6:6-ზე დათმო მოლდოველ სამან ჯაბრაილოვთან.

28 ივნისს ჩვენგან ნაადრევად მხოლოდ ქუთაისელი მირზა სხულუხია (66) დამარცხდა.

29 და 30 ივნისს დორტმუნდში გოგონები იჭიდავებენ. ჩვენ მონაწილე არ გვეყოლება, შაბათ-კვირას კი "ბერძენ-რომაელების" ჯერია.

თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში
50 კგ.
1. მუხამმადხონ მუხამმადხონი (რუსეთი); 2. საჰინ მუხტაროვი (აზერბაიჯანი); 3. კარენ ზურაბიანი (სომხეთი), ჰორსტ იუსტინ ჯუნიორ ლერი (გერმანია).

55 კგ.
1. აფგან ხაჩალოვი (აზერბაიჯანი); 2. მიკაილ სალიმ ნაიმი (ბულგარეთი); 3. თეიმურაზ ვანიშვილი (საქართველო), არსენ ჰარუთინიანი (სომხეთი).

60 კგ.
1. ალი რაჰიმზადე (აზერბაიჯანი); 2. ანდრეი იაცენკო (უკრაინა); 3. ედემი ბოლქვაძე (საქართველო), აბდულა ახმედოვი (რუსეთი).

66 კგ.
1. ანზორ ზაკიევი (რუსეთი); 2. მაჰალ ნოვრუზოვი (აზერბაიჯანი); 3. ჯემალ რუშენ ალი (ბულგარეთი), ცაბა ვიდა (უნგრეთი); 8. მირზა სხულუხია (საქართველო).

74 კგ.
1. რუსტამ მაგომედოვი (რუსეთი); 2. ნიკოლოზ კენჭაძე (საქართველო); 3. მუჰამეტ ლუტფი ქუჩუკილდირიმი (თურქეთი), ახსარბეკ გულაევი (სლოვაკეთი).

84 კგ.
1. გაჯიმურად მაგომედსაიდოვი (აზერბაიჯანი): 2. გაჯიმაგომედ ნაჟმუდინოვი (რუსეთი); 3. ზაურ ბერაძე (საქართველო), ოსმან გოცენი (თურქეთი).

96 კგ.
1. გივი მაჭარაშვილი (საქართველო); 2. სიმონე იანატონი (იტალია); 3. მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი (აზერბაიჯანი), დმიტრი ჩეჩუსტა (მოლდოვა).

120 კგ.
1. მაგომედამინ დიბიროვი (რუსეთი); 2. ჰოვანეს მაგაკიანი (სომხეთი); 3. სამან ჯაბრაილოვი (მოლდოვა), იაკუბ ბრილევსკი (პოლონეთი); 5. ზურაბ ურთაშვილი (საქართველო).
მკითხველის კომენტარები / 1 /
არასწორია წააგეს! სწორია წააგებინეს!
gurami
11:49 29-06-2017
0

სიახლეები პოპულარული