U23. ევროპის ჩემპიონატი: ჩინებული სტარტი - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო

AutoSharing Option
უნგრულ სომბათჰეიში 28 მარტს დაწყებულ 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატში დიდი წარმატებით ჩაება ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები: პირველივე დღეს სტარტზე გასული ოთხი ქართველისგან სამი ნახევარფინალში გავიდა, ზურაბ ჭიღლაძის შეგირდებმა კი საბოლოოდ 3 მედალი მოინადავლეს: 2 ოქრო და 1 ბრინჯაო.

ჩემპიონები ამბროლაურელი ავთანდილ კენჭაძე (74) და მცხეთელი გივი მაჭარაშვილი (97) გახდნენ, ბრინჯაოს კი სამტრედიელი ივერიკო ჯულაყიძე (65) დაეუფლა.

ვერაფერს იტყვი, მშვენიერი დასაწყისია - როგორც ხარისხობრივად, ასევე - რაოდენობრივად. არადა, "თავისუფალთა" ტურნირი დღეს დასრულდება, საქმეში კი ჩვენი მთავარი იმედი და თვით ევროპელთა მიერ
ტურნირის გამოკვეთილ ფავორიტად აღიარებული მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ჩაებმება - ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორი.

ოქროს ბიჭები
შეიძლება ითქვას, ჩემპიონთა დუეტიდან ორივემ ადვილად მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა, თუმცა მაჭარაშვილმა შედარებით იოლად გაიარა საჩემპიონო გზა.

კენჭაძემ პირველ წრეში იოლად დაამარცხა ფინელი ჰენრი ალექსი სელენიუსი, თუმცა ბოლოს ცოტა კი გაუჭირდა. ჩვენებურს იოლად აჰყავდა ფეხიდან და საყრდენზე გამოკვრასაც ახერხებდა (თუმცა ერთი-ორჯერ გაუჭირდა), წრიდანაც გაჰყავდა და მთელი შეხვედრა მისი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო ნახევარ წუთში, როცა 9:4-ს იგებდა, თითქოს დროის გაყვანაზე დაიწყო ზრუნვა - ორჯერ გავიდა წრიდან და პასიურობისთვის დასაჯეს: 9:7. ამის შემდეგ ისევ შეუტია და მშვენიერ 4-ქულიანზეც გადააგდო მეტოქე, საბოლოოდ კი, 13:8 მოიგო. შემდეგ თურქ ნური თემურს 7:4 მოუგო, ნახევარფინალში კი ბულგარელ ენგინ რაშიდ ისმაილს უდიდესი უპირატესობით, 14:1 აჯობა.

კენჭაძეს ფინალში ანგარიშგასაწევი მეტოქე ჰყავდა - საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ჩეჩენი ზელიმხან ხაჯიევი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე. ის აკი თავიდან დაწინაურდა კიდეც - 2:0, მაგრამ კენჭაძე არათუ კენჭივით, კლდესავით მაგარი გამოდგა - 15 წამით ადრე ფეხიდან აყვანილი 4-ქულიანზე გადააგდო და 4:2 იმარჯვა.

როგორც ვივარაუდეთ, მაჭარაშვილს ფინალამდე ყველაზე უხერხული მეტოქე პირველივე წრეში ერგო - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი, უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველი მურაზ მჭედლიძე. მცხეთელ მომავალ ფინალისტს ყველაზე დაძაბული ორთაბრძოლა მასთან ჰქონდა, თორემ დანარჩენებს გაცილებით იოლად აჯობა.

მაჭარაშვილმა პრინციპულ მეტოქესთან წარმატებას კომბინაციური ილეთით მიაღწია - ფეხში შესვლიდან აყვანილს ჩოქბჯენში აგდებდა და იქ ატრიალებდა. ეს კომბინაცია ორჯერ გააკეთა წარმატებით, ანუ ორჯერ მიითვალა კომბინაციური ოთხი ქულა. თავიდან მჭედლიძე 2:0 დაწინაურდა, მაგრამ პირველი პერიოდის მიწურულს ჩვენებურმა სწორედ ზემოაღნიშნული ხერხით გაქვითა ანგარიში, მეორედ კი იგივე მეოთხე წუთზე გაიმეორა. შუალედში მჭედლიძემაც მოახერხა ფეხიდან აყვანა და თან შედეგიანადაც გამოჰკრა საყრდენ ფეხზე, რითაც ანგარიში 4:8 გახადა. ის ჩვენებურის ფეხში შესვლას ჯვარედინი მოვლებიდან თავს უკან გდებას უპირისპირებდა, მაგრამ ამან წარმატება მხოლოდ ბოლო წამზე მოუტანა და ისიც დიდი წვალების შემდეგ დაუფიქსირეს მსაჯებმა: 8:6 მაჭარაშვილის სასარგებლოდ.

მეოთხედფინალში მაჭარაშვილმა გაცილებით იოლად დაჯაბნა რუმინელი ვასილე ვლად კარასი (მას ისედაც უგებდა დიდი ანგარიშით, როცა ბეჭებზეც დააწვინა 1.30 წუთში), ნახევარფინალში კი თურქ იუსუფ იუნეს დედეს დაახვია თავბრუ: 14:4, ანუ წმინდა მოგება. არადა, თურქი ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ გამოცდილია, მაჭარაშვილმა კი 3.10 წუთში მოუთავა ხელი.

მაჭარაშვილს ფინალშიც სერიოზული მეტოქე ჰყავდა - ახალგაზრდებში რუსთა მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი გოგაევი. ორთაბრძოლა მართლაც დაძაბული გამოდგა და 15 წამით ადრე ჩვენებური 10:9 იგებდა. გასაგებია, რომ გოგაევი გამწარებული უტევდა, მაგრამ ჩვენებური კარგად იცავდა თავს და მეტიც - კონტრშეტევაზე დაჭერით იქით გადააგდო: 12:9.

ამჯერად მესამეზე
ნახევარფინალში ჩვენი მესამე მედალოსანი ჯულაყიძეც გავიდა. ის შარშანაც მონაწილეობდა ამ რანგის ტურნირში, მაგრამ წარუმატებლად, ახლა კი ერთი მოგება დააკლდა ფინალამდე - ნახევარფინალში თურქთა ფინალისტ ჰეიდარ იავუზთან 1:13 დათმო.

ის ჩემპიონატში ომახიანად ჩაება და მერვედფინალში ებრაელი ემრაჰ გასანოვი წმინდად, 10:0 დაამარცხა. მოლდოველი მაქსიმ სეკულტანი ცოტა კი გაუძალიანდა, მაგრამ ბევრად ვერა: 7:4 მოუგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში სამტრედიელმა ასევე იოლად, ძირითადად, ფეხიდან აყვანის ხარჯზე 6:0 მოუგო საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ილმან მუხტაროვს.

გუშინ ჩვენი კვარტეტიდან მხოლოდ ბათუმელმა რამაზ თურმანიძემ (57) წააგო, თუმცა პირველ შეხვედრაში მანაც იმარჯვა - პოლონელ დავიდ რომანოვიჩს 7:1 სძლია, აზერბაიჯანელ ფარვიზ იბრაჰიმოვთან მარცხი კი (7:17) ტურნირიდან გამოვარდნად დაუჯდა.

დღეს იჭიდავებენ
დღეს, 29 მარტს, სომბათჰეის ხალიჩაზე მორიგი ქართული ოთხეული გავა, გენო პეტრიაშვილის თავკაცობით. ჩვენი ლიდერი უნგრეთში შარშანდელი ტიტულის შესანარჩუნებლად იჭიდავებს, რაც დიდად არ უნდა გაუჭირდეს, იმის მიუხედავად, რომ ძნელი წილისყრა ერგო.

ის თავდაპირველად თურქ სალიმ ერკანის დაეჭიდება, მოგების შემთხვევაში კი უკრაინელ დანილო კარტავისა და აზერბაიჯანელ უმარ ისრაილოვს შორის უმჯობესს დაეჭიდება. ბადის ამავე მხარესაა რუსი ყაზბეგ ხუბულოვიც, თუმცა იმათ იკითხონ, თორემ გორელ ფალავანს, წესით, ბევრი არაფერი უნდა დააკლდეს.

ამ ასაკში ევროპის შარშანდელი პირველობის მესამეპრიზიორი შოთა ფარტენაძე (61) პირველ შეხვედრას სლოვაკ ივან მოლნართან ჩაატარებს საკვალიფიკაციო ეტაპზე. მოგების შემთხვევაში მისი მეტოქე მოლდოველი მიჰაი ესანუ ან ებრაელი ვლადისლავ გრიცკო იქნება. შეიძლება ითქვას, ბათუმელ ათლეტს წილისყრამ გაუმართლა.

სამაგიეროდ, ამას ვერ ვიტყვით ქუთაისელ მირზა სხულუხიაზე (70), ვინც პირველივე წრეში აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად ომაროვს ხვდება, ამ ასაკში ევროპის შარშანდელ ფინალისტს. ამათში მოგებულს მომდევნო ეტაპზე მოლდოველი ტომა ვასკანი ელოდება.

ამავე ტურნირის შარშანდელი ფინალისტი ირაკლი მწითურიც (86) ძნელ ბადეშია - საკვალიფიკაციო ეტაპზევე რუს არსენ-ალი მუსალალიევს ხვდება. შეგახსენებთ, რომ ის შარშანაც რუსეთის წარმომადგენელთან, აბდულრაშიდ სადულაევთან დამარცხდა. მწითური ამ ახალბედა რუსთან უშანსოდ ნამდვილად არაა, ხოლო მერვედფინალში თუ გავა, თურქ მურატ ერთურქსა და პოლონელ კშიშტოფ სადოვიკს შორის მოგებულს დაეჭიდება.

გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

U23. ევროპის ჩემპიონატი
57 კგ
1. სულეიმან ათლი (თურქეთი); 2. აზამატ ტუსკაევი (რუსეთი); 3. ივან ზამფიროვი (მოლდოვა), ანდრეი იაცენკო (უკრაინა); 7. რამაზ თურმანიძე (საქართველო).

65 კგ
1. თეიმურ მამადოვი (აზერბაიჯანი); 2. ჰეიდარ იავუზი (თურქეთი); 3. ივერიკო ჯულაყიძე (საქართველო), იმამ აჯიევი (რუსეთი).

74 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე (საქართველო); 2. ზელიმხან ხაჯიევი (საფრანგეთი); 3. ისმაილ აბდულაევი (აზერბაიჯანი), ჰენრი სელენიუსი (ფინეთი).

97 კგ
1. გივი მაჭარაშვილი (საქართველო); 2. გიორგი გოგაევი (რუსეთი); 3. გენადი გუდინოვიჩი (გერმანია), მურაზ მჭედლიძე (უკრაინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული