ძვირფასი სეზონი სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში

AutoSharing Option
გუშინ მიმდინარე სეზონი სამბოსა და ქართული ჭიდაობის ფედერაციებმა ერთობლივად შეაფასეს, რადგან ორივეს სათავეში ერთი და იგივე პიროვნება - თემურ გიორგაძე უდგას.

მან სამბისტების სეზონი წარმატებულად შეაფასა, რაკიღა ოთხწლიანი შესვენების შემდეგ წლეულს ისევ მოვიპოვეთ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს ნოემბერში ვილნიუსში გამართულ ტურნირზე ავთანდილ ცინცაძემ (52) შეძლო. გიორგაძის თქმით, პროგრესი გაისადაც გაგრძელდება, თუმცა წარმატების მოსპაოვებლად სულ უფრო მეტი შრომაა საჭირო, ვინაიდან კონკურენცია მთელ მსოფლიოში უჩვეულოდ იზრდება.

სულ ჩვენმა სამბისტებმა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ჯამში 12 მედალი მოიპოვეს, 6-6. ორივე ტურნირზე ხარისხობრივადაც ზუსტად
ერთნაირი მიღწევაა - თითო ოქრო, ორ-ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ მსოფლიოზე მოპოვებული ბრინჯაოებიდან ერთი ქალების მონაგარია - ნინო ოძელაშვილი (74) ქართულ საჭიდაო სახეობებში პირველი მანდილოსანია, რომელმაც მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი (57) გახდა, კახა მამულაშვილმა (74) და მინდია ბოდაველმა (90) ფინალური შეხვედრები დათმეს, ბექა იმერლიშვილი (68), ნიკოლოზ კუცია (82) და მირიან პავლიაშვილი (100) კი მესამეზე გავიდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე უკეთ ზედა წონიდან 52-ში ჩამოსულმა ავთანდილ ცინცაძემ იჭიდავა და ჩემპიონობა არავის დაუთმო, კუზანაშვილმა და ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლომერ ჟორჟოლიანმა (100) ვერცხლი მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლები კი კუციას და დავით ლორიაშვილს (+100) ერგოთ. ამასთან, მსოფლიოზე მესამე გუნდური ადგილიც მოიპოვეს.

ასევე საკმაოდ დიდი წარმატებებია ახალგაზრდებსა და ჭაბუკებშიც. ახალგაზრდებმა ევროპა-მსოფლიოზე ჯამში 17 მედალი დაისაკუთრეს - 6-6 ოქრო-ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ჭაბუკთა საერთო მაჩვენებელი 11 მედალია - 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ამასთან, ახალგაზრდები გუნდურში ევროპაზეც და მსოფლიოზეც ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ჭაბუკები კი მსოფლიოზე გავიდნენ მეორე გუნდურ ადგილზე. შემაჯამებელ სხდომაზე მედალოსნებს ჯილდოდ სპორტული ფორმა გადაეცათ, სახელმწიფო ფულადი პრემიები კი ბარათებზე დაერიცხებათ.

გიორგაძემ ქართულ ჭიდაობაში სეზონის ყველაზე დიდ მონაპოვრად შეჯიბრებების რაოდენობის გაზრდა და საქართველოს გუნდური პირველობის გამართვა მიიჩნია, რომელმაც სპორტსმენთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული