საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის პირველობა მოიგო

AutoSharing Option
ქართველ სამბისტთა ასაკობრივმა გუნდებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს კვიპროსში, ლიმასოლში ჩატარებულ თანატოლთა ევროპის პირველობაზე.

განსაკუთრებით კარგად ახალგაზრდები გამოვიდნენ, რომლებმაც ათივე წონაში მედალი მოიპოვეს, მათ შორის - 4-4 ოქრო-ბრინჯაო და 2 ვერცხლი, რითაც გუნდური პირველობაც მოიგეს.

1995-96 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მონაგარი 2 ოქრო, 6 ბრინჯაო და გუნდური ვერცხლია.

აღსანიშნავია, რომ შარშან გუნდური პირველობა ჭაბუკებმა მოიგეს, ახალგაზრდები კი მეორეზე გავიდნენ, ანუ წლევანდელის საპირისპირო შედეგი ჰქონდათ.

ამჯერად ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი (62), ბექა ტუღუში (68), მიხეილ მეზურნიშვილი (74) და უშანგი მარგიანი (82) გახდნენ,
გიორგი მელქუაშვილმა
(48) და გუგა კიბორძალიძემ (+100) მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმეს, მესამე საპრიზო ადგილზე კი ლერი ბედინაძე (52), თორნიკე მეზურნიშვილი (57), ილია მალვენიშვილი (90) და თორნიკე ოთინაშვილი (100) გავიდნენ.

ჭაბუკებში ოქროს მედლები თორნიკე ნაგლიაშვილმა (48) და თორნიკე ჭოველიძემ (60) მოიპოვეს, ბრინჯაოსი - სოლომონ თედიაშვილმა (56), გიგა ნოზაძემ (70), აპოლონ ზურაბიანმა (76), ირაკლი გოგიამ (81), ჯონი ჭითანავამ (87) და ჯემალ დაბრუნდაშვილმა (+87).

აღსანიშნავია, რომ ნაგლიაშვილი შარშან ჭაბუკთა უმცროს ასაკში გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო ახალგაზრდებში მარგიანია ერთადერთი შარშანდელიდან შემორჩენილი გამარჯვებული, სხვები კი წლეულს გადმოვიდნენ ჭაბუკებიდან.

ასევე, შევნიშნავთ იმასაც, რომ მელქუაშვილი მწვრთნელებმა საქართველოს პირველობის მედალოსნებს არჩიეს და კვიპროსში პირადი პასუხისმგებლობით წაიყვანეს.

დასასრულ, იმასაც გეტყვით, რომ ეს ტურნირი სადებიუტო შეჯიბრება იყო როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელი ავთანდილ ცინცაძის, ასევე ჭაბუკთა დამრიგებელი მირიან პავლიაშვილისთვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული