სტამბულის ტურნირზე ქართველი "ბერძენ-რომაელები" სათადარიგოებით გამოვლენ

AutoSharing Option
30 იანვარს, ღამით, ქართველ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები, ჯემალ ბაკურიძისა და აკაკი ჩაჩუას ხელმძღვანელობით, სტამბულში გაფრინდა, სადაც ამ უქმეებზე ვები ემრეს მემორიალში იჭიდავებს.

წინა კვირის თეირანული ტურნირის მსგავსად, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ იქაც სათადარიგოები გაგზავნა: ნიკა ცეცხლაძე, ზვიად ოქრაძე (ორივე - 59), ანტონ მამაგეიშვილი (66), მინდია წულუკიძე, გიორგი ჯავახია, ამირან შავაძე (სამივე - 71), თორნიკე ძამაშვილი, გიორგი დათუნაშვილი (ორივე - 80), სოსო ჯაბიძე (98), გურამ ფერსელიძე (130).

მწვრთნელთა თავდაპირველი განზრახვით, თურქეთში საჩინო დავითაია (66) და გოგა აფრიამაშვილიც უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ავადმყოფობის
გამო ვერ გაემგზავრნენ. მონაწილე არ გვეყოლება 85 კილოგრამში.

ეს ის ხალხია, ვისაც ჭიდაობის ფედერაცია აფინანსებს, თუმცა სტამბულში ოთხი კაცი საკუთარი ხარჯითაც მიდის: ქემალ ხარაბაძე (59), არჩილ თურმანიძე (66), მიხეილ ქაჯაია და ამირან ზარნაძე (ორივე - 98). გუნდს მსაჯიც მიჰყვება - გელა ჯანელიძე. შაბათს 59, 71, 85 და 130 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები - კვირას.

გუნდის ლიდერები დარჩიას მეთვალყურეობით 8-9 თებერვალს პარიზში იჭიდავებენ "ოქროს დიდი პრიზის" პირველ ტურნირში, თუმცა იქ საქართველოს ჩემპიონებს ორიოდე წონაში სხვებიც ემატებიან. პარიზში ლაშა გოგიტაძე, გოდერძი დავითაძე (ორივე - 59), რევაზ ლაშხი (66), მანუჩარ ცხადაია (71), ზურაბ დათუნაშვილი (75), გიორგი ცირეკიძე (80), რობერტ კობლიაშვილი, ვლადიმერ გეგეშიძე (ორივე - 85), ვასილ იმერლიშვილი (98) და იაკობ ქაჯაია (130) იჭიდავებენ. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი მინსკში გაფრინდება ერთობლივ შეკრებაზე, მისი დასრულების შემდეგ კი უნგრულ სომბათჰეიში გამოვა "ოქროს დიდი პრიზის" მეორე ტურნირზე, ოღონდ იქ წასაყვანი შემადგენლობა ამ შეჯიბრებების შემდეგ დაზუსტდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული