ბათუმის პლაჟზე ქალების დეფიციტია

AutoSharing Option
დღეს ბათუმში საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიოს პირველობა იწყება, რომელშიც 12-მდე ნაკრები გამოვა - საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ნორვეგია, ყაზახეთი, ესტონეთი, შვედეთი, ინდოეთი, უკრაინა, უნგრეთი...

ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც ვაჟები, ასევე - ქალები. თანაც სამივე ასაკობრივ ჯგუფში - ჭაბუკებში, ახალგაზრდებში და უფროსებში. უფრო სწორად, განზრახულია სამივეში ჩატარება, მაგრამ შესაძლოა, მონაწილეთა სიმცირის გამო შეჯიბრების ფორმატი შეიკვეცოს. მაგალითად, ტურნირი დღეს ჭაბუკთა ასპარეზობით უნდა გახსნილიყო, თუმცა უცხოელებს ამ ასაკის მონაწილეთა გუნდები არ ჩამოუყვანიათ და შეჯიბრებაც არ შედგება. მხოლოდ ჩვენი ფალავნები იჭიდავებენ, ოღონდ ეს იქნება საჩვენებელი გამოსვლები და
არა საჩემპიონატო ფორმატისა.

ხვალ ახალგაზრდები იასპარეზებენ. ამ ასაკში ჩვენი ქვეყნის ღირსებას რამაზ სურმანიძე, იოსებ ივანიშვილი (ორივე - 60), ირაკლი მოსიძე, ირაკლი მეკეიძე (ორივე - 70), ჯონი ქადიძე, რევაზ ივანიშვილი, სანდრო ამინაშვილი (სამივე - 80), გიორგი გოგრიჭიანი (+80) დაიცავენ. მძიმე წონაში გიორგი ასლანიშვილსაც უნდა ეჭიდავა, მაგრამ ტრავმა აწუხებს და სათადარიგოთი ჩაანაცვლებენ, ოღონდ კონკრეტული ფალავანი დღეს გაირკვევა.

უფროსები ზეგ იჭიდავებენ. აქ ყველაზე ბოლოს უმჩატესი, 70 კილოგრამის მონაწილეთა შემადგენლობა გაირკვა, თორემ დანარჩენები ადრევე იყო ცნობილი. საკონტროლო შეხვედრების შემდეგ მწვრთნელმა ჯემალ კილაძემ 70-ში გიორგი ლობჟანიძე, მამუკა ხოზრევანიძე და მიხეილ ზარქუა დააყენა, სხვა წონებში კი გელა საღირაშვილი, მარად ზოიძე, რამინ ფევაძე (სამივე - 80), ბექა ჭელიძე, არჩილ ქიტიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი (სამივე - 90), გიორგი საკანდელიძე, ლევან ბერიანიძე, გიორგი ნიკურაძე (სამივე - +90) გამოვლენ.

ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ქალებიც, რომელთა შორისაც ძირითადად ადგილობრივი ძიუდოისტები სჭარბობენ, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რამდენი მონაწილით გამოვალთ. საქმე ისაა, რომ ტურნირში ქალთა დეფიციტია - უცხოელებს არც მანდილოსნები ჩამოუყვანიათ. ამიტომ იქმნება საშიშროება, რომ ბევრ წონაში მონაწილენი ვერ მოგროვდნენ და ამ შემთხვევაში იმ წონებში პირველობა საერთოდ არ გაიმართება, ანუ არც ჩვენები გამოვლენ.

სადღეისოდ გარკვეული მხოლოდ ქალთა 60 კილოგრამის საკითხია, სადაც შორენა შარაძე, დარინა აბულაძე და დარინა ცინცქილაძე გამოვლენ. უფროსთა შორის სხვა წონებში მწვრთნელებმა მალვინა ლორთქიფანიძე (70), ირინა ლეონიძე და ლია გვიანიძე (+70) შეარჩიეს, 20-წლამდელებში კი - ცირა აბულაძე (50), სოფიო ბერიძე და ნათია დიასამიძე (ორივე - 60) კი შეარჩიეს, მაგრამ ვნახოთ, მიეცემათ თუ არა მათ პირველობაში მონაწილეობის საშუალება.

შეჯიბრებები ბათუმის პლაჟზე 17 საათზე დაიწყება, 19-საათიდან კი ფინალური შეხვედრებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული