საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ზონალური პირველობები გაირკვა

AutoSharing Option
გადაწყდა, რომ ძიუდოისტ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირები დასავლეთსა და აღმოსავლეთში 1-ელ ნოემბერს გაიმართება თბილისსა და ქუთაისში. თბილისის შესარჩევ ტურს ძიუდოს აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს, ქუთაისისა კი, სავარაუდოდ, იქაურ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ესაა ახალი ტურნირი, რომელსაც საქართველოს ძიუდოს ფედერაცია პირველად ატარებს და ის მიზნად ისახავს ქვეყნის პირველობისთვის შესარჩევი სისტემის დახვეწას. ფედერაცია გეგმავს, რომ ამ ზონალური პირველობებით ჩაანაცვლოს რეგიონული ჩემპიონატები, რომლებიც ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

ზონალურ შეჯიბრებებში სპორტსმენები პირად მწვრთნელთა მიერ წარდგენილი სიებით გამოვლენ, ანუ იმის მიხედვით, რეალურად ვინ სად
ვარჯიშობს. ეს გამორიცხავს ძიუდოისტთა უმისამართო გადასვლას ერთი რეგიონიდან მეორეში. აგრეთვე - სპორტსმენთა მიწერასაც ამა თუ იმ მწვრთნელზე, როგორც ადრე ხდებოდა: მაშინ მავანნი წაგების ან რეგიონული პირველობისთვის თავის არიდების მიზნით პირად მწვრთნელად წერდნენ სულ სხვა რეგიონის წარმომადგენელს, რომელსაც იქნებ პირადად არც იცნობდნენ. სამაგიეროდ, იმ რეგიონიდან იღებდნენ ქვეყნის ჩემპიონატში გამოსვლის უფლებას.

საქართველოს ჩემპიონატში აღმოსავლეთი ზონა 16, დასავლეთი კი 8 ადგილს მიიღებს. ასეთი დიფერენცირება იმითაა გამოწვეული, რომ ძიუდო აღმოსავლეთში უფრო მეტადაა გავრცელებული. აქედან გამომდინარე, ახალი სალიცენზიო შეჯიბრებებიც რამდენადმე განსხვავებული ფორმატისაა, რადგან აქ ჩემპიონები არ გამოვლინდებიან.

აღმოსავლეთში ასპარეზობა მერვედფინალში დასრულდება, რადგან გამოვლინდება 16 საუკეთესო, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში იჭიდავებს, დასავლეთში კი ტურნირი მეოთხედფინალში დასრულდება.

თუმცა შანსი წაგებულებსაც მიეცემათ - ისინი სანუგეშოში გადაერთვებიან და ყველა წონაში 2-2 საუკეთესო ასევე მიიღებს ქვეყნის პირველობაში გამოსვლის უფლებას. ეს იმისთვის კეთდება, რომ მოულოდნელობებისგან დაზღვეული არავინაა და ვაიდა, ძირითად ტურნირში ანგარიშგასაწევი ფალავანიც დამარცხდეს, მას შანსი ისევ მიეცემა.

ზონალური შეჯიბრებებისგან განსხვავებით, ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი თავად საქართველოს ჩემპიონატის გამართვის ზუსტი ვადა. სავარაუდოდ, აღებულია ორი თარიღი - 13-14 ან 14-15 ნოემბერი. ეს საკითხი საბოლოოდ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძის, ვინც ტაშკენტში ახლდა ორკაციან გუნდს "დიდი პრიზის" ტურნირში საჭიდაოდ, თბილისში დაბრუნებისა და მასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული