მორიგი გამოცდა - გიორგი კაციაშვილმა ბუდაპეშტის გრან-პრიზე ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
ბუდაპეშტში დამთავრებულ ძიუდოისტთა "დიდ პრიზზე" საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ერთი ბრინჯაო მოიპოვა. ამას ერთი მეხუთე ადგილიც ემატება და გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მე-15 ადგილზე გავიდნენ.

ტურნირის მესამეპრიზიორი გიორგი კაციაშვილი (73) გახდა, მეხუთეზე კი ირაკლი კუპატაძე (60) დარჩა.

ასეთი მწირი მონაგარი არცაა გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთში ჩვენგან ახალგაზრდული ნაკრები გამოდიოდა, თავად ტურნირი კი უფროსთა ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრება იყო. თან ჩვენებში რამდენიმე ჭაბუკებიდან გადმოსულიც ჭიდაობდა და ასაკობრივი სხვაობა კიდევ უფრო დიდი იყო. ამასთან, ჩვენები იქ ფიზიკური შეკრების შემდეგ წავიდნენ.

მართალია, ჰოლანდიიდან დაბრუნებულებს დასასვენებლად
საკმარისი დრო ჰქონდათ, მაგრამ მათ იქ ძალიან დატვირთული, მათთვის უჩვეულო შეკრება გაიარეს და ძალების აღდგენა იოლი არ იქნებოდა. მეტიც - ვეჭვობთ, მათ რამდენიმე ანალოგიურად დატვირთული შეკრება კიდევ გაუჭირდებათ, ვიდრე მიუჩვეველი ორგანიზმი ასეთ სიძნელეებს შეეგუება.

მწვრთნელებსაც სწორედ ამ ფიზიკური შეკრების ფონზე აინტერესებდათ, რამდენად შეძლებდნენ ისინი ჭიდაობას; თან შეამოწმებდნენ, რა არგო თითოეულ მათგანს ამ შეკრებამ, ვის რა ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ვის რა ხარვეზი აღმოაჩნდებოდა, რათა ამის მიხედვით დაგეგმონ მათი მოსამზადებელი ციკლი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული