ბ/რ ჭიდაობა: ნაკრები, ბექა როყვას ხელმძღვანელობით, კიევში გაემგზავრა

AutoSharing Option
ამ დილით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები, ახალდანიშნულ მთავარ მწვრთნელ ბექა როყვას ხელმძღვანელობით, კიევში გაფრინდა, სადაც ხვალ, 3 მარტს, დიდი საერთაშორისო ტურნირი - "სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა 21-ე მემორიალი" იწყება.

ეს შეჯიბრება უფროსთა შორის ტარდება, თუმცა ჩვენებმა იქ 23-წლიანთა ნაკრების წევრებიც მიავლინეს, რომლებიც მარტი-აპრილის მიჯნაზე გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და უკეთეს სასტარტო შეჯიბრებას ვერც ინატრებდნენ. ოღონდ ეგაა, გარკვეული საკადრო პრობლემები აწუხებთ, რაც ნაწილობრივ ტრავმებითაა გამოწვეული, ნაწილობრივ - წონის
დაკლების პრობლემით. ამიტომ ორ წონაში მონაწილე არ გვეყოლება - 59-სა და 85-ში, თუმცა 59-ში კაცნაკლულობის მიზეზი სულ სხვაა - უფროსებში საქართველოს ჩემპიონი ხულოელი ლერი აბულაძე გახდა, ვინც 23-იანებში მეორეზე გავიდა, მაგრამ მან ამავე უქმეებზე, 4-5 მარტს თერჯოლაში საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებში უნდა იჭიდაოს და კიევში ამიტომ არ მიდის.

23-იანებში საქართველოს ჩემპიონ დავით ჩხარტიშვილს ამჯერად წონას არ აკლებინებენ და 66-ში იასპარეზებს. ამ წონაში - 66-ში, ვერა და ვერ მოირჩინა ტრავმა ევროპისა და ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ, თორემ კიევში მასაც უპირებდნენ სტარტის მიცემას, ახლა კი ეს შანსი ედნარ შავაძეს მიეცა.

ტრავმების გამო არ გვეყოლება მონაწილე 85-ში, სადაც უფროსთა შორის საქართველოს ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილიც ტრავმირებულია და 23-იანებში გამარჯვებული მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ლაშა გობაძეც.

ამ ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს - 3 მარტს, "ბერძენ-რომაელთაგან" (ეს შეჯიბრება ქალებსა და თავისუფალ სტილში მოჭიდავე ვაჟებშიც ტარდება, თუმცა ჩვენ ამ დისციპლინებში არ გამოვდივართ) 59, 71, 80 და 98 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი შაბათს შეეცდებიან მედლების მოპოვებას.

თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი შეჯიბრება ამ შაბათ-კვირას, რომელშიც ჩვენი "ბერძენ-რომაელები" გამოვლენ - 4-5 მარტს მეორე ნაწილი სტამბოლშიც იჭიდავებს ვები ემრეს მემორიალში. იქ ძირითადად სათადარიგო შემადგენლობა გამოვა - დიდწილად ისინი, ვინც კიევში ვერ მოხვდნენ, თუმცა მათ საქართველოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩენილი ის ფალავნებიც დაემატებიან, ვისაც ბოლო წლებში ასაკობრივ გუნდებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე წარმატებით უჭიდავია.

ამ შემადგენლობის დიდი ნაწილი აქამდეც სტამბოლში იყო, სადაც ერთობლივი შეკრება გაიარეს ისეთ გუნდებთან, როგორებიც თურქეთის ნაკრები, აზერბაიჯანი, ირანი, ყირგიზეთი და სხვებია. თუმცა ჩვენებს რამდენიმე მონაწილე თბილისიდანაც დაემატათ.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ ეროვნული და 23-წლიანთა გუნდების ძირითადმა შემადგენლობამ კიევში წასვლამდე ბორჯომში გაიარა შეკრება, კიევიდან დაბრუნების შემდეგ კი სომხეთის მაღალმთიან კურორტ წახკაძორში გაემგზავრება საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე.

სხვათა შორის, ამ ტიპის შეკრებას ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდიც იქვე გაივლის.

საქართველოს ნაკრები
კიევის ტურნირი
66 კგ. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია), დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი), ედნარ შავაძე (აჭარა).
71 კგ. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი), რამაზ ზოიძე (აჭარა).
75 კგ. ბაკურ გოგოლი (სენაკი).
80 კგ. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი), გელა ბოლქვაძე (აჭარა).
98 კგ. კუკური კირცხალია (თბილისი).
130 კგ. ლევან არაბული (მცხეთა), ზვიად პატარიძე (ქუთაისი).
მწვრთნელები: ბექა როყვა, ოთარ ტატიშვილი

ვები ემრეს ტურნირი
59 კგ. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო), ლაშა მარიამიძე (თბილისი).
66 კგ. არჩილ თურმანიძე, მურად მიქელაძე (ორივე - აჭარა), გიორგი დავითაია (სენაკი), ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი).
71 კგ. გიორგი ფოცხვერაშვილი (სართიჭალა), საჩინო დავითაია (სენაკი), ირაკლი ლომაძე (ოზურგეთი), თორნიკე ჯანგავაძე, ანტონ მამაგეიშვილი (ორივე - ქუთაისი), გიორგი ჯავახია (თბილისი).
75 კგ. მინდია წულუკიძე, მინდია ბოლქვაძე (ორივე - აჭარა), თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი).
80 კგ. გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)
85 კგ. მათე სოფაძე (ბაღდათი), შალვა ხაჩიძე (ბორჯომი).
98 კგ. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი), ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო), სულხან ბუიძე (ქუთაისი).
130 კგ. ბექა კანდელაკი, სანდრო დიხამინჯია (ორივე - თბილისი).
მწვრთნელები: შალვა გადაბაძე, ჯემალ ბაკურიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული