ექსპერიმენტი ლიცენზიისთვის - ბექა ღვინიაშვილი ახალ წონაში

AutoSharing Option
4-6 დეკემბერს ტოკიოში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება - ძიუდოს დამაარსებელ ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" ტურნირი ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი ძალზე საინტერესო თუ უცნაური ექსპერიმენტით გამოვა: ბექა ღვინიაშვილი "მშობლიური" 90 კილოგრამის ნაცვლად, 100-ში იჭიდავებს.

ამ მოსალოდნელი გადასვლის შესახებ ხმები ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში დაირხა, თუმცა მაშინ არ იჩქარეს, რადგან 100-ის სალიცენზიო ტურნირებში ჯერ ალექსანდრე მსხალაძის გამოსვლას ელოდნენ, მერე - გურამ თუშიშვილის დაბრუნებას. რომელიმე თუ გაამართლებდა, მაშინ არც ღვინიაშვილის გადაყვანა გახდებოდა საჭირო, მაგრამ მათ ვერ გაამართლეს და სათადარიგო ვარიანტიც
ამოქმედდა.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, ამით ერთ ლიცენზიას გამოვეკიდეთ. საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რომ არა ერთი გარემოება - ხომ არ ვუწევთ ნიჭს ექსპლუატაციას და რას მოუტანს ეს თავად სპორტსმენს, ასეთი მიდგომით სამომავლოდ უფრო დიდ მიზანს ხომ არ გავწირავთ?

100-ში გამოცდის იდეას ღვინიაშვილის პირადი მწვრთნელებიც ეთანხმებოდნენ და ამ საშიშროებას ვერც ნაკრებთან ერთად ტოკიოში ერთობლივ შეკრებაზე მყოფი გუნდის თავკაცი ირაკლი უზნაძე ხედავს. მას გუშინ ტოკიოში დავუკავშირდით და გვითხრა, რომ ღვინიაშვილი გამოიცდება, თორემ საბოლოოდ მისი იქ გადაყვანა არ იგეგმება.

თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს 90-კილოგრამიანი მძიმე მეტოქეებთან ჭიდაობას, როცა სიმაღლეც არ უწყობს ხელს? 100 კილოსთვის ის დაბალია, რის გამოც დაკარგავს რამდენიმე ეფექტურ ილეთს. თან უკვე ცნობილია, რომ ოლიმპიადის შემდეგ 100-ში ვალერი ლიპარტელიანი გადადის და რა გამოდის - ღვინიაშვილმა ისევ უნდა დაიკლოს და 90-ში დაბრუნდეს?

თუმცა უზნაძემ გვითხრა, რომ მისთვის წონის მომატება არ იგეგმება და არც დაკლება მოუწევს ნაოლიმპიადევს, მაგრამ ასეთ პირობებში, არა გვგონია, იქ მაინცდამაინც დიდი შანსი ჰქონდეს.

კიდევ ერთი კითხვა ისმის - ბარემ ლიპარტელიანი აგვეწია ახლავე და მას ებრძოლა 100-ში ლიცენზიისთვის. მით უფრო, 90-ში ღვინიაშვილსაც, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს საგზური და აქ ლიცენზიას არ ვკარგავდით, ხოლო ლიპარტელიანს ზედა წონაში ჭიდაობის უფრო მეტი შანსი აქვს.

ამაზე უზნაძემ გვიპასუხა, რომ ლიპარტელიანი მყარად დგას თავისი წონის ლიდერებში და ახლა ექსპერიმენტების დრო არაა, რაშიც მწვრთნელს სრულად ვეთანხმებით. მას არც ღვინიაშვილის გადანაცვლებაში ვეწინააღმდეგებით. უბრალოდ, გვეეჭვება, ამით მიზანს მივაღწიოთ, ხოლო სამომავლოდ საქმე არ გავაფუჭოთ. სულ ესაა, თორემ ექსპერიმენტი შეიძლება.

ისე კი, შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ლიპარტელიანი 2340 ქულით საერთაშორისო რეიტინგში მეორეა, ღვინიაშვილი კი 1930-ით - მეოთხე.

კანოს ტურნირზე ნაკლული წონით
თავად კანოს ტურნირს რაც შეეხება, იქ ერთ წონას - 66 კილოგრამს გამოვტოვებთ. თავიდან ამ წონაში საქართველოს წლევანდელი ჩემპიონის წაყვანას კი გეგმავდნენ, ოღონდ იმ პირობით, ჩინეთის "დიდ პრიზზე" თუ გამოიჩენდა თავს.

მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინ ამ წონაში ქვეყნის პირველობა თორნიკე თათარაშვილმა მოიგო და ჩინეთშიც იჭიდავა, მაგრამ წარუმატებლად. ამიტომ გამოირიცხა მისი წასვლა იაპონიაში. სამაგიეროდ, ამით დაზოგილი თანხით 100-ში დაგვემატება მეორე ფალავანი - საქართველოს ჩემპიონი ლაშა გურული. მისი წაყვანა ჩინეთსა და კორეაში ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც გითხარით, საოლიმპიადო რეიტინგის გათვალისწინებით, მწვრთნელები აქცენტს მსხალაძესა და თუშიშვილზე აკეთებდნენ, ანუ კვოტა შევსებული იყო, სანაცვლოდ კი გურულს ახლა მისცეს შანსი.

თუმცა ასეთ სერიოზულ ტურნირზე დაყენება რამდენადაა შანსი, კიდევ საკითხავია, მაგრამ წინ თბილისის ტურნირიცაა, იქ დასაყენებელ ოთხეულში მოხვედრა კი არ უნდა გაუჭირდეს.

დანარჩენ წონებში ის ფალავნები იასპარეზებენ, ვინც ახლა იაპონიაშია შეკრებაზე.

სხვათა შორის, უზნაძეს თუშიშვილის მომავალზეც დავეკითხეთ, რომელ წონაში ხედავს მის მომავალს - 100-ში თუ - მძიმეში, რაზეც გვიპასუხა, რომ ამაზე ჯერ ზუსტი პასუხი არაა და საბოლოოდ სამომავლო შეჯიბრებებზე ნაჩვენები სურათის მიხედვით გადაწყდება.

უზნაძე კმაყოფილია
გუშინვე უზნაძეს ამ მიმდინარე შეკრების შესახებაც ვკითხეთ, რაზედაც გვიპასუხა, რომ კმაყოფილია ამ ვარჯიშებით და ჩატარებული სპარინგებით. აქამდე ჩვენები ტოკაის უნივერსიტეტში იყვნენ, ახლა კი კოკუშინკაიში გადავიდნენ, რადგან მწვრთნელებს უნდოდათ, ბიჭებს რაც შეიძლება მეტი და განსხვავებული სტილის მეტოქეები ჰყოლოდათ. მისი თქმით, მეტოქეები ტოკაიშიც კარგები ჰყავდათ და არც ახლანდელ ადგილას უჩივიან მათ, ხვალ კი იმ სასტუმროში გადაბარგდებიან, სადაც ტურნირის დღეებში იცხოვრებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენები ტურნირის დამთავრების შემდეგაც დარჩებიან ტოკიოში და იმ სავალდებულო ერთობლივ წვრთნებშიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლის გამართვა ამ რანგის შეჯიბრების მასპინძლის მოვალეობაა. ის საშური იმდენადაა, რომ მასში ტურნირის მონაწილე სხვა ქვეყნებიც ჩაებმებიან, ახლანდელ შეკრებაზე კი ჩვენები მხოლოდ მასპინძელი უნივერსიტეტების გუნდებთან ვარჯიშობენ.

ნაკრები საქართველოში 11 დეკემბერს დაბრუნდება.

ვაჟთა ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი
100 კგ. ბექა ღვინიაშვილი, ლაშა გურული
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეგ ბიჭი ტალანტია და ფაქიზად მოექეცით, გული არ აუცრუოთ და ჯარდი ზვიადაურივით არ დაკარგოთ. ხომ ხედავთ ახალგაზრდებში 90 კგ-ში მაგის მომგები არავინაა
dato
07:36 02-12-2015
0
უდავოდ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა და საინტერესო შეხვედრებს ვიხილავთ. ორივე მაგარ ფორმაშია. წარმატებები ბიჭებს!
legion
18:13 01-12-2015
0

სიახლეები პოპულარული