ოლიმპიურ ჩემპიონ იაპონელ ძიუდოისტს საქართველოში სახლის ყიდვა სურს

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაშა გუჯერჯიანი და სატოში იში
საქართველოში სტუმრად იმყოფება პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი მძიმე წონაში, იაპონელი ძიუდოისტი სატოში იში. მან პარასკევს "შევარდენის" ბაზაზე ახალგაზრდულ ნაკრებს მასტერკლასი ჩაუტარა, მერე კი დიღომში ძიუდოს აკადემიას ესტუმრა და იქ უკვე ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დაესწრო.

როგორც გითხარით, სატოში იშიმ პეკინის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა 2008 წელს, სადაც ნახევარფინალში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი დაამარცხა. ოლიმპიადის შემდეგ იშიმ ძიუდოს თავი დაანება და საბრძოლო სპორტში - MMA-ში გადაინაცვლა. ის ამჟამად ჰოლანდიაში ცხოვრობს, სადაც MMA-ში ვარჯიშობს და ლამის
ისეთივე წარმატებით, როგორც თავის დროზე - ძიუდოში.

ის გუჯეჯიანთან პეკინური თამაშების შემდეგ მეგობრობს და ამ ზაფხულს ჰოლანდიაში შეხვედრიან ერთმანეთს, როცა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები იქ შეკრებაზე იყო წასული. იშის მაშინვე გამოუთქვამს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, როგორც კი შუალედი გამომიჩნდება, გესტუმრებითო და საახალწლო დღეებში ჩამოვიდა კიდეც.

საქართველოში სტუმრობისას იაპონელს სწორედ გუჯეჯიანი მასპინძლობს. იშის თბილისში არ დახვდა კიდევ ერთი ნაცნობი პეკინის ოლიმპიადიდან - ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე, ვინც ასევე ჩინეთში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ის ამ დღეებში ბაქოში იყო წასული მსაჯთა და მწვრთნელთა სემინარზე, რომელიც გუშინ დამთავრდა და ცირეკიძე სამშობლოში ამ დღეებში დაბრუნდება. სამაგიეროდ, იშის დარბაზში დახვდა ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) და ნაკრების მთელი შემადგენლობა.

იაპონელმა სტუმარმა ახალგაზრდულ ნაკრებთან უკვე ჩაატარა ორი მასტერკლასი, რაც ჩვენი მოზარდებისთვის დიდი სკოლაა. თავიდან ის ერთი კვირით ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა ვიზიტი გაახანგრძლივა ფრიად სასიამოვნო მიზეზით - გუჯეჯიანის თქმით, თურმე იმდენად მოეწონა საქართველო, აქაურობა, ქართული სტუმარმასპინძლობა, რომ არა მარტო რამდენიმე დღით დარჩა, არამედ სახლის ყიდვაც კი გადაუწყვეტია.

ის, მინიმუმ, ერთი კვირით კიდევ დარჩება, ამ ხნის განმავლობაში კი ისევ ჩაუტარებს საჩვენებელ წვრთნებს ახალგაზრდებს. პარალელურად, ის MMA-შიც ივარჯიშებს და დიდწილად ამაზეც იქნება დამოკიდებული საქართველოში მისი ყოფნის ხანგრძლივობა - თუ დააკმაყოფილებს აქაური პირობები, კიდევ დარჩება სავარჯიშოდ, რადგან ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტი სწორედ საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული