სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
[დღის თემა] სკანდალი ქართულ ძიუდოში - სამშობლო როსკიპი ქალი არაა
AutoSharing Option
10:10 01-02-2016
ნეტავ რა წყევლაა ასეთი, ქართულ ძიუდოში ყველა თაობამ ბუნტი რომ უნდა მოაწყოს და ყველა ოლიმპიურ ციკლში წარმატებების მაგივრად სკანდალებს უნდა ვუყუროთ?!

დარბაზის გათბობის პრობლემიდან დაწყებული, უთანხმოება გაღუნულ შტანგებზე ვარჯიშამდე და ნაკრების ცუდ პირობებში მომზადებამდე მივიდა, ყველაფერი კი სპორტსმენთა მიერ ქომაგთა გინებით და საქართველოდან წასვლის მუქარებით დასრულდა.

სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ. როგორც ამ ბოლოს მოდად იქცა, ძირითადი კამათი "ფეისბუქზე"  გაიმართა და სწორედ იქ გაჩნდა ქომაგთა საგინებელი პოსტები, ავთანდილ ჭრიკიშვილის გვერდიდან. იქვე იყო ასევე გინება ტელევიზიებისადმი, რომ მისი ინტერვიუ სრულად არ გაუშვეს და მუქარაც, მაგათ ინტერვიუს არასოდეს მივცემო.

ჩემთვის ცოტა ძნელია იმის მტკიცება (მით უფრო, არა ვარ "ფეისბუქმომხმარებელი", ხოლო ის პოსტები სხვა ფორუმზე ვნახე გადაბეჭდილი), ეკუთვნის თუ არა ის გვერდი ნამდვილად ჭრიკიშვილს, ან მართლაც მან დაწერა თუ არა ის პოსტი, თუმცა არაა ახალი გვერდი და თან საყოველთაო მოსაზრებით, ნამდვილად ჭრიკიშვილისაა და ნამდვილად მისი სახელით გავრცელდა, ოღონდ ორიოდე საათში წაიშალა. ამასთან, არც ჭრიკიშვილს უარუყვია იმ გვერდთან კავშირი.

ამას უკვე "ფეისბუქზეც" და საიტებზეც მოჰყვა მუქარა საქართველოდან წასვლის შესახებ, რაშიც სხვა სპორტსმენებიც ჩაებნენ...

ერთი სიტყვით, ზვავი უკვე დაგორდა, მას კი ვერავინ შეაჩერებს, ვიდრე თავისით არ გაჩერდება. ახლა ყველას - ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს და იმავე საპარლამენტო კომიტეტის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორმე სპორტსმენები გავარიდოთ ამ ზვავს, რომლებიც ამ ქარბორბალას ცენტრში აღმოჩნდნენ. ვნებებმა უკვე საკმაოზე მეტად ამოხეთქეს. ახლა ის დროა, როცა ემოციები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და ცივი გონებით მიუდგნენ საქმეს.

თავად სპორტსმენებსაც მინდა მივმართო: შეანელეთ აქტიურობა სოციალურ ქსელებში (მით უფრო, შეკრებაზე ხართ), მოზომეთ ემოციებიც და სათქმელიც. გვესმის, რომ იმ დღეებში დარბაზში მეტი სითბოც გჭირდებოდათ; იქნებ სხვა პრეტენზიებიც საფუძვლიანია (თუმცა ორივე მხარის არგუმენტების გაცნობამდე ამაზე ვერ ვილაპარაკებ), რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ ფედერაციასთან, რაოდენ მძიმე პირობებშიც უნდა გიწევდეთ ვარჯიში, ეს მაინც არ გაძლევთ უფლებას, ქომაგებს აგინოთ (ცხადია, თუ ის მართლაც ჭრიკიშვილის დაწერილი პოსტია). იმ ქომაგებს, რომელთა მიერ გადახდილი გადასახადებით იღებთ ხელფას-პრემიებს, რაც ბევრად აღემატება თავად მათ ანაზღაურებას.

უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია.

აკი იმ გინებას მოჰყვა კიდეც ქომაგთა დიდი უკმაყოფილება ინტერნეტში: "თურმე უსაქმურები ვყოფილვართ, ამათ საქომაგოდ ღამეებს რომ ვათენებდით", "აწი მე ამათ არ ვუქომაგებ"; "აბა, დღეს ვის ვქომაგობთ - სამხრეთ კორეას თუ ვის?" - ამ დღეებში სოციალურ ქსელებში მსგავსი შინა
You must have Flash Player installed in order to see this player.
არსის პოსტები მრავლად გაჩნდა.

ახლა თქვენ დაკავებული უნდა იყოთ მომზადებით, კონკრეტულ მეტოქეებზე ზრუნვით და არა განცხადებების კეთებით. თუ თქვენ ფედერაცია არ გიქმნით პირობებს, ცხადია, გაქვთ უფლება, მოითხოვოთ მათი გაუმჯობესება, მაგრამ აჯობებდა, ამ მოთხოვნით ფედერაციის აღმასკომისთვის მიგემართათ და ეს ამბავი პარლამენტის ტრიბუნიდან არ გახმაურებულიყო, რომელსაც არაფერი ესაქმება საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან.

ან ახლა რომ ჩაერიოს საპარლამენტო კომიტეტი ფედერაციის მუშაობაში, რა სტატუსით? ეს აღმასკომმა უნდა გააკეთოს.

თუ თქვენ მიგაჩნდათ, რომ ამერიკაში თამაზ კირაკოზაშვილის და თორნიკე ნაგლიაშვილის გაგზავნა შეცდომა იყო; თუ მიგაჩნიათ, რომ ხელფას-პრემიები არასწორად ნაწილდებოდა, ამათ მოსაგვარებლად არსებობს აღმასკომი. ვფიქრობ, პრობლემათა მოგვარების საუკეთესო გზა არა ბუნტი, არამედ საკანონმდებლო გზით გადაწყვეტაა და ამას ყველანი უნდა მივეჩვიოთ, როგორც თანამედროვე, დასავლური და დემოკრატიული ურთიერთობის ფორმას.

ვერ ვამტკიცებ, რომ სავარჯიშოდ იდეალური პირობები გაქვთ და თქვენი პრეტენზიები უსაფუძვლოა - ამაზე თქვენ უნდა ილაპარაკოთ, ჩვენ კი მზად ვართ, ტრიბუნა დაგითმოთ. მეც მიმაჩნია, რომ ბევრი პრობლემა აღმასკომის როლის დაკნინებამ განაპირობა ანუ მართვის პრობლემა ნამდვილად დგას - ბევრ საკითხზე მისი ვიზირება რომ ყოფილიყო, ამ საკითხების უმეტესობა არც წამოიჭრებოდა.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ საკმარისი პრემია არ აიღეთ ან ვინმემ დაგაკლოთ ის; თუ იმით ხართ უკმაყოფილო, რომ წინა წლების მსგავსად, ამჯერად ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ზემდგომთაგან ვერ იღებთ ჩვეულ გარანტიებს, თქვით ხმამაღლა, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, სამშობლოს ულტიმატუმის ენით ელაპარაკოთ და სხვაგან წასვლის მუქარა დაიწყოთ - ეს უკვე შანტაჟის ენაა, სამშობლოს კი ასეთი ლექსიკით არ ელაპარაკებიან.

რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ, ამის უფლებას არანაირი სინჯის მედალი არ აძლევს არავის. მსგავს თემებზე აპელირებით თქვენ იმ მიზანსაც აყენებთ ჩრდილს, რისთვისაც ახლა იბრძვით - სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება და ოლიმპიადისთვის კარგად მომზადება.

დღეს ხშირად ისმის, ვარჯიშებზე ვართ გადაგებულნი და მთელ დროს ამას ვწირავთო, მაგრამ განა ვარჯიშს ნაკლები შესწირა ვიქტორ სანეევმა, ფაქტობრივად, ახალგაზრდა კაცი რომ დაინვალიდდა სპორტში მიღებული ტრავმებით? მას მართლა კალთებს ახევდნენ სხვაგან წასვლის თხოვნით, ოქროს კოშკებს აღუთქვამდნენ, მაგრამ ამ არაქართული წარმოშობის კაცს არც უფიქრია საქართველოს დატოვება და თქვენ ჯერ განა რა გაუკეთეთ საქართველოს სანეევის დარი?

თუმცა ვიმეორებ - ათჯერ მეტიც რომ გაუკეთოთ, მსგავს ულტიმატუმს ეს მაინც არ გაამართლებდა.

თავის დროზე ნონა გაფრინდაშვილმა უთხრა უცხოეთში წასვლის ერთ მსურველს, განა რა გაუკეთე საქართველოს ასეთი, პრეტენზიებს რომ უყენებო. თავად მას - ნონა გაფრინდაშვილსაც, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და ლამის რევოლუცია მოახდინა საზოგადოებრივ ცნობიერებაში თითქმის მთელ მსოფლიოში, მაშინაც არ უფიქრია უცხოეთში წასვლა, როცა ამ ბოლო წლებში პოლიტიკურად იდევნებოდა და თქვენ რა გაგიჭირდათ ასეთი?

ხალხმა სიცოცხლე და შვილები შესწირა სამშობლოს, ბევრმა იმ შვილის საფლავიც არ იცის და იმათ რაღა უნდა ქნან მაშინ?! ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, ეს ცოტა სხვა რამეა: "ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობ".

გირჩევთ, წაიკითხოთ ვარდგეს პეტროსიანის "უკანასკნელი მასწავლებელი", სადაც შეხვდებით ფრაზას: "სამშობლოს ტრაგიკული განცდა" - იმედია, ეს ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. იქვე ასეთ ფრაზასაც ამოიკითხავთ - სამშობლო ღამის გასათევი სადგური ნუ გგონიათო - ვფიქრობ, ესეც მეტყველი ფრაზაა, რასაც ისევ დუმბაძის ერთ ფრაზას დავუმატებ - "სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი ამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ".

დასასრულ, ვიმედოვნებთ, ვითარების დასაწყნარებლად და ამ ნაკრების სავარჯიშო პროცესის ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად დღესვე გააკეთებენ განცხადებებს სამინისტროც, ოლიმპიური კომიტეტიც და საპარლამენტო კომიტეტიც.

იმედია, ხელფას-პრემიების დახურული თემაც (არაერთი ინფორმაციით, ესეც იქცა დავის საგნად) ამბავიც ერთხელ და სამუდამოდ გამოვა მზის სინათლეზე და ჩვენც გავიგებთ ამ კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფუი ფუი
19:48 30-04-2016
რა სამარცხვინო ხარ..... შენს კომენტარამდე 5 კომენტარი რომაა 3-3 წუთით ადრე დაწერილები და ყველგან შენი ენა რომ ემცნევა რა გგონია ვერ მივხვდებით? დაგაბრმავა მხარედ ყოფნამ ხო ხედავ? უნდა გრცხვენოდეს. თუმცა სინდისიც კაი საქონელია.
შმაგი
22:01 22-02-2016
ძიუდოში ყველაზე კარგად იყო საქმე, მაგრამ, ამ სკანდალმა დაგვანახა რომ მანდაც დიდი შუღლი და მტრობა ტრიალებს. მოკლედ საქმის მკეთებელი ხალხი არ უყვართ ამ ქვეყანაში და ზვიადაურისნაირი მუქტახორა ხალხი გაცილებით ურჩევნიათ. გამოვასწარი ქვეყნიდან. თავიდან გული მომიწევდა უკან დასაბრუნებლად, მაგრამ, არ არის მაგ ქვეყნის საშველი.