ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: არაბულმა სომბათჰეი ქართულად გაანათა

AutoSharing Option
ჩვენმა "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა ამ უქმეებზე წარმატებით იასპარეზა უნგრულ სომბათჰეიში ჩატარებულ იმრე პოლიაკის მემორიალზე, სადაც 4 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო და 3 ბრინჯაო. ჩემპიონი მძიმეწონოსანი ლევან არაბული გახდა. ამავე წონაში მესამეზე ვასილ იმერლიშვილი გავიდა, ორი ბრინჯაო კი ზურაბ დათუნაშვილმა (80) და რობერტ კობლიაშვილმა (850) მოიპოვეს.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მეოთხეზე გავიდნენ უნგრეთის, ბელორუსისა და იაპონიის შემდეგ.

ეს გამოსვლა და მედლები მით უფრო საყურადღებოა იმ ფონზე, რომ ჩვენი ნაკრები, ბექა როყვასა და ვლადიმერ გეგეშიძის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, პირდაპირ სომხური წახკაძორიდან, ანუ ფიზიკური მომზადების
შეკრებიდან გაემგზავრა ტურნირზე. გუნდი სომხეთიდან დაბრუნდა თუ არა, არც დაუსვენია, ისე გაფრინდა უნგრეთში. მწვრთნელებმა იქ ძირითადად ისინი წაიყვანეს, ვისაც ევროპის პირველობისთვის ამზადებენ, თუმცა ზოგიერთ წონაში მონაწილეები გააორმაგეს.

არაბულმა პირველ წრეში ძალიან იოლად, 58 წამში წმინდად დაამარცხა არგენტინელი ვკიანო დელ რიო - ცოტა არ იყოს და, მოუქნელი მეტოქე ბეჭებზე გადააგდო და "დატუშა". ამის შემდეგ ესტონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ჰეიკი ნაბი 3:0 დაამარცხა, ნახევარფინალში მასპინძელი ბალინტ ლამიც ბეჭებზე დააწვინა, ფინალში კი ფინელ ტოუმას ლაჰტის 3:0 აჯობა.

ნახევარფინალში სწორედ ლაჰტიმ მოუგო იმერლიშვილს - 5:3, მანამდე კი ჩვენებურმა ჯერ რუმინელ ლენარდ ბერეის და უნგრელ ლასლო ბალოგს მოუგო ერთნაირი ანგარიშით - 2:0. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იმერლიშვილმა იაპონელი არუტა სონოდა 3:1 დაჯაბნა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი დათუნაშვილიც ნახევარფინალში დამარცხდა - გამოცდილ მასპინძელ პეტერ ბასცისთან 1:2 დათმო. სომბათჰეიში მას სულ უნგრელებთან მოუწია შეხვედრა. ჩვენებური საკვალიფიკაციო ეტაპზე ისვენებდა და შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც უნგრელ ბერტალან პაპს 8:1 "გადაურბინა", მეოთხედფინალში კი ძნელი ბრძოლა გადახდა მესამე მადიართან, მარტინ საბოსთან - 2:2-ზე დამატებითი მაჩვენებლებით მოუგო. დათუნაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც ფრედ, 4:4 დაასრულა ამერიკელ იან სტეპენვიჩთან, მაგრამ აქაც დამატებითმა მაჩვენებლებმა უშველა.

ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავა ნიკოლოზ კელასოვმაც, მაგრამ 1:1-ზე ბოლო ქულის გამო დამარცხდა ბელორუს ვიკტარ სასუნოუსკისთან. კელასოვი მანამდე მეოთხედფინალში დამარცხდა ამერიკელ ჯორდან სპილერთან - 3:5, მანამდე კი ორი პაექრობა მოიგო: უნგრელ ნორბერტ ურბანკოვიჩს 5:2, მის თანამემამულე ლასლო საბოს კი 3:0 სძლია. ჩვენებურმა ერთი პაექრობა დამამშვიდებელშიც მოიგო - უკრაინელ ოლექსანდრ კუხტას 6:2 აჯობა.

ევროპის ვიცე-ჩემპიონი კობლიაშვილიც ნახევარფინალში დამარცხდა. ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელორუსის სახელით მოჭიდავე გოგა გაგნიძეს შეხვდა და 2:1 მოუგო. მომდევნო ეტაპზეც ბელორუსი დაამარცხა - ანდრეი მიხაილოვსკისთან 3:2 იმარჯვა, შემდეგ კი ტიტულოვან მასპინელ ვიქტორ ლორინცთან 1:4 დათმო. ბრინჯაოსთვის პაექრობაში ქართველმა პოლონელი თადეუშ მიხალიკი 3:1 დაჯაბნა.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ახალგაზრდა ლერი აბულაძე (59) პირველივე შეხვედრაში 1:9 დამარცხდა იაპონელ კიმიჩირო ჰუმიტასთან. გოგა გოგიბერაშვილმა (66) მასპინძელ იშტვან კოზაკთან მშვენიერი 4-ქულიანი გდების შემდეგ 6:3 კი იმარჯვა, მაგრამ მომდევნო წრეში ფრანგ ჰრაჩია მალხასიანთან 2:7 დამარცხდა. თორნიკე ძამაშვილიც (75) საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე გამოვარდა - რუმინელ ილიე კოჯოკარისთან 2:11 დათმო, ხოლო რევაზ ნადარეიშვილმა (98) პოლონელ რადოსლავ გრზიბიცკისთან 2:1 მოგებას ამერიკელ დანიელ მილერთან 0:4 მარცხი მიაყოლა და მერე აღარც სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალება მიეცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული