[ინტერვიუ ერთი დღით ადრე] რაღაც უნდა მოვიფიქრო, რაღაც უნდა შევცვალო...

AutoSharing Option
ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან (80) ინტერვიუ წინა კვირას ჩავწერეთ, იმ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე.

- ღამის კლუბში დაჭრილი ზურაბ დათუნაშვილი პალატაში გადაიყვანეს

ინტერვიუს ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვისაუბრეთ, რომელსაც ასე იმედიანად ელოდა ფალავანი. ცოტა დანანებით ჩაილაპარაკა, მსოფლიოს მედალი არ მაქვსო, თუმცა ძალიან ეიმედებოდა, რომ პარიზში ამ ხარვეზს გამოასწორებდა. სამწუხაროდ, ახლა ამ ოპტიმიზმს საფრთხე შეექმნა, რადგან გამოჯანმრთელებას კი მოასწრებს, მაგრამ ფორმის აღდგენის შანსი საკითხავია.

არადა, ახლა ნამდვილად კარგ ფორმაში იყო, რაც სერბეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც დაადასტურა, სადაც ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის
ჩემპიონი.

- ევროპის ჩემპიონატი. II დღე: "მფრინავი ფალავანი" ახალ წონაშიც ჩემპიონია! [VIDEO]

თუმცა შარშან ამ წარმატებას 75 კილოგრამში მიაღწია, ახლა კი 80-ში გაიმარჯვა. ახალ წონაში გადასვლა ჰაერივით მოუხდა და ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით გაიარა. აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე მსოფლიოს პირველობაზე წარმატება მართლაც რეალური იყო, თუმცა მთავარი მისი ჯანმრთელობაა, მსოფლიოს მედალი კი წლეულს თუ ვერ მოესწრო, მომავალში აუცილებლად იქნება.

დათუნაშვილთან ინტერვიუ ახალ წონაში ადაპტირებით დავიწყეთ.

- ისე ჩანს, ახალ წონაში ადაპტაცია არც დაგჭირდათ, ძალიან იოლად მოერგეთ მას...
- წონას რომ არ ვიკლებ, მართლა კარგად ვგრძნობ თავს. თან არა მარტო ამ ტურნირზე, არამედ - სხვებზეც. რაც ახალ წონაში გადავედი, ყველა შეჯიბრება კარგად გავიარე. გეთანხმებით, რომ ადაპტაცია არც დამჭირვებია.

- ახლა რამდენს იწონით?
- 84-მდე ვარ, მაგრამ ეს კარგიცაა. 3-4 კილოგრამს რომ ვიკლებ, მერე უკეთ ვგრძნობ თავს. ძალაც საკმარისი მაქვს და მეტოქეებთანაც არაფერში არ ვიჩაგრები. ამ წონაში კომფორტულად ვგრძნობ თავს. შეიძლება ითქვას, ერთმანეთს მოვერგეთ. თან შეკრებებზე რაღაც ნიუანსებზე ვიმუშავეთ - გამძლეობაზე, სხვა სიახლეებზე და ევროპის ჩემპიონატზეც წინგადადგმული ნაბიჯები იყო.

ისე, ამბობენ, რომ 80 კილოგრამი ოლიმპიური წონა უნდა გახდესო და ვნახოთ, რა იქნება. ასე თუ მოხდება, ძალიან გამიხარდება, თუ არადა, მერე რაღაც უნდა მოვიფიქრო.

- თითქოს უფრო შემტევ სტილშიც ჭიდაობდით, მაგრამ ტაქტიკური მიდგომაც გეტყობოდათ - დაწინაურების მერე იმდენად აღარ უტევდით, უფრო ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდაობდით. ესეც ამ ბოლო შეკრებების მონაპოვარია?
- დიახ და ამის მიზეზი გამძლეობაა - როცა გამძლეობა არ გაქვს, ჭიდაობაც გიძნელდება. ახლა უფრო თავდაჯერებული ვიყავი და თავიდანვე ვცდილობდი მომგებიანი ქულების მოპოვებას. ამის მერე ტაქტიკური ჭიდაობა ჩვეულებრივი ამბავია - სტრატეგია სპორტში ბევრს ნიშნავს.

- ილეთზეც ძალიან იოლად შედიოდით... ეს წონის შეცვლის დამსახურებაა თუ სპეციფიკური ვარჯიშების?
- ილეთზე ადრეც კარგად შევდიოდი, არასოდეს მიჭირდა. ალბათ, ეს თავიდან უნდა მოგდგამდეს. ვფიქრობ, წონას რომ არ ვიკლებ, ეს ენერგიასაც მიზოგავს, ამ დროს კი თავს გაცილებით კარგად გრძნობ. ასეთ პირობებში ილეთსაც კარგად გააკეთებ და თავსაც უკეთ დაიცავ.

- ნახტომები ხომ არ დაგვიწყებიათ? რაღაც არ გამოგიყენებიათ ამ ჩემპიონატზე, თუმცა არც დაგჭირვებიათ...
- ნახტომები არ დამვიწყებია, მაგრამ მართლაც არ დამჭირვებია, თორემ მცდელობა იქნებოდა. რამდენად გამომივიდოდა, არ ვიცი, რადგან უკვე ყველამ იცის, ანგარიშში ჩამორჩენის შემთხვევაში ამას რომ ვაკეთებ და ვინც ქულებით დაწინაურდება, ყველა მომზადებულია ამ ნახტომისთვის. ამიტომ სხვა რაღაცაა მოსაფიქრებელი.

- გამოარჩევთ რომელიმე შეხვედრას, სადაც გაგიჭირდათ წარმატების მოპოვება?
- ჩემთვის პირველი შეხვედრა ყოველთვის ძნელია, რადგან გახურება, გახსნა მჭირდება. პირველ პაექრობას დიდი მნიშვნელობა აქვს - როგორც ჩაერთვები, ისე წარიმართება მთელი შეჯიბრება. ახლაც პირველ შეხვედრაში ბულგარელ დანიელ ალექსანდროვთან თითქოს ცოტა გამიჭირდა, პირველი პერიოდი 1:1 დამთავრდა და 21 წამის განმავლობაში მწვრთნელებთან განვიხილავდი, რა მექნა - პირველად მე გავპასიურდე და მერე ის გავაპასიურო თუ რა ვქნა-მეთქი. მერე ჭიდაობამ ისე მოიტანა, რომ მომგებიანი ქულა გავუკეთე და ეს აღარ გახდა საჭირო.

- ევროპირველობამდე ძალიან ძლიერი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეთ. ნაკრებშიც სერიოზული კონკურენტი გყავდათ - მსოფლიოს პრიზიორი ლაშა გობაძე, მაგრამ ელოდით ასეთ დამაჯერებელ გამოსვლას სერბეთში?
- საქართველოში მართლაც ძლიერი კონკურენტი მყავს - ლაშა გობაძე მსოფლიოს დონის სპორტსმენია, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოჭიდავე 80 კილოგრამში. მინდა, მადლობა გადავუხადო მას, რადგან შეკრებებზე თავს არ ზოგავდა ჩემ მოსამზადებლად, ღირსეულ სპარინგ-პარტნიორობას მიწევდა, ჯანსაღი კონკურენცია კი ბევრს ნიშნავს და ძალიან კარგია სპორტსმენისთვის.

მოსამზადებელ ციკლში რუსეთში ვიჭიდავე საკმაოდ ძლიერ ტურნირში - ივან პოდუბნის მემორიალზე, სადაც წარმატებით გამოვედი, ჩემპიონი გავხდი. შემდეგ ინდოეთში მესამეზე გავედი, მაგრამ იქ მსაჯებმა წამაგებინეს. სამაგიეროდ, ვგრძნობდი, რომ ყველასთან შემეძლო მოგება.

- თუმცა, როგორც ამბობენ, ტიტულის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე - მისი მოპოვება. თან ახალ წონაში გამოდიოდით...
- ეგრე ამბობენ, მაგრამ თითქოს სტერეოტიპები დავამსხვრიე, იმდენად გამიადვილდა ჭიდაობა. თუმცა გაადვილება პირობითი ნათქვამია, რადგან რთული მეტოქეები მყავდნენ. ძლიერი ბადე შემხვდა, თითქმის ყველა ტიტულოვანი მოჭიდავე ჩემს მხარეს იყო, თუმცა შევძელი და ყველა დავამარცხე. როცა კარგად ხარ მომზადებული, ყველაფერი გამოგდის. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს, რომლებიც თავს არ ზოგავენ და ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან.

- მსოფლიოსთვის რაზე გააკეთებთ გათვლას, რაზე იმუშავებთ ძირითადად?
- სამუშაო ბევრია, რათა სრულყოფილი იყო. სერბეთში რაღაცებში გამიმართლა კიდეც. მსოფლიოსთვის მოსამზადებლად უფრო დიდი დრო მაქვს და უფრო უკეთ მოვემზადები. სიახლეები საჭიროა, თორემ უკვე ისეთი დროა, რაც ვიჭიდავე, ყველაფერს განიხილავენ და საწინააღმდეგოს დამიპირისპირებენ. ამიტომ რაღაც უნდა შევცვალო და სიახლე შევთავაზო, იმათთვის მოულოდნელი რომ იყოს.

ყველაფერ ამაზე ვიმუშავებ მწვრთნელებთან ერთად. მით უფრო, პროფესიონალები მიდგანან გვერდში და, იმედია, იქაც კარგად გამოვალ. მით უფრო, მსოფლიოს მედალი არა მაქვს.

კონკურენტებს რაც შეეხება, თუნდაც მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, რუსი რამაზან აბაჩარაევი ავიღოთ. მართალია, მასთან ტურნირზე მოგებული მაქვს, როცა რუსეთში შეკრებაზე ყოფნისას მიწევდა მასთან შეხვედრა და აქვე გეტყვით, რომ ეს წვრთნები ძალიან წაგვადგა.

ცხადია, აბაჩარაევის გარდა, სხვებიც ბევრნი არიან ძლიერები: უნგრელი მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი ლასლო საბო, ირანელი მსოფლიოს მედალოსანი იუსეფ გადერიანი, თურქებსა და აზერბაიჯანელებსაც კარგი სპორტსმენები ჰყავთ. ჩვენ ყველაზე ინდივიდუალურად ვიმუშავებთ, ყველაფერს განვიხილავთ და დავხვეწავთ.

- თუმცა მანამ შიდა კონკურენცია გექნებათ დასაძლევი. კარტოზიას სახელობის ტურნირზე იჭიდავებთ?
- არ ვიცი, გამოვალ თუ არა - ცოტა მხრის ტრავმა მაწუხებს, მაგრამ საგანგაშო არაფერია. ცხადია, კონკურენცია იქნება, რადგან გობაძე უძლიერესი კონკურენტია. აგრეთვე - ნიკა კელასოვი და სხვებიც, ახალგაზრდა ბიჭებიც კარგები არიან და კონკურენცია არ იქნება ადვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი ფეხბურთელი მამუკა წერეთელი, რო დაჭრა და ბიჭს კარიერა, რო დაუნგრია ის იყო უდანაშაულო ბიჭი და მეორე ეს იქნება.
დათუნაშვილს-is
17:48 18-05-2017
0
ვინაა უდანაშაულო, მანქანის დაყენიბის პრობლემის გამო რო ხალხს დაჭრის? თუ თვითონ დაიჭრა თავი და მისის ძმაც თვითონ დაჭრა დაა სხვას აბრალებს?
oeeee
17:35 18-05-2017
0

სიახლეები პოპულარული