ჯონდო მუზაშვილი: დანაკლისის მიუხედავად, მაინც კარგი ჩემპიონატი გამოვიდა

AutoSharing Option
დიღმის ძიუდოს აკადემიამ სამბისტთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელსაც ტრავმებისა თუ ქვეყანაში მიმდინარე ვირუსული ეპიდემიების გამო რამდენიმე ლიდერი დააკლდა. ამის მიუხედავად, შეჯიბრება მაინც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

ჩემპიონატის დონეც მაღალი იყო და რაც მთავარია, გამოჩნდნენ ახალი სახეები, ეს კი კონკურენციის მატების წინაპირობაა. მით უფრო, მათგან რამდენიმე ძიუდოისტია, რომლებიც ახლა სამბოში შექმნიან კონკურენციას.

ჩემპიონატში ძიუდოისტების სიჭარბე თვალშისაცემი იყო და ბევრმა გამოიჩინა თავი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აქამდე სამბოში არ აქტიურობდნენ. მაგალითად, პაატა მერებაშვილი 62 კილოგრამში. ისე, ამ წონაში კონკურენცია შეიქნა, თქვენი
მოწონებული - მსოფლიოს მესამეპრიზიორი ზურაბ ოდოშაშვილი ხომ ისედაც ჰყავთ, მათ ახლა ძიუდოდან გადმოსული მერებაშვილი და ქვედა წონიდან ამონაცვლებული მსოფლიოს ჩემპიონი გენადი ჩირგაძე და დავით გეჯაძე დაემატნენ.

თუმცა სხვა წონებშიც გამოჩნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები - ლერი ბედინაძე (57), დავით კოპაძე (68); აი, ნოდარ ბერიანი (90) და გიორგი ზაქარიაძე (+100) ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებიდან კარგად გვახსოვს. ერთი სიტყვით, ახალ ციკლში მწვრთნელებს ბევრი საქმე მიეცათ.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სამბისტთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილს გავესაუბრეთ:

- დასამახსოვრებელი ის იყო, რომ 62 და 68 კილოგრამებში ორი სპორტსმენი გამოჩნდა, ორივე გორის სკოლიდან - მერებაშვილი და კოპაძე. ვფიქრობ, ისინი უნდა გამოიცადონ საერთაშორისო ტურნირებში და იქაც თუ დამაჯერებლად იასპარეზებენ, ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვთ. მერებაშვილი ადრეც გამოსულა სამბისტთა ტურნირებში, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო სამბოს, ახლა კი ვნახოთ.

ამ წონაში ოდოშაშვილიც გვყავს და ჩაებმება მასთან კონკურენციაში. ზოგადად, კონკურენცია არის, რაც კარგია სამბოსთვის.

ახალი სახეებიდან ასევე გამოვარჩევ ნოდარ ბერიანს 90-ში და გიორგი ზაქარიაძეს მძიმე წონიდან.

ჩემპიონატში რამდენიმე ლიდერი არ გამოდიოდა ავადმყოფობის გამო - ოდოშაშვილი, კახა მამულაშვილი, ბექა ბერძენიშვილი, დავასვენეთ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ვახტანგ ჩიდრაშვილი. ამიტომ ცოტა კი დამაკლდა მათი არყოფნა, რადგან წონების მიხედვით უფრო ჩამოყალიბებული ვიქნებოდით, მაგრამ მაინც კარგი ჩემპიონატი გამოვიდა.

საქართველოს ჩემპიონატი სამბოში
52 კგ. 1. გივი ნადარეიშვილი (ფოთი); 2. გიორგი მარუაშვილი (გორი); 3. ლევან ბერბერაშვილი (თიანეთი). დიმიტრი მულაძე (ხაშური).

57 კგ. 1. ლერი ბედინაძე (ბათუმი); 2. თამაზ კვერნაძე (თერჯოლა); 3. ზურაბ როხვაძე (ვანი), აკაკი გიგატაძე (ქუთაისი).

62 კგ. 1. პაატა მერებაშვილი (გორი); 2. დავით გეჯაძე (კასპი); 3. გენადი ჩირგაძე, ვარლამ შალიკაშვილი (ორივე - ქუთაისი).

68 კგ. 1. დავით კოპაძე (გორი); 2. შმაგი ლაგაზაური (ახმეტა); 3. გიგა ბერიაშვილი (კასპი), თორნიკე ჭოველიძე (აჭარა).

74 კგ.
1. ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა); 2. ზვიად კაპანაძე (გორი); 3. ალექსი ქიტიაშვილი, ელგუჯა ბარბაქაძე (ორივე - რუსთავი).

82 კგ. 1. ნიკო კუცია (ფოთი); 2. ზაურ გაგნიძე (რუსთავი); 3. ბექა ბერულავა (ზუგდიდი), ელგუჯა ქშუტაშვილი (ლაგოდეხი).

90 კგ. 1. ნოდარ ბერიანი (ბოლნისი); 2. ვალერიან ოგბაიძე (დუშეთი); 3. ფრიდონ ზურაბიანი (მცხეთა), თორნიკე ჯუღელი (თბილისი).

100 კგ. 1. დავით ლორიაშვილი (მარტყოფი); 2. რევაზ წულუკიძე (აჭარა); 3. გიორგი სეტიელი (თბილისი), გიორგი კობაიძე (მარტყოფი).

+100 კგ. 1. გიორგი ზაქარიაძე (სამტრედია); 2. სლავა რეზესიძე (დმანისი); 3. დავით ბოჭორიშვილი (ქუთაისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული