ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი წესრიგი, ძველი ფინალები

AutoSharing Option
ფოტოზე: ზურაბ დათუნაშვილი ილეთს აკეთებს
გუშინ, 14 თებერვალს, სპორტის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელმაც საევროპო ნაკრების კანდიდატები ოთხ წონაში დანომრა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ქვეყნის ჩემპიონებს ექნებათ პრიორიტეტი, 2-7 მაისს სერბულ ნოვი სადში ევროპის პირველობაზე იასპარეზონ.

ჭიდაობის ფედერაციამ კარგი დასკვნები გამოიტანა წინა ტურნირებისგან და დისციპლინის გასამყარებლად ბევრიც გააკეთა. დაცვის სამსახურის მობილიზებას თავი რომ დავანებოთ, უკვე გუშინდელ ტურნირზე მკაცრად აკონტროლებდნენ, რომ სეკუნდანტად მხოლოდ ერთი მწვრთნელი ყოფილიყო და არა რამდენიმე, რაც ძალიან ხშირად აყალმაყალის მიზეზი ხდებოდა. ეტყობა, თავისი საქმე სადისციპლინო
სასჯელებმაც იქონია და თავად სპორტსმენებიც ბევრად მშვიდად იქცეოდნენ.

გუშინდელ წესრიგს უთუოდ იმანაც შეუწყო ხელი, რომ ჩემპიონატს აზერბაიჯანელი და სომეხი მსაჯებიც ემსახურებიან. იქნებ მაყურებელი ბევრ შემთხვევაში არც მათ ეთანხმება, მაგრამ მოჭიდავეები არბიტრებზე გალაშქრებას უკვე ვეღარ ბედავენ.

ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავარი მონდომებაა, თორემ დისციპლინის დამყარებას ბევრიც არაფერი უნდა.

ახლა კი თავად ჩემპიონატზე, რომელშიც გუშინ 59, 71, 80 და 98 კილოგრამების ფალავნებმა იჭიდავეს. მოლოდინისამებრ, შეჯიბრება დაძაბულად, საინტერესოდ წარიმართა და რამდენიმე ნაცნობი ფინალიც ვიხილეთ.

59 კგ
ერთი ასეთი ფინალი ამ წონაში გაიმართა: ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი, ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი და ჭაბუკებში ხულოელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლერი აბულაძე ამას წინათ 23-წლამდელთა ქვეყნის პირველობის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ დრამატულ პაექრობაში ჩხარტიშვილმა იმარჯვა, ახლა კი აბულაძემ დამაჯერებელი რევანში აუღო - 9:0.

ანგარიში იმდენად ცხადად ასახავს შეხვედრის სურათს, რომ გასაანალიზებელიც არაფერია. უბრალოდ, აბულაძემ წინა გაკვეთილიდან სწორი დასკვნები გამოიტანა და ჩემპიონობაც იზეიმა.

ამ წონაში ახალ ოლიმპიურ ციკლში ახალი კადრების გამოჩენა გარდაუვალი იყო, რადგან ძველმა ლიდერებმა თავი დაანებეს ჭიდაობას, ასპარეზი კი სულ ახალგაზრდებს დარჩათ.

1. ლერი აბულაძე (აჭარა)
2. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
3. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო),
ლაშა მარიამიძე (თბილისი; ომეც).

71 კგ
ეს წონა ჯერჯერობით არაოლიმპიურია, თუმცა კაცმა არ იცის, როგორ შეიცვლება წონები გაისად. ამჯერად არ უჭიდავია მინდია წულუკიძეს, ვინც შარშან ამ წონაში მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზა. თუმცა ბევრი საინტერესო პაექრობა კი გაიმართა.

მაგალითად, პირველ წრეშივე ლამის ნაადრევი ფინალი შედგა მომავალ ჩემპიონ გოგა აფრიამაშვილსა და ხელვაჩაურელ ტალანტს, ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონ რამაზ ზოიძეს შორის, ვინც ცოტა ხნის წინ 23-წლიანებში გახდა საქართველოს ჩემპიონი. მან დუბლის გაკეთების შანსი ხელიდან გაუშვა, რადგან დამარცხდა აფრიამაშვილთან.

ასევე ძალიან საინტერესო იყო სენაკელი საჩინო დავითაიასა და გარდაბნელი გიორგი ფოცხვერაშვილის პაექრობა, რომელიც ქვემოქართლელმა მოიგო. მერე ფოცხვერაშვილი ფინალშიც გავიდა, თუმცა აფრიამაშვილთან ძირითადად უფრო ტაქტიკურ ჭიდილში დამარცხდა. სხვათა შორის, ის 23-იანებშიც ფინალში გავიდა და იქაც მეორე იყო.

1. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი; ომეც)
2. გიორგი ფოცხვერაშვილი (გარდაბანი)
3. რამაზ ზოიძე (აჭარა),
საჩინო დავითაია (სენაკი).

80 კგ
კიდევ ერთი წონა, სადაც ნაცნობი ფინალი ვიხილეთ: თბილისელი ზურაბ დათუნაშვილი და ხულოელი ლაშა გობაძე დეკემბერში არაოლიმპიური წონების შესარჩევი საქართველოს ჩემპიონატის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს; მაშინაც და ახლაც დათუნაშვილმა იმარჯვა.

59 კილოგრამის შემდეგ ეს ფინალი ყველაზე ტექნიკური და სანახაობრივი, მონაწილეთა ტიტულებით კი ყველაზე ძლიერი გამოდგა: ქვედა წონიდან ამონაცვლებული დათუნაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, გობაძე - მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი.

ეტყობა, ფინალის სპეციფიკიდან გამომდინარე, როცა მონაწილეები ერიდებიან გახსნილ ჭიდაობას, ამათი პაექრობა უფრო ტაქტიკური იყო, ვიდრე - შემტევი, ღია და ტექნიკური. თუმცა დათუნაშვილი ისედაც არ უტევს დიდი ძალებით და უკანმოუხედავად, უფრო დაკვირვებული მიდგომა ახასიათებს; გობაძე კი მაღალ ტემპში და ტექნიკურად, თან ქართული ჭიდაობის ილეთებით გამოირჩევა, თუმცა ამჯერად მეტოქემ ამის საშუალება არ მისცა.

ოღონდ ანგარიში მაინც გობაძემ წაიყვანა, თუმცა ესეც დიდწილად მეტოქის ტაქტიკურმა შეცდომამ განაპირობა - დათუნაშვილი შესვლაზე შეცდა, გობაძემაც მოძრაობაზე დაიჭირა და 2 ქულაც მიიღო. პირველი პერიოდის დარჩენილი დრო და მეორის დიდი ნაწილი ჯაჯგურა ჭიდაობას დაეთმო, მაგრამ დათუნაშვილმა მაინც იხელთა დრო და დაბლა ჩააგდო, რასაც ჩოქბჯენში დატრიალებაც მიაყოლა: 4:2 მის სასარგებლოდ. ის კიდევ ცდილობდა კომბინაციაში მეორედ დატრიალებას, კიდევაც აქაჩა, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გადააგდო. ამის მიუხედავად, გობაძემ ანგარიშის შემცირება ვერ შეძლო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, დათუნაშვილმა კი ზედიზედ მეორედ მოუგო მას და ზედიზედ მეორე დიდი ტურნირი მოიგო.

ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ამ წონაში მათ კონკურენციაში სხვა ვერავინ ჩაერევა და ლიდერობა ამ დუეტს დარჩა. არადა, აქ ევროპის მესამეპრიზიორი, ქუთაისელი გიორგი ცირეკიძეც გამოდის, მაგრამ პირველივე წრეში გობაძესთან დამარცხდა. აქვე შევნიშნავთ, რომ გობაძე 23-იანებში ქვეყნის წლევანდელი ჩემპიონია, ოღონდ - 85 კილოგრამში.

ამ წონაში ხობელი ვარლამ კვარაცხელიას სტაბილურობაც გასათვალისწინებელია - ის 23-იანებშიც მესამეზე გავიდა და ახლაც, ოღონდ ჯერ იმ დუეტთან საჭიდაოდ მზად არაა. თუმცა მაინც მისასალმებელია რეგიონის წარმომადგენლის ასეთი სტაბილურობა, ოღონდ ბოლო წლებში ის თბილისში, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ვარჯიშობს.

ამჯერად არ უჭიდავია ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონ გელა ბოლქვაძეს. ალბათ, იმიტომ, რომ 23-იანებში გახდა საქართველოს ჩემპიონი და იმ ნაკრებში ელოდება გამოსვლა.

1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2. ლაშა გობაძე (აჭარა)
3. ვარლამ კვარაცხელია (ხობი, ომეც),
გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი).

98 კგ
ამ ფინალში თაობათა ბრძოლა ვიხილეთ: ძველ ლიდერს, ოლიმპიადის მონაწილე რევაზ ნადარეიშვილს 23-წლამდელებში ქვეყნის წლევანდელი გამარჯვებული კუკური კირცხალია დაუპირისპირდა და ლიდერობაც ჩამოართვა.

ესეც უფრო ტაქტიკური და ჩაკეტილი ჭიდაობა იყო, სადაც მეტოქენი შეცდომის არდაშვებაზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე - ილეთის გაკეთებაზე. შეხვედრა 2:2 დასრულდა და კირცხალიას ბოლო ქულის წესმა უშველა, ოთხივე ქულა კი ფალავნებმა ან მეტოქის წრიდან გაყვანისთვის მიიღეს, ანაც - მათი პასიურობისთვის.

1. კუკური კირცხალია (თბილისი)
2. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
3. ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო),
სულხან ბუიძე (ქუთაისი).

ჩემპიონატი დღეს დასრულდება 66, 75, 85 და 130 კილოგრამების შეხვედრებით. წესით, კვლავაც დაძაბული პაექრობები უნდა ვიხილოთ, რადგან ტურნირში ყველა უძლიერესი "ბერძენ-რომაელი" ფალავანი იჭიდავებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული