ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს ორი ვერცხლი მოიპოვეს

AutoSharing Option
მოსკოვში 18 მაისს დაწყებულ ევროპის პირველობაში წარმატებით ჩაებნენ ქართველი სამბისტები და პირველივე დღეს ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს - ქუთაისელმა გენადი ჩირგაძემ (52) და თბილისელმა ლევან ნახუცრიშვილმა (68).

ჩირგაძე პირველად ჭიდაობდა ამ რანგის ტურნირზე და დებიუტი ვერცხლისფრად შეფერა. ფინალში მისი მეტოქე რუსი ალბერტ მონგუში იყო, რომლის წინააღმდეგობაც ჩვენებურმა, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ვეღარ დასძლია.

ფინალში ძლიერი მეტოქე შეხვდა ნახუცრიშვილსაც - ბელარუსი ალექსანდრ კოკშა და ჩემპიონობას ვერც ამ წონაში შევწვდით. გუშინ კიდევ ორმა ჩვენებურმა იასპარეზა - დავით კარბელაშვილმა (90) და ნინო ოძელაშვილმა (72),
მაგრამ ისინი უმედლოდ დარჩნენ. საინტერესოა, რომ 90-ში ფინალში დამარცხდა ბელარუსი ევროპის ჩემპიონი ძიუდოში, წლევანდელი ევროპის პრველობის ბრინჯაოს მედალოსანი ანდრეი კაზუსიონაკი - მასპინძელ არსენ ხანჯიანთან წააგო.

საერთოდაც გუშინდელმა დღემ, მოლოდინისამებრ, მასპინძელთა დიდი უპირატესობით ჩაიარა - ქალებში თუ მამაკაცების ჩვეულებრივსა და საბრძოლო სამბოში ექვსი ოქრო მოიპოვეს. რუსების გარდა, გუშინ ოქროს მედლებს უკრაინა (2) და ბელარუსიც (1) დაეუფლნენ.

19 მაისს მოსკოვში ვაჟთაგან 57, 74 და 100-ის, ქალთაგან კი 52, 64 და 80-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. ანუ ჩვენგან საჭიდაოდ უშანგი კუზანაშვილი (52), ბექა ბერულავა (74), მირიან პავლიაშვილი (100), შორენა შარაძე (64) და ირინა ლეონიძე (80) იასპარეზებენ.

"ვერცხლის დებიუტი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული