"პირადი რევანშიც გამომივიდა და გუნდის ჩემპიონობაშიც ჩემი წვლილი შევიტანე"

AutoSharing Option
მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. ინდოეთის საკლუბო ლიგაში პირველობა მოიპოვა კლუბმა "პენჯაბი როიალსმა", რომლის ლიდერი და კაპიტანი ხინჩეგაშვილია.

რიოს ოლიმპიადის შემდეგ ლადოსთვის ეს მესამე საკლუბო შეჯიბრება გახლდათ, რომელთაგან ორჯერ ჩემპიონობა სწორედ მისმა გუნდმა დაისაკუთრა.

იქამდე, ნოემბერში გორელმა ფალავანმა ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო წარმატება - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულის წოდება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ერთი სიტყვით, სადაც ლადოა, ჩემპიონობაც იქაა.

- საკლუბო ასპარეზზეც უკვე გვარიანი მიღწევები გაქვთ. აშკარაა, რომ სპორტული კარიერის
ეს ფლანგიც უკვე ჩინებულად აითვისეთ...

- დიახ, საკლუბო ტურნირებიც მრავალმხრივაა მიმზიდველი და ჩემთვისაც საინტერესო იყო ამ მიმართულებით გააქტიურება. თანაც, სასიამოვნოა, რომ განვლილ სეზონზე წარმატებული ახლანდელი აღმოჩნდა. ახლა სამიდან ორ კლუბთან ერთად გავხდი ჩემპიონი, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველაზე უპირატეს ტიტულს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობას ორივეჯერ დავეუფლე, როგორც 2015, ისე 2016 წლების მიწურულს.

- რა დააკლდა თქვენს ბუნდესლიგურ კლუბს, რომ იქაც ტრიუმფალურად დაგემთავრებინათ სეზონი?
- 74 კგ-ში ჩვენი კლუბის ერთ-ერთმა წამყვანმა მოჭიდავემ ტრავმა მიიღო და ვეღარ დაგვეხმარა. ამასთან ერთად, დიდი დანაკლისი იყო მძიმე წონაში ასევე ჩვენი კლუბის წევრის, ოლიმპიური ჩემპიონის, ტაჰა აკგულის ვერჩამოსვლა საასპარეზოდ. რომ არა მათი არყოფნა, ვფიქრობ, ჩემპიონობა აბსოლუტურად რეალური იყო.

- თქვენი ამერიკული, გერმანული და ინდური კლუბები რომ შეადაროთ, შემადგენლობით და სიძლიერით...
- ამერიკული "ტიტან მერკურსი" სხვებთან შედარებით გაცილებით ტიტულოვანი ფალავნებით იყო დაკომპლექტებული და უმაღლესი საკლუბო პირველობაც დამსახურებულად მოიპოვა. თუმცა, ნამდვილად ძლიერია სხვა ჩემი კლუბებიც - ინდური "პანჯაბი როიალსი" და გერმანული "აალენიც".

- ინდოეთში დიდი ხანი არაა, რაც პოპულარობას იხვეჭს თავისუფალი ჭიდაობა და დარბაზში საყურებლადაც მრავლად მოდის მაყურებელი?
- დელის დარბაზში, სადაც ეს შეჯიბრება ტარდება, 5 000 მაყურებელი ეტევა და ყოველ საშეჯიბრო დღეს ის სავსე იყო. ვფიქრობ, ქომაგებიც სწორად რეაგირებენ საჭიდაო ნიუანსებზე, რადგან ინდოეთში შეუყვარდათ ჭიდაობა. ახლა იქ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენები მოჭიდავეები არიან.

მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზეც შეძლეს ინდოელმა მოჭიდავეებმა მედლების დაუფლება. ჭიდაობის პოპულარიზაციასა და განვითარებისთვის ისინი ფინანსებს არ იშურებენ. საკლუბო ლიგის შექმნა, მისი ფართოდ რეკლამირება და ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონების მიწვევა ინდოეთის საკლუბო ლიგაში საასპარეზოდ ამისი უტყუარი დასტურია.

ჩვენი ჩაყვანით, ცხადია, იმასაც ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა თაობამ ჭიდაობა უკეთ აითვისოს და შეიყვაროს.

- "პენჯაბი როიალის" წარმატებაში თქვენი წვლილი გამორჩეული იყო, რადგან არენაზე გუნდის კაპიტნის ამპლუაში გამოდიოდით და ყველა პირადი შეხვედრაც მოიგეთ, ერთის გარდა...
- როგორც კაპიტანს, რასაკვირველია, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა. გარდა ამისა, შემეძლო, მოწინააღმდეგე გუნდში დამებლოკა ერთი მოწინააღმდეგე. წესების მიხედვით, შეუძლებელი იყო მხოლოდ კაპიტნის დაბლოკვა და შესაბამისად, მეც სხვა ვერ მბლოკავდა. ამიტომ ყველა პაექრობის ჩატარება მომიწია.

სხვათა შორის, იმ ერთ წაგებულ შეხვედრას გუნდი არ დაუზიანებია და თანაც ის, ვინც მომიგო, მერე ფინალში დავამარცხე. პირადი რევანშიც გამომივიდა და გუნდისთვის საჩემპიონო დაპირისპირებაშიც ჩემი წვლილი შევიტანე. "პენჯაბმა" ფინალურ დაპირისპირებაში 5:4 გაიმარჯვა.

- საკლუბო ბატალიები დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში ტურნირებზე როდის გიხილავთ?
- ახლა კარგად უნდა დავისვენო. მერე კი ვნახოთ, თავდაპირველად ალბათ საქართველოს ჩემპიონატზე ან ბალავაძის სახელობის ტურნირზე გამოვალ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული