სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
«« სექტემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: ქართველთა ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო [VIDEO]
AutoSharing Option
10:32 14-03-2016
რიგაში, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი "ბერძენ-რომაელებიც" წარმატებით გამოვიდნენ და სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) გახდა, ვერცხლი რობერტ კობლიაშვილმა (85) მოიპოვა, ბრინჯაო - შმაგი ბოლქვაძემ (66).

"ბერძენ-რომაელებმა" ამით ქომაგთა თვალში შარშანდელი ჩავარდნილი სეზონის ფონზე რეაბილიტაციაც შეძლეს და სალიცენზიო ტურნირების წინ გარკვეული იმედიც გაგვიჩინეს.

დათუნაშვილმა ტურნირი ძლიერად დაიწყო და პირველივე წრეში ფრანგი ევრიკ ნიკოგოსიანი წმინდად, 8:0 დაამარცხა. მერვედფინალში კიდევ ერთხელ დაამარცხა თურქი ემრაჰ კუსი, ვისაც შარშანაც მოუგო ევროპულ თამაშებზე, თუმცა ახლა მაშინდელივით თავზე არ გადახტომია (ბაქოში გაუკეთა ეს ფანტასტიკური ნახტომი), ისე მოუგო - 3:1; მომდევნო წრეში კი სომეხ კარაპეტ ჩალიანსაც წმინდად, 8:0 აჯობა. ნახევარფინალში ყველაზე სერიოზული მეტოქე ჰყავდა - ევროპული თამაშების აზერბაიჯანელი ჩემპიონი ელვინ მურსალიევი, ვისთანაც შარშან დამარცხდა ევროთამაშებზე, ამჯერად კი დამაჯერებელი რევანში აუღო - 3:1.

რიგაში ისე მოხდა, რომ ჩვენებურმა დასკვნითი ორი პაექრობა ევროპული თამაშების ფინალისტებთან გამართა - ფინალში მეტოქედ იმ ტურნირის სერბი ვიცე-ჩემპიონი ვიქტორ ნემესი ჰყავდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ, 2:2 დასრულდა, ეს კი დათუნაშვილის გამარჯვებას ნიშნავდა, რადგან ბოლო ქულები მან მოიპოვა. სერბი თავიდან 2:0 დაწინაურდა და ლამის სასტვენამდე ინარჩუნებდა უპირატესობას, მაგრამ ბოლო წამებზე ჩვენმა ფალავანმა ჩოქბჯენიდან დაატრიალა და ანგარიში გაათანაბრა, რაც მოგებას ნიშნავდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დათუნაშვილის კარიერაში ეს პირველი ტიტულია, ისე კი, ევროპის ჩემპიონატის ფინალში 2013 წელსაც გავიდა თბილისში, თუმცა მაშინ ვერცხლს დასჯერდა.

კობლიაშვილი მეორედ ჭიდაობდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი მედალი მოიპოვა. მან ფინალის ტოლფასი პაექრობა ნახევარფინალში გადაიხადა რუს ევგენი სალეევთან, ვისაც 1:1-ზე, ბოლო ქულით მოუგო. მანამდე ბევრად იოლად იმარჯვა - სერბ პეტარ ბალოს 9:0, პოლონელ თადეუშ მიჰალიკს კი 3:0 მოუგო.

ფინალში ქართველი ფალავანი ძლიერ უკრაინელთან, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჟან ბელენიუკთან დამარცხდა, ვინც მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი - 5:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შმაგი ბოლქვაძე ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანწინდელი ჩემპიონია, უფროსებში კი შარშან გადმოვიდა და ევროპის პირველობაზე დებიუტი ჰქონდა. ამდენად, მისი ბრინჯაო კარგი შედეგია. არადა, ვფიქრობთ, გამოუცდელობამ დააღალატა რუსთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ისლამ-ბეკ ალბიევთან, თორემ შეხვედრა ურიგოდ არ მიჰყავდა - 4:8.

ძირითად ბადეში ბოლქვაძემ შვედ ფრუნზე ჰარუთინიანს 4:1, ხორვატ დანიელ იანჩიჩს კი წმინდად, 8:0 მოუგო. დამამშვიდებელში ფრანგ ჰრაჩია მალკასიანს 9:2 აჯობა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი, მასპინძელთა სამწუხაროდ, ლატვიელი ნიკიტა მასიუკი 6:4 დაამარცხა.

ჩვენმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 33 ქვეყანას შორის 35 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"