თავისუფალთა ნაკრები: დავით მარსაგიშვილის მორიგი ოპერაცია და დანაკლისი

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილმა (86) ისევ ოპერაცია გაიკეთა, ამჯერად - მუხლის მყესებზე, რამაც ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი 10-11 ივნისს თბილისში გასამართავ ვახტანგ ბალავაძის სახელობისა და გივი კარტოზიას ხსოვნის ტურნირს გამოაკლო.

შეგახსენებთ, რომ მარსაგიშვილმა ევროპის ჩემპიონატამდე მხარზე გაიკეთა ოპერაცია, რამაც მის მზადებას თავისი კვალი დაატყო, პარასკევს კი მუხლის გამო გახდა ექიმთა პაციენტი.

სამწუხაროდ, მარსაგიშვილი არ არის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძის ერთადერთი საწუხარი - მუხლის მყესების პრობლემების გამო ბალავაძის ტურნირს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი
ლიდერი ოთარ გოგავა (57) დააკლდება.

მოგეხსენებათ, მან ტრავმა ახლახან მიიღო დაღესტანში, ჩაროდინის რაიონის (სხვათა შორის, აქაურია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი) სოფელ ცურიბში გამართულ ახმედ აბდულმეჯიდოვის მემორიალში. თანაც, პირველივე წრეში, როცა "გუნდი-გუნდზე" ფორმატით მიმდინარე ტურნირზე სასტარტო შეხვედრას ატარებდნენ რუსებთან. ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ გოგავამ სხვა შეხვედრები ვეღარ ჩაატარა და რადგან ამ წონაში არც მისი შემცვლელი გვყავდა, მომდევნო პაექრობებს ერთქულიანი სხვაობით ვიწყებდით.

თუმცა კონკურენციის თვალსაზრისით, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იანტბელიძეს უფრო დიდი პრობლემა სწორედ 57-ში აქვს, თორემ 86-ში მარსაგიშვილს საკმაოდ ძლიერი რეზერვი ჰყავს: ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი სანდრო ამინაშვილი, 23-წლიანებში ევროპის და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ირაკლი მწითური, ქვედა წონიდან ამონაცვლებული ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი დავით ხუციშვილი და სხვები.

თუნდაც წლევანდელ ტურნირებში რასაც ვუყურებდით, მარსაგიშვილი მათზე მინიმუმ, ორი-სამი ნაბიჯით წინაა, მაგრამ მედალზე ბრძოლა ნებისმიერ მათგანს შეუძლია, 57-ში კი ბევრად რთული ვითარებაა. მართალია, ბექა ბუჯიაშვილი და სხვა კონკურენტები აქაც არიან, თუმცა საერთაშორისო არენაზე თავის ღირსეულად წარმოჩენა ვერავინ შეძლო. თვით გოგავამაც კი, ვინც საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია.

იქნებ სწორედ ამიტომაც, სამწვრთნელო შტაბი თადარიგს იჭერს და გადაწყვიტეს, 61 კილოგრამში ევროპის ფინალისტ ბექა ლომთაძეს წონა დააკლებინონ და მსოფლიოს ჩემპიონატზე 57-ში აჭიდაონ. თუმცა ეს სურვილია და არა დოგმა - მათაც კარგად ესმით, ეს რაოდენ რთული საქმეა და ამიტომ ექიმთა მეთვალყურეობით დააკვირდებიან წონის კლების პროცესს, რამდენად გეგმაზომიერად და სპორტსმენისთვის უმტკივნეულოდ წარიმართება ის. ამ გზაზე თუ რამე ხარვეზი გამოჩნდება, მაშინ განზრახვაზე ხელს აიღებენ, მაგრამ სადღეისოდ რთული საკადრო ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალად ეს მიიჩნიეს. ხოლო თუ რატომ აკლებინებენ 57-ში და არ აყენებენ 61-ში, ვფიქრობთ, ჭიდაობის ყველა ქომაგისთვის გასაგებია - 61-ში ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ოლიმპიადის გამარჯვებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გამოდის.

ჯერჯერობით გამოჯანმრთელების და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კონკურენციაში ჩართვის რაღაც შანსი ორივე ტრავმირებულ სპორტსმენს რჩება - მარსაგიშვილსაც და გოგავასაც. მათი ბედი ექიმთა ხელთაა, თუმცა მწვრთნელები თადარიგს მაინც იჭერენ. ეგეც არ იყოს, გამოჯანმრთელება რომც მოასწრონ, ფორმაში შესვლა ნამდვილად საკითხავია - მსოფლიოს ჩემპიონატი 21-26 აგვისტოს პარიზში ტარდება, იქამდე კი ამხელა გლობალური გარდაქმნებისთვის ნამდვილად მცირე დროა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი მოხვედრის შანსებსაც ეს ამცირებს.

ბალავაძის ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევი შეჯიბრებაა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად მომდევნო შეჯიბრებებიც მნიშვნელოვანი იქნება. ოღონდ ევროპის წლევანდელი პირველობის ოთხ მედალოსანს - გამარჯვებულ ხინჩეგაშვილსა და ბრინჯაოსპრიზიორებს: ზურაბ იაკობიშვილს (65), ელიზბარ ოდიკაძეს (97) და გენო პეტრიაშვილს (125) მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლა გარანტირებული აქვთ, კონკურენცია დარჩენილ ოთხ წონაში გაგრძელდება. შესაბამისად, ზემოდასახელებული ოთხეული ივნისში არც ბალავაძის ტურნირზე იჭიდავებს თბილისში, ყველა დაისვენებს.

ხინჩეგაშვილს ევროპის ჩემპიონატის მერე არც დაუსვენია, თბილისში ჩამოსვლისთანავე ამერიკაში გადაფრინდა, სადაც მასტერკლასებზე მიიწვიეს. ის რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოში და დასვენება მართლაც არ აწყენს. მით უფრო, თავის წონაში დასამტკიცებელიც არაფერი დარჩა.

მწვრთნელებს პეტრიაშვილიც მოდუნებული ეჩვენებათ და თავად შესთავაზეს მას ამ ტურნირის გამოტოვება, ყოველდღიურადაც შედარებით ნაკლებად ტვირთავენ. ასევე იაკობიშვილსაც არაფერი აქვს დასამტკიცებელი - ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ხარისხიანი გამოსვლის შემდეგ დაღესტანშიც კარგად იჭიდავა, სადაც მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო.

ოდიკაძეს არც დაღესტანში უჭიდავია, თუმცა მწვრთნელები ახლაც ასვენებენ და სამომავლო ბატალიებისთვის ამზადებენ. სხვა წონებში უკლებლივ ყველა ლიდერი გამოვა, რადგან გადასაწყვეტია ლიდერთა საკითხი.

ბალავაძის ტურნირამდე, რომელიც ჩვენი ფალავნებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, როგორც საშინაო სტარტი, ნაკრები საგანგებო შეკრებას არ გაივლის, ყველა სპორტსმენი თავ-თავის პირად მწვრთნელთან ერთად მოემზადება. ამასთან, უკვე დღეიდან სამწვრთნელო შტაბი ცალკეულ ლიდერთა პერსონალურ სამედიცინო გამოკვლევას იწყებს.

ბალავაძის სახელობის ტურნირის მომთავრების შემდეგ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მიზანმიმართულ, საგანგებო მზადებაზე გადავა. გუნდი ჯერ სომხურ წახკაძორში გაივლის საერთო-ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას, მერე კი სამშობლოში გააგრძელებს მზადებას და პარიზში წასვლამდე აქ გამართავს ორ შეკრებას - ბორჯომსა და დუშეთში, თუმცა რიგითობა შეიძლება შეიცვალოს.

აგვისტომდე ტურნირშიც გამოვლენ - ნაწილი 7-9 ივლისს ვარშავაში ციოლკოვსკის მემორიალში გამოვა, ნაწილი კი 14-16 ივლისს ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირში იჭიდავებს. ოღონდ ბაქოს ტურნირში მონაწილეობა კვოტირებულია - იწვევენ მხოლოდ ევროპის პირველობის მედალოსნებს, თუმცა გარკვეულ შეღავათებს ლამის მუდმივად უშვებენ. ჩვენებმაც უკვე მიმართეს კითხვით მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულ ფედერაციას, იქნება თუ არა ამჯერადაც მსგავსი გამონაკლისები, თუ არადა, ბაქოში ხინჩეგაშვილი, იაკობიშვილი, ოდიკაძე და პეტრიაშვილი გამოვლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული