მიმართვა განათლების სამინისტროს: ნუ ჩატოვებთ მზია ბებოშვილს კლასში!

AutoSharing Option
დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია ძიუდოისტი მზია ბებოშვილი (57), ვინც ახლახან ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა და იმდენად დამაჯერებლად იჭიდავა, მთელი ძიუდოს სამყარო აალაპარაკა.

ვინ უწოდა მას "ქართველი დინამიტი" და რა გამოხმაურებები მოჰყვა მის გრიგალივით ჭიდაობას სოფიაში, რა თქვეს ფრანგთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლუსი დეკოსიმ და სხვებმა, ამაზე "ლელო" წერდა და დღეს სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, თუმცა ამ დიდი წარმატების გვერდით მაინც გვიწევს წერა პრობლემაზე, რაც ჩინოვნიკთა უნიათობითაა გამოწვეული: სპორტი მას ხელს უშლის სწავლაში და ერთხელ უკვე ჩატოვეს კლასში.

არადა, მაშინ - 2013
წელს მან ევროპის ჩემპიონატზე ამავე ასაკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც საჭიდაო სახეობებში პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე მედალი მიიღო.

როდემდე უნდა ვაყენებდეთ სპორტსმენებს არჩევანის წინაშე და როდემდე უნდა დავკარგოთ ნიჭიერი სპორტსმენები? უფრო მეტი უბედურება ისაა, რომ შესაბამისი სამინისტროები, ამ პრობლემის მოგვარებაზე არც კი ზრუნავენ ამდენი წელიწადია. უპირველსად, ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზრუნავია, მაგრამ არცთუ მცირე როლი სპორტის სამინისტროსაც ეკისრება, რადგან ამით მისი სფერო ზარალდება.

ღმერთმა ჰქნას, ბებოშვილი ამ კუთხით ბოლო დაზარალებული იყოს. არადა, ეს ბავშვი არც დაუმსახურებლად ითხოვს ნიშნების დაწერას და კლასიდან კლასში გადაყვანას, ხოლო მისმა ჭიდაობამ სოფიაში, ევროპის ჩემპიონატზე ევროპა აღაფრთოვანა. რა უნდა გააკეთოს ან განათლების, ან სპორტის სამინისტრომ ისეთი, რომ ევროპა გააკვირვოს? ჰოდა, ვინც ამას ახერხებს, ცოტა მეტი დაფასებაც სჭირდება.

- მზია, გილოცავთ ამ გამარჯვებას. ალბათ, სოფიაში წასვლამდე გეგმავდით ასეთ შედეგს, რადგან ბოლო პერიოდში წონაში ფავორიტად იქეცით.
- ამ ტურნირისთვის ტრაბზონში ვემზადებოდით ერთობლივ შეკრებაზე, სადაც მართლაც კარგად ვივარჯიშეთ. ბოლომდე და მაქსიმალურად ვიხარჯებოდით, რათა ევროპაზე გოგოებს კარგი შედეგი გვეჩვენებინა. ბიჭებისგან ყველა მოელის შედეგს, მაგრამ გოგოებსაც გვსურდა, კარგად გვეასპარეზა და ჩვენც გამოვჩენილიყავით. ღმერთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სიძნელეები ბევრი იყო, ტრავმებიც გვქონდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის ბევრს ვშრომობდით, ასეთ დიდ ტურნირზე გამოსვლის შანსიც გვარიან სტიმულს გვაძლევდა და გვინდოდა, გვესახელებინა ჩვენი სამშობლო.

პირადად მე მუხლის ტრავმა მაწუხებდა, მაგრამ მებრძოლი ხასიათი მაქვს და ძალიან მინდოდა, მაქსიმალურად კარგად გამოვსულიყავი და ოქროს მედალზეც ვფიქრობდი. ლიდერებშიც შევდიოდი - იმ დროისთვის ევროპულ რეიტინგში მე-15 ადგილზე ვიყავი და წარმატების იმედი მქონდა.

სოფიაში პირველ წრეში ვისვენებდი, მეორეში კი ისრაელის წარმომადგენელ შირ კელნერს 15 წამში, ხოლო მესამეში იტალიელ ლუდოვიკა ლენტინის 30 წამში მოვუგე იპონით. ამის შემდეგ ტურნირი თანდათან რთულდებოდა, რასაც ველოდი კიდეც. მომდევნო მეტოქე რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ხორვატი ტიე ტოპოლოვიჩი იყო, ჩემთვის კი ორჯერ ჰქონდა მოგებული. მასთან რევანშის დიდი სურვილით გავედი და, საბედნიეროდ, შებოჭვით მოვუგე.

ნახევარფინალში რუსი მარგარიტა შრაინერი შემხვდა. ეს ჩემთვის ყველაზე ძნელი შეხვედრა იყო, რადგან მას კარგად ვიცნობ. ის ძალიან ძლიერია, რეიტინგშიც წინ იყო და მასაც ჩემსავით სურდა მოგება. საბედნიეროდ, დავამარცხე და ფინალში გავედი, თუმცა, ალბათ, უფლის ნება იყო იქ ჩემი გამარჯვება, რაშიც უფალი დამეხმარა ამ წარმატებაში. ილეთი რომ გავუკეთე, სათანადოდ ვერ დავიცავი თავი და მეტოქე მახრჩობელას მიკეთებდა, მაგრამ 15 წამი გავუძელი. ასე მოვიგე და გავედი ფინალში, სადაც ავსტრიელ ლისა დენგს შევხვდი.

იქ აღარ გამირისკავს, თავიდანვე იუკო ავუღე და აღარ ვცდილობდი გამწვავებას, არ ვრისკავდი ილეთის გაკეთებას. უფრო დროის გაყვანაზე ვმუშაობდი და ვცდილობდი, გაფრთხილება არ მიმეღო. ასე წყნარად მოვიგე ეს ფინალიც.

ძალიან ბედნიერი ვარ, ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი. მიხარია, ჩემი შრომა რაკი დაფასდა და დღესდღეობით ამ ტიტულის მფლობელი ვარ.

- თუმცა ჩემპიონობა თავშეკავებულად იზეიმეთ, არ იყო იმდენად ემოციური აღნიშვნა.
- დიახ, 2013 წელს ტალინში ევროპის პირველობაზე ბრინჯაო რომ მოვიპოვე, ის უფრო ემოციურად გამოვხატე. ახლაც კი გამიხარდა ძალიან, მაგრამ, ალბათ, ახლა რომ ველოდებოდი, იმდენად არ გამოვხატე. თუმცა ეს სულ სხვა განცდაა. მუხლიც მტკიოდა, ტკივილები მქონდა, მაგრამ კვარცხლბეკზე რომ დავდექი, არაფერი აღარ მაწუხებდა, არანაირ ტკივილს არ ვგრძნობდი, თითქოს თავიდან დავიბადე, ისეთი სიხარული იყო.

- თქვით, რომ რუსთან ყველაზე მეტად გაგიჭირდათ. თუმცა ამ წონაში თურქი ირემ კორკმაზი გამოირჩეოდა, ვინც ნაადრევად გავარდა.
- რუსთან და ხორვატთან მართლაც ყველაზე მეტად გამიჭირდა, ფინალზე მეტადაც კი, ხოლო თურქზე ვნატრობდი, ნეტავ, პირველივე ეგ შემხვდებოდეს-მეთქი. მას კარგად ვიცნობ და ახლაც ბოლო შეკრება ერთად გავიარეთ ტრაბზონში. ვარჯიშებზე მას სულ ვუგებდი და შიშიც ჰქონდა ჩემი.

- მწვრთნელებმა რა გითხრეს, როგორ შეგიფასეს გამოსვლა?
- ორივე მწვრთნელი - გია თენაძეც და კახა მოცრაძეც ძალიან კმაყოფილები იყვნენ გოგონების გამოსვლით. ისინი ბევრს აკეთებენ ჩვენთვის, ბოლომდე იხარჯებიან და უნდათ, რა პერსპექტივასაც ჩვენში ხედავენ, ეს მთელ ქვეყანას დაანახონ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამისთვის. ისინი ჩვენზე მეტს ნერვიულობენ. მაგალითად, მე მხოლოდ ჩემს თავზე ვწუხვარ, მწვრთნელები კი მთელ გუნდზე ზრუნავენ - რა სჭირდებათ, რა უნდათ და ასე შემდეგ...

ტრაბზონში მუხლი რომ ვიტკინე, მოცრაძე თვითონ მიკეთებდა მასაჟს, ექიმიც იყო ჩემთვის, მასაჟისტიც, ფსიქოლოგიც და ყველაფერი. თან ნათლიაა ჩემი. წონას რომ ვიკლებდი, საღამოს 6-ის მერე არ ვჭამდი, მაგრამ კახა მასწავლებელი გავიდოდა მაღაზიაში და მოჰქონდა ჩემთვის ჩირი, კურაგა და ამგვარები, რომ ენერგიაზე ვყოფილიყავი. ასევე ჩართულია ყველაფერში გია მასწავლებელიც. ისიც ყველაფერს აკეთებს ჩვენი წარმატებისთვის და ორივეს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ ყველაფრისთვის.

- კარგი ფიზიკური მომზადებით და ტექნიკით გამოირჩევით. ეს ტალანტი თავიდანვე იდო თქვენში თუ ვარჯიშით განავითარეს მწვრთნელებმა?
- ტექნიკა არ იყო თავიდან. კახა მოცრაძე რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ამდენი ილეთი არ მეცოდინებოდა, არ მექნებოდა ასეთი ტექნიკური მარაგი. ტრაბზონშიც ბევრი ვიმუშავე შეკრებაზე. ბევრს ვნერვიულობდი და თითქმის არ მეძინა ღამღამობით, რაც მწვრთნელებს არანაკლებ აშფოთებდათ. სულ ამ ჩემპიონატზე ვფიქრობდი, განვიცდიდი, რა მოხდებოდა, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა, შენი ქვეყნის სახელი გაიტანო საზღვარგარეთ და გააჩნია, როგორ გაიტან. 

არ მინდა, სხვანაირად გამომივიდეს, მაგრამ სხვები რომ ისვენებდნენ, მე მაინც ამ მზადებაში ვიყავი ჩართული. დილით 6 საათზე ვდგებოდი და დავრბოდი, 11-ზე უკვე დარბაზში გვეწყებოდა ვარჯიში და მაქსიმუმს ვაკეთებდი და იქნებ გადაჭარბებულადაც კი ვვარჯიშობდი. ყველაფერს ისე ვუყურებდი, ახლა ამას თუ არ შევასრულებ, ევროპაზე შედეგი არ მექნება-მეთქი.

მიხარია, რომ ეს გულმოდგინება დამიფასდა.

- ზოგადად გუნდის და კონკრეტულად თქვენს გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ალბათ, პირადადაც მიიღებდით მილოცვებს...
- ამის შესახებ პირველ დღეს არაფერი გამიგია და არც მეგონა, ასეთი რეაქცია თუ მოჰყვებოდა. მეგონა, რომ მოვიგე შეჯიბრება, როგორც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოიგოს, მაგრამ მეორე დღეს მივდივარ დარბაზში და ყველა მე მიყურებს, მოდიან, მილოცავენ სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელები, ბავშვები ფოტოებს იღებენ, რამდენიმემ ავტოგრაფიც მომაწერინა... გაკვირვებული ვიყავი, ასეთი რა გავაკეთე-მეთქი, თუმცა მეამაყებოდა, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელე.

ფრანგების მწვრთნელი მოვიდა, რუსების, ავსტრიელების, ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმაც მომილოცა და დიდი ბედნიერებაა, ამხელა ქვეყნების წარმომადგენლები შენთან, ქართველთან, რომ მოდიან და გილოცავენ. ფრანგების მწვრთნელი ლუსი დეკოსი გაკვირვებული იყო ჩვენი გამოსვლით.

- თბილისში როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს გამარჯვებას?
- ყველა გახარებულია. დედაჩემი - განსაკუთრებით. სხვათა შორის, ჩემი და - ელენეც ძიუდოისტია. ამბობენ, რომ მასაც კარგი მონაცემები აქვს, მე კი დიდ სამსახურს მიწევს სპარინგპარტნიორობით. ის რომ არა, ამდენს ვერ მივაღწევდი. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის.

- სკოლაში როგორ შეხვდნენ ამ ამბავს? როგორც ვიცით, იქ პრობლემები გაქვს გაცდენების გამო.
- იქაც გაუხარდათ, მაგრამ 84-ე საჯარო სკოლაში, სადაც ვსწავლობ, დიდი პრობლემები მაქვს. ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოვიპოვე, ის ტურნირიც გამოცდების პერიოდს დაემთხვა, რომელსაც ვერ დავესწარი და ერთი კლასით ჩამოვრჩი. წლეულსაც გამოცდების დროს ტრაბზონში ვიყავი შეკრებაზე. როგორ უნდა ჩამოვსულიყავი გამოცდების ჩასაბარებლად?

მე ხომ უმიზეზოდ არ ვაცდენ, საზღვარგარეთ იმიტომ მივდივარ, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო, და რატომ უნდა მერქვას კლასში ჩარჩენილი? თან კარგადაც ვსწავლობდი, მაღალ ნიშნებზე, ვიდრე დიდ სპორტში ჩავებმებოდი.

მერე უკვე სპორტსაც ბევრი დრო მიჰქონდა და ძალიან მიჭირდა. წარმოიდგინეთ, დილით 8 საათზე ვდგებოდი, რომ 9-ზე კლასში ვყოფილიყავი, გაკვეთილების შემდეგ მოვიდოდი სახლში, ერთ ჩანთას დავდებდი, მეორეს წამოვიკიდებდი და დარბაზში მივდიოდი. ვარჯიშის შემდეგ გვიან მოვდიოდი სახლში და დილის 4 საათამდე, ზოგჯერ უფრო გვიანობამდეც ვმეცადინეობდი.

მერიდება, ავდგე ვთქვა, რომ რაღაც ვერ მოვამზადე, რვეული დამრჩა-მეთქი და ამგვარები...

ბოლოს ასეთ რეჟიმს ვეღარ ვუძლებდი, მაგრამ მე არ ვითხოვ, ცოდნის გარეშე დამიწერონ ნიშნები, ვისწავლი, ვიმუშავებ და ისე ჩავაბარებ. ექსტერნის წესით ჩაბარების უფლებას კი მაძლევენ, მაგრამ ჩემი თხოვნაა, იმ ერთი კლასის გამოცდების ჩაბარების უფლებაც მომცენ, რათა ის დაკარგული წელიწადი ავინაზღაურო და ჩემს კლასს დავეწიო. მესმის, რომ ამას მხოლოდ ჩემი სკოლა ვერ გადაჭრის და ამიტომ ყველას ვთხოვ ამაში დახმარებას, უპირველესად - განათლების სამინისტროს.

ახლაც ვერ დავდივარ სკოლაში, რადგან ამხელა ტურნირიდან დავბრუნდი და უკვე ევროპის ოლიმპიური ფესტივალისთვის ვემზადები, რომელიც 27 ივლისს იწყება თბილისში. ეს ძალიან დიდი მოტივაციაა, რადგან სახლში ტარდება, იმის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატია.

- როგორც ვიცი, თავიდან ოჯახი წინააღმდეგი იყო ძიუდოზე სიარულისა.
- მათ უნდოდათ, ტანვარჯიშზე მევლო, როგორც უფრო ქალურ სპორტზე. თავიდან მართლაც მივედი, მაგრამ არ მომწონდა ის, თუმცა სპორტული ბავშვი ვიყავი და მაინც კარგად ვითვისებდი. ერთ თვეში შეჯიბრებაზე გავედი, სადაც მეორე ადგილი მოვიპოვე. მშობლებს იმედი მიეცათ, რომ გავყვებოდი მას, მაგრამ მე უფრო ფეხბურთი და სხვა სახეობები მიზიდავდა.

ადრე 87-ე სკოლაში დავდიოდი, სადაც ძიუდოს წრე იყო. ერთხელ შემთხვევით მათ ვარჯიშზე შევედი და მომეწონა. სახლში დაბრუნებულმა მშობლებს ვთხოვე, რომ ძიუდოზე ვივლიდი. მათ გაუკვირდათ, არც კი იცოდნენ, ქალთა ძიუდო თუ არსებობდა, თუმცა საბოლოდ მაინც დამეთანხმნენ.

მამაჩემმა, რომელიც დღეს აღარაა ცოცხალი, კახა მოცრაძესთან მიმიყვანა და ასე ჩავები ძიუდოში. იმდენად შემიყვარდა, ძილშიც კი ძიუდოზე ვფიქრობდი. მერე, როცა შედეგი გავაკეთე, მშობლებიც კმაყოფილები დარჩნენ.

მახსოვს, პირველად ბიჭებში ვიჭიდავე და ორი შეხვედრა მოვიგე. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც თბილისში გაიმართა. მე გამოვედი 50 კილოგრამში, თუმცა 36 კილო ვიყავი სულ. ამის მიუხედავად, ფინალში გავედი, სადაც ისრაელის წარმომადგენელმა მომიგო. ძალიან ცუდად მახსოვს ის შეჯიბრება.

დღეს დედაჩემი კმაყოფილია ჩემი არჩევანით... როგორც ბიძაჩემმა მითხრა, თურმე დედაჩემი სამჯერ მოასულიერეს. ასევე ძალიან განიცდიდა დეიდაჩემიც, რომელიც ჩვენ გვერდით ცხოვრობს და ერთი ოჯახივით ვართ. რომ მოვიგე, თურმე იმხელა იყვირეს, მთელი ეზო ჩვენს სახლში შემოცვივდა, რა ხდებაო.

- წინ თბილისური ფესტივალი გელოდებათ, რომელიც კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა.
- აქ მართლაც მეტია პასუხისმგებლობა, თუმცა, იმედია, იქ კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში ვიქნები. საკუთარ სამშობლოში ჭიდაობა სულ სხვა შეგრძნებაა. თან წარმატების შემდეგ კიდევ უფრო მეტს ელოდებიან შენგან, მაქსიმუმს გავაკეთებ, ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩემს ქომაგებს არ ვუმტყუნო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ყველას თავისი აზრი აქვს მაგრამ ჩემი აზრით კლასიდან კლასში გადასვლაზე ნაღდად არ უნდა იყოს პრობლემა როცა საქართველოს სახელზეა ლაპარაკი!
რომ გაიმარჯვა ხომ ყველას გაგვიხარდა?! ჰოდა რაზეა ლაპარაკი მაშინ? ეს ბავშვი უფრო მეტს აკეტებს საქარტველოსთვის ვიდრე ზოგიერთები!
ფრედო
17:57 26-07-2015
0
რა გინდათ, რას ჰქვია სწავლაში შეღავათი მიართვან ატესტატი და დიპლომი? ნახეთ, რამდენი ვეტერანი სპორტსმენი ნანობს ასე მირთმეული საჩუქრის გამო, რასაც ცოდნა არ ახლავს.თუ განათლების სამინისტრო ან სკოლა უკანონოდ იქცევა ის დაწერეთ რა წერია იმ კანონში რომელიც ირღვევა თუარა, შეეშვით დემაგოგიას.
lado
15:18 25-07-2015
0

სიახლეები პოპულარული