ზემო ხვედურეთიდან ქარელში

AutoSharing Option
ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთში გაიმართა ამ სოფლის ტრადიციული ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში.

ხვედურეთი ამაყობს სოფლის სახელოვანი ფალავნებით. აქაურია სამბოში მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ფალავანი ქართულ ჭიდაობაში ჯემალ მჭედლიშვილი.

სოფლის თავკაცებს ჭიდაობის მოწყობაში მხარში ამოუდგა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ზემო ხვედურეთის ღია მოედნის გარშემო კარგა ხნის წინათ ლითონის საყრდენები ჩაუბეტონებიათ დახურული საზაფხულო არენის მოსაწყობად, მაგრამ მოედნის გადახურვა ვეღარ მოუსწრიათ... ახლო მომავალში კი ეს აუცილებლად გაკეთდება.

ქომაგებმა სოფლის ცენტრში მოწყობილ მოედანზე შეკრება საღამოს 5 საათიდან დაიწყეს. გაჩაღდა ზურნა-დოლის
რიტმები, დაბალი წონებიდან დაწყებული ჭიდაობა, საშუალომდე რომ მივიდა, შავი ღრუბლების დინებას თავსხმა წვიმა მოჰყვა...

ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს ყველა სპორტსმენისა და გულშემატკივარის გადაყვანა ხვედურეთიდან ქარელში, ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ხაბარელის სახელობის სპორტულ დარბაზში საასპარეზოდ. ასე რომ, ხვედურეთში ნახერხმოყრილ მოედანზე დაწყებული ქართული ჭიდაობა რაიონულ ცენტრში - ქარელის საჭიდაო ხალიჩაზე გაგრძელდა. ასეთი ფაქტი პირველად დაფიქსირდა ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობის ისტორიაში.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აბსოლუტურმა პირველობამ, სადაც ფულადი პრემიებიც იყო დაწესებული. 13 გაბედული მოპაექრე ჩაეწერა საფალავნო ბრძოლაში. ყველას ახალგაზრდა გოლიათმა გორის რაიონის სოფელ ვარიანის მკვიდრმა უშანგი კოკაურმა აჯობა. უტა როგორც მას შინაურულად ეძახიან, ერთ-ერთი საუკეთესო მძიმეწონოსანი იზრდება. ვფიქრობთ, ის სულ მალე იტყვის თავის სიტყვას დიდ ჭიდაობაში...

არც დანარჩენ 9 წონით კატეგორიაში ყოფილა მოსაწყენი ჭიდაობები.

სხვათა შორის ზემო ხვედურეთის ტურნირს სჯიდნენ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მსაჯები: გია ბერუაშვილი, ტარიელ ცინცაძე, გია სპანდერაშვილი.

წონით კატეგორიებში კი პირველი ადგილები მოიპოვეს: თორნიკე გამრეკელაშვილმა (35 კგ. ძლევიჯვარი), ნიკა კაკაშვილმა (40 კგ. ქვენაფლავი), გურამ ზაკუტაშვილმა (45 კგ. ჭანდრები), ნიკა შათირიშვილმა (50 კგ. ღოღეთი), გიორგი ბერბერაშვილმა (55 კგ. თიანეთი), ლაშა გიუნაშვილმა (60 კგ. ძლევიჯვარი), სოსო ქოქაშვილმა (66 კგ. ღვლევი), გიორგი პაპუნაშვილმა (73 კგ. გორი), ამბაკო ავალიანმა (81 კგ. თბილისი).

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული