ქართველი სამბისტების 2-2 ოქრო-ბრინჯაო და 4 ვერცხლი მოსკოვიდან

AutoSharing Option
ქართველმა სამბისტებმა წარმატებით დაამთავრეს გამოსვლა მოსკოვში ევროპის ჩემპიონატში - პარასკევის ორვერცხლიან მონაგარს ბოლო ორ დღეში ვაჟებმა ორი ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო დაუმატეს, ქალებმაც - ასევე თითო ვერცხლ-ბრინჯაო.

ვაჟებში ევროპის ჩემპიონები უშანგი კუზანაშვილი (57) და ნოდარ მეტრეველი (+100) გახდნენ, ბესარიონ ბერულავა (74) მეორეზე გავიდა, მირიან პავლიაშვილი (100) კი - მესამეზე.

ქალებში ვერცხლის მედალი ირინა ლეონიძემ (80) მოიპოვა, ხოლო შორენა შარაძე (64) მესამე იყო. შეგახსენებთ, რომ პარასკევს ევროპის ვიცე-ჩემპიონები გენადი ჩირგაძე (52) და ლევან ნახუცრიშვილი (68) გახდნენ.

ქალებისთვის ეს ევროპირველობაზე მოპოვებული პირველი
მედლებია, თუმცა მსოფლიოზე და ახალგაზრდებში შარშან დააჭაშნიკეს კვარცხლბეკი. მაშინ ნინო ოძელაშვილი (72) უფროსებში მსოფლიოს პრიზიორი გახდა, ახალგაზრდებში კი შარაძემ იყოჩაღა - ევროპის ჩემპიონობა, მსოფლიოზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი კუზანაშვილი ფინალში სამი მოგებით გავიდა - უკრაინელ მიხაილო ილიჩუკს, სომეხ ვაჰა ვარდანიანს და რუს სერგეი იალიშევს ერთნაირი ანგარიშით, 3:0 აჯობა. ფინალში ბოლო წუთამდე აგებდა აზერბაიჯანელ ისლამ გასუმოვთან - მეტოქე გაფრთხილებებით დაწინაურდა.

დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე კუზანაშვილმა იმავე მეთოდით გაათანაბრა ანგარიში, გამარჯვება კი სასტვენამდე ორი წამით ადრე მოიპოვა, როცა ფეხში ხელით შევიდა და გასუმოვი ორქულიანზე გადააგდო.

ნოდარ მეტრეველი ძიუდოში გამოცდილი ფალავანია - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია, თუმცა სამბოში პირველად გამოვიდა. მან მეოთხედფინალში ფრანგი დავიდ ჰერანი დაამარცხა, ნახევარფინალში - რუსი მაქსიმ შარანი. იმ დღეს ეს იყო ერთადერთი წონა, სადაც რუსებს ფინალში მონაწილე არ ჰყავდათ.

გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენებურს ძლიერი ბელარუსი ალექსანდრ ვახავიაკი დაუპირისპირდა. მეტრეველი თავიდანვე მიეძალა მეტოქეს და საწყის 40 წამში ორი გდება მიითვალა, თუმცა შედეგიანად ვერცერთი დაასრულა. მეტოქე 1:0 დაწინაურდა.

საბედნიეროდ, ჩვენებურს ეყო ნებისყოფა და დამთავრებამდე ნახევარი წუთით ადრე ბელარუსი ეფექტურად გამოცელა - 2:1 მის სასარგებლოდ. დარჩენილ წამებში ანგარიში შეინარჩუნა და მეტრეველმა ევროპის ჩემპიონობა ემოციურადაც იზეიმა.

მისასალმებელია გუნდის მეორე დებიუტანტ ბერულავას გამოსვლაც, რომელსაც არათუ სამბოში, საერთოდ აკლია საერთაშორისო რანგის შეხვედრათა გამოცდილება. მას პირველ წრეშიც ძლიერი მეტოქე ერგო - უკრაინელი დმიტრო ბაბიჩუკი, თუმცა 3:1 მოუგო. შვეიცარიელ ჯონათან რაპირლისა და აზერბაიჯანელ ზულფუგარ გულიევს 4:0 აჯობა, ფინალში კი მასპინძელ ალექსანდრ შაბუროვთან 0:3 წააგო.

პირველივე წრეში მომავალ ჩემპიონთან, რუს ვიაჩესლავ მიხაილინთან დამარცხდა პავლიაშვილი. ძიუდოში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ალექსანდრ მიხაილინის უმცროსმა ძმამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ამ ორთაბრძოლაში გაუჭირდა.

საბედნიეროდ, იმ წაგების მერე ჩვენებურმა სანუგეშო წრეში დამაჯერებლად იჭიდავა და ესპანელ კრისტიან როდრიგესსა და ლატვიელ ვიქტორ რეშკოს ბრინჯაო არ დაუთმო.

დავით კარბელაშვილმა (90) სომეხ კარენ იანოიანს აჯობა, მაგრამ მერე ჯერ ბელარუსთა მომავალ ჩემპიონთან, ძიუდოში ევროპის ჩემპიონ ანდრეი კაზუსიონაკთან წააგო, მერე კი დამამშვიდებელში ბრინჯაოსთვის ბრძოლა უკრაინელ ივან ვასილჩუკთან დათმო და მეხუთეზე დარჩა.

ჩვენი გუნდიდან მედლები ვერც დავით ასუმბანმა (62) და გიორგი ბაინდურაშვილმა (82) მოიპოვეს.

ქალთა გამოსვლაზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ლეონიძემ ფინალი ბულგარელ მარია ორიაშკოვასთან წააგო, შარაძეზე კი ვერაფერს გეტყვით.

დებიუტანტების წარმატება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული