მსოფლიოს ჩემპიონი გოგოებშიც გვყავს

AutoSharing Option
ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე კვლავაც წარმატებული და ისტორიულიც კი გამოდგა - ამიერიდან მსოფლიოს ჩემპიონი გოგოებშიც გვყავს. ამ ტიტულის მფლობელი პირველი ქართველი ქალი წყნეთელი ნინო ოძელაშვილი (72) გახდა. მან ნახევარფინალში დამაჯერებლად დაამარცხა რუსი ზონარა კუზანოვა, ფინალში კი ძალზე მობილიზებული და შემართული გავიდა ბელარუს ანჟელა მოროზოვასთან საჭიდაოდ. ამ შემართებას უკვალოდ არ ჩაუვლია - ოძელაშვილმა 3:0 იმარჯვა და გახარებულმა ზედიზედ ორი კულბიტიც შეასრულა.

გია თენაძის შეგირდებისთვის ეს ერთადერთი მედალი არაა - 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაო დარინა აბულაძემ მოიპოვა.
ის პირველ წრეში მომავალ ჩემპიონთან, რუს ანა გორელკოვასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ვენესუელელ ირინა ლუნარს მოუგო.

ვაჟთა გუნდების მონაგარი 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაოა, თუმცა უფრო მეტად ახალგაზრდებმა იყოჩაღეს - ორი ოქრო და ვერცხლი მოიპოვეს. ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონები ზაზა დავაძე (90) და ლევან მუქერია (100) გახდნენ, ზვიად კაპანაძემ კი ფინალური შეხვედრა ბეალრუს ალექსანდრ კოკშასთან დამთავრებამდე ორიოდე წამით ადრე წააგო და ვერცხლს დასჯერდა. დავაძეს ძალიან მძიმე ბრძოლა გადახდა აზერბაიჯანელ სეიმურ ჰეიდაროვთან - თავიდან ორჯერ აგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ 9:3 იმარჯვა. მუქერია ფინალში ნატკენი ფეხით გავიდა ფიზიკურად ბევრად ტანმაღალ მოლდოველ ანატოლი პოიაგთან და როცა გაფრთხილებით დაწინაურდა, მუხლი ისე დაიზიანა, კინაღამ ასპარეზობა შეწყვიტა, მაგრამ გამაყუჩებლებით გააგრძელა ჭიდაობა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჭაბუკების ოქრო სლავა რეზესიძის (+87) ანგარიშზეა, ბრინჯაო კი ბექა რატიანმა (81) მოიპოვა. ჩვენი ფინალისტებიდან ყველაზე იოლად სწორედ რეზესიძემ გაიმარჯვა - უკრაინელი პავლო მოკონკო 7:0 დაამარცხა. რატიანი პირველ შეხვედრაში მომავალ ჩემპიონთან, ბულგარელ ივაილო ივანოვთან დამარცხდა, სანუგეშოში კი ორი შეხვედრა მოიგო ბრინჯაოს მოსაპოვებლად.

გუნდურ ჩათვლაში ახალგაზრდა ვაჟთა ნაკრები იმდენად დაწინაურდა, საეჭვოა, ხვალინდელმა დღემ მათ გამარჯვებას ხელი შეუშალოს. ჯერჯერობით ჭაბუკებიც ლიდერობენ, თუმცა მათი უპირატესობა იმდენად დიდი არაა და ბოლო დღესაც უნდა იყოჩაღონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული