ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: თავმოწონება? რაღა ჩვენს ხარჯზე

AutoSharing Option
ფოტო
ბლომად მაყურებელი, დილიდანვე ლამის სავსე ტრიბუნები და ერთგული ქომაგობა - ეს ყველაფერი იყო 19 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში დაწყებულ ჭიდაობის ევროპის პირველობაზე და არც იმის თქმით გადავაჭარბებთ, რომ საჭიდაო ზეიმი შედგა.

ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რაოდენ მნიშვნელოვანია ჭიდაობა საქართველოში და რამდენად აკლია ადგილობრივ ქომაგს მსგავსი ტურნირები.

სამწუხაროა, რომ ამ ზეიმს ჩვენმა ფალავნებმა - კონსტანტინე ხაბალაშვილმა (66) და ელიზბარ ოდიკაძემ (96) მხარი ვერ აუბეს და ნაადრევად გამოეთიშნენ შეჯიბრებას.

VideoSportall.Ge
ჭიდაობაში ევროპის ჩემპინატის გახსნა თბილისში


უცნაური ცერემონიალის სტუმრები
ეს ტურნირი მართლაც
გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით - არც ევროპის ჩემპიონატებს ვატარებთ ხშირად და მით უფრო, იშვიათად გვერგება პატივი, სამ ოლიმპიურ დისციპლინას ერთად ვუმასპინძლოთ.

საქართველო დიდი პასუხისმგებლობითაც მიუდგა ჩემპიონატის ორგანიზებას, 19 მარტს კი გახსნის ცერემონიალზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მივიდა, რომელიც მიესალმა ადგილობრივ თუ ჩამოსულ სტუმრებს და წარმატება უსურვა ჩვენს სპორტსმენებს.

თუმცა მანამდე იყო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნენად ლალოვიჩის გამოსვლა, რომელმაც პრემიერ-მინისტრი ჭიდაობისადმი და კონკრეტულად, ამ შეჯიბრებისადმი გამოჩენილი თანადგომისთვის FILA-ს ორდენით დააჯილდოვა.

ლალოვიჩის გამოსვლას წინ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის მისასალმებელი სიტყვა უსწრებდა, როცა დაიჩოქა და შენდობა ითხოვა.

VideoSportall.Ge
საჯარო ბოდიში ცრემლიანი გულით და დაჩოქილი ლუკა კურტანიძე


მოჭიდავეებმა შანსი არ გაუშვეს, შეერთებოდნენ მოძრაობას "შევინარჩუნოთ ჭიდაობა ოლიმპიადის პროგრამაში" და ამ კუთხით რამდენიმე მესიჯი გაუგზავნეს სოკ-ს.

გახსნის ცერემონიალზე იუბილე მიულოცეს ლევან თედიაშვილსა და გურამ საღარაძეს, რომლებსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მიესალმა და "სპორტის რაინდის" მედლით დააჯილდოვა. გახსნის ცერემონიალი "ერისიონის" გამოსვლამ დააგვირგვინა.

სტუმრები ვახსენეთ და, თბილისში ჭიდაობის ფედერაციის გადარჩეული პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტიცაა ჩამოსული, თუმცა ის ტრიბუნაზე ზის რიგით ქომაგად და არა საპატიო სტუმართა ლოჟაში.

მეორე წრის დრამა

სამწუხაროდ, არასპორტული მხარისგან განსხვავებით, ტურნირის სპორტულ ნაწილზე ჯერჯერობით დადებითს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ჩვენები უმედლოდ დარჩნენ.

ეგ კი არა, სანუგეშოშიც ვერ გადავიდნენ. თან ორივე ზუსტად ერთი და იმავე ეტაპიდან გამოვარდა და ორივემ ერთი ქვეყნის წარმომადგენელთან წააგო - მეორე წრეში რუსებთან დამარცხდნენ.

პირველი ორთაბრძოლა ჩვენებმა დამაჯერებლად მოიგეს. მოლოდინისამებრ, ხაბალაშვილი იოლად გაუსწორდა ალბანელ ვილსონ ნდრეგონის - ორივე პერიოდში ქულაც ბლომად აართვა, ბოლოს კი წმინდად მოუგო.

ამ ეტაპზე ოდიკაძეს უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა - ბელორუსი ევროპის პრიზიორი ივან იანკოუსკი, თუმცა ადვილად სძლია ასევე ძირითად დროში.

ჩვენებური ორჯერ შეეკრა წარმატებით მეტოქეს და ორივეჯერ თითოქულიანზე გადაიყვანა, თუმცა შუალედში თვითონაც შეუშვა ფეხში საკმაოდ თავისუფლად.

მომდევნო პერიოდში ორმხრივ ჯაჯგურში ისევ ოდიკაძემ იმარჯვა და ამჯერად უკვე თვითონ შეუვარდა ფეხში წარმატებით.

მეორე წრეში საჭიდაოდ ჯერ ოდიკაძე გავიდა რუსთა ოს ვლადიმერ ბაიცაევთან. სამწუხაროდ, ჩვენებური რატომღაც დათრგუნული ჩანდა, თითქოს რიდით ჭიდაობდა და შეტევას ერიდებოდა... სწორედ პასიურობა დაუდო მსაჯმა გაფრთხილებიან ქულას მიზეზად დამატებით დროში, რაც წაგებადაც დაგვიჯდა, მაგრამ მანამდე დრამატული და დაძაბული ორი პერიოდი იყო.

ოსი მათთვის ტრადიციულ სტილში - შორიდან გრძელი ნახტომით ფეხში შესვლაზე ჭიდაობდა, თუმცა ჩვენებური კარგად იცავდა თავს.

ამ შეხვედრაში მისი მთავარი იარაღი და მთელი მოტივაციაც დაცვა იყო, ოღონდ, ბედის ირონიით, გადამწყვეტ მომენტებში სწორედ ამ კოზირმა უმტყუნა.

პირველ პერიოდში ოსმა ერთხელ მოახერხა ფეხში შესვლით ქულის აღება, თუმცა ოდიკაძემ მალევე იმავე ილეთით ანგარიში გაუთანაბრა, ანუ პერიოდიც მოიგო.

მისთვის საბედისწერო მეორე პერიოდის მიწურული აღმოჩნდა, სადაც საქმე ბურთულამდე მივიდა. ოსმა თავისივე ფერი - წითელი ამოიღო და ფეხშიც ის შევიდა, თუმცა ოდიკაძე გაექცა და კარგა ხანს შედეგიანადაც იცავდა თავს.

ვფიქრობთ, ამ მომენტში მას თავადაც რომ შეეტია, ქულას თუ ვერ აიღებდა, წარმატებისთვის საჭირო ძვირფას წამებს მაინც მოიგებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შედეგად დაისაჯა - ბაიცაევი მაინც წასწვდა ფეხზე და ქულაც მოიპოვა. ჩვენებმა კი გააპროტესტეს, მაგრამ უშედეგოდ და ოსს კიდევ ერთი ქულა დაუმატეს.

დამატებითი პერიოდი კარგა ხანს იქნება განსჯის საგანი. შეხვედრის მიწურულს მსაჯმა ოდიკაძე გააფრთხილა და პასიურობისთვის ქულითაც დასაჯა, რამაც უმალ გამოიწვია მითქმა-მოთქმა. არ გვინდა, შეთქმულების თეორიების თანამონაწილედ ვიქცეთ, თუმცა არბიტრს ოდიკაძე რომ არ გაეფრთხილებინა, არავინ დასჯიდა.

მართალია, მან ადრეც რამდენჯერმე მისცა შენიშვნა ჩვენებურს და აქტიურობისკენ მოუწოდა, მაგრამ მსგავს ვითარებაში იშვიათად თუ სჯიან ვინმეს.

უკმაყოფილებაც ამან გამოიწვია - დაუწერელი კანონით, მსაჯები ყველგან ეხმარებიან მასპინძლებს და ჩვენთან რა დაემართათო.

ესეც მართალია და იმასაც ვაღიარებთ, რომ მსაჯმა განსაზღვრა შეხვედრის შედეგი; ისიც გვესმის, რომ ახლა FILA სოკ-ს აწონებს თავს (თუმცა ესეც საკითხავია - რაღა ჩვენს ხარჯზე, რადგან 19 მარტს ანალოგიურ ვითარებაში არავინ დასჯილა), მაგრამ მაინც შევნიშნავთ, რომ შეჯიბრებისას სხვისი შეცდომის ან გულმოწყალების იმედად არ უნდა იყო.

ოდიკაძისგან განსხვავებით, არბიტრებს ვერაფრით დავემდურებით ხაბალაშვილის წაგებაზე - რუსთა დაღესტნელმა ბეკბულატოვმა დაჩაგრა ჩვენებური, რომელმაც მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და 4 დაკარგა.

ეროვნებით კუმიკი დაღესტნელი ფიზიკურადაც კარგად იყო მომზადებული, ძალიან სწრაფიცაა და ტექნიკურადაც ჭიდაობდა. მან ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაში შესანიშნავად აატრიალა უკრაინელი ანდრეი კვიატკოვსკი და ჩვენებურთანაც მიითვალა ლამაზი გდებები.

ამ წაგებების შემდეგ მასპინძელთა ბედი რუსებზე ეკიდა, მაგრამ მათგან ხეირი როდის გვინახავს, ახლა რომ გვენახა - ბაიცაევმა უფრო ტაქტიკურ-ძალისმიერ ბრძოლაში დიდწილად წილისყრის დახმარებით აზერბაიჯანელთა ლიდერ ხეტაგ გოზიუმოვს კი აჯობა (მეორე პერიოდი 2:2-ზე მოუგო), მაგრამ, ეტყობა, გადაიღალა და ნახევარფინალში განადგურდა კამილ სტანისლავ სკასკიევიჩთან.

ბეკბულატოვს იმავე ეტაპზე თურქმა იაკუბ გორმა გამოუყვანა წირვა. თურქი მომგებიანი ტაქტიკით ეჭიდავა - ახლო, მჭიდრო ჭიდაობით, რითაც ტექნიკის გამოვლენის საშუალება არ მისცა, თვითონ კი უკეთესი გამძლეობით, ძალით დაჯაბნა.

ამდენად, სანუგეშოში რუსთა ფალავნები გადავიდნენ, ჩვენები კი ჩემპიონატს გამოეთიშნენ.

კარგად დაებედათ
სომეხ დავით საფარიანს (66), უკრაინელ პავლო ოლეინიკსა (96) და რუს ვალერია ჩეპსარაკოვას (48) თბილისი მთელი ცხოვრება სასიამოვნოდ მოაგონდებათ, რადგან სამივემ აქ მოიპოვა კარიერის პირველი ტიტული.

ამათგან ყველაზე დამაჯერებელი ჭიდაობით უკრაინელმა დაგვამახსოვრა თავი. 19 მარტს აზერბაიჯანი სირცხვილისგან ქალმა იხსნა - ფატიმათ ბაგომედოვამ კარიერაში ასევე პირველი მედალი, ბრინჯაო მოიპოვა. სხვათა შორის, ისიც დაღესტნელია და ნაკრებში დეკრეტში გასული, უკრაინიდან გადაბირებული ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი მარია სტადნიკი შეცვალა.

მწვრთნელის კომენტარი
რევაზ მინდორაშვილი: "ცხადია, კმაყოფილი არა ვარ. ოდიკაძესთან შეიძლებოდა, მსაჯს სხვანაირი გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენს ქვეყანაში რატომ ხდება ასე, ვერ გეტყვით.

არადა, ოდიკაძე კარგად იყო მომზადებული და ფინალში გასვლასაც ველოდით. დასანანია, რომ მეორე პერიოდში ისეთი შანსი გაუშვა ხელიდან, თუმცა იქნებ ცოტა შებოჭილიც იყო და მეტიც მართებდა.

მასპინძლის სტატუსი დამატებითი ტვირთია, თუმცა მსაჯის შეცდომაც აშკარაა. ხაბალაშვილი შეკრებაზე უკეთ გამოიყურებოდა, ახლა კი ისიც შებოჭილი იყო.

ვერ მოინდომა, თუ რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, წონის პრობლემაც აქვს - ბევრს იკლებს.

ბუნებრივია, მისი გამოსვლით კმაყოფილი არ ვარ და ისიც აშკარაა, რომ ამ წონაში ჩავარდნა გვაქვს".


კვარცხლბეკი
ვაჟები
66 კგ. 1. დავით საფარიანი (სომხეთი); 2. იაკუბ გორი (თურქეთი); 3. ალექსანდრ კონტოევი (ბელორუსი), ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი).
96 კგ. 1. პავლო ოლეინიკი (უკრაინა); 2. კამილ სტანისლავ სკასკიევიჩი (პოლონეთი); 3. ლიუბენ ილიევი (ბულგარეთი), ვლადისლავ ბაიცაევი (რუსეთი).

ქალები
48 კგ. 1. ვალერია ჩეპსარაკოვა (რუსეთი); 2. იანა სტადნიკი (ბრიტანეთი); 3. სასკია იაგელინა შელინი (გერმანია), ფატიმათ ბაგომედოვა (აზერბაიჯანი).

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატარა შენიშვნა მექნება ავტორთან. კუმიკი ქართულად ყუმუხია :)
წარმატებები ჩვენს ბიჭებს,იმედია მედლები იქნება დღესაც და შემდეგ დღეებშიც!
Giorgi
11:53 20-03-2013
0

სიახლეები პოპულარული