ზაგრების გრან პრი: შავდათუაშვილი ფინალშია, რეხვიაშვილი - მეოთხედფინალში

AutoSharing Option
ზაგრებში მიმდინარე გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს წარმატებით ასპარეზობენ ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ). ლაშა ტურნირის ფინალშია, რეხვიაშვილი კი - მეოთხედფინალში.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველ წრეში ალბანელი იგლი რამოსაკაის აჯობა, შემდეგ კი ჰოლანდიელ სამ ვან ტ ვესტენდესა და მსოფლიოს პრიზიორ ვიქტორ სკვორტოვს (არაბეთის გაერთიანებული საემიროები). ლაშამ მეოთხედფინალში უკრაინელი არტიომ ხომულა ჩამოიცილა გზიდან, ნახევარფინალში კი ფრანგი პიერ დუპრატი დააიპონა.

ოქროს მედლისთვის შავდათუაშვილი მონღოლ ცანგანბაათარ ხაშბაათარს დაუპირისპირდება.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასევე იასპარეზა ფრიდონ გიგანმა, რომელმაც მხოლოდ საწყისი ორთაბრძოლა
კი მოიგო ხორვატ დენის ბეჩიჩთან, მაგრამ მეორე წრეში კი ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოსთან წააგო.

ზებედა რეხვიაშვილმა ჰოლანდიელ ნაელ ვან დე კამერსა და ლიბანელ ნასიფ ელიასს აჯობა და მეოთხედფინალში იტალიელ ანტონიო ჩიანოს შეხვდება.

ამავე წონაში გიორგი პაპუნაშვილმა პირველივე წრეში ესპანეთში გადასული თანამემამულე შალვა ყალაბეგაშვილი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ რუს ჰასან ხალმურზაევთან წააგო.

* * *
დღესვე ქალთა ტურნირში, 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ესტერ სტამმა იასპარეზა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ჰოლანდიელმა პირველი ბრძოლა კი მოიგო ბელგიელ როქსან ტაეიმანსთან, მაგრამ შემდეგ კანადელ კელიტა ზუპანჩიჩთან შეხვედრა დათმო.

* * *
აღსანიშნავია, რომ ტურნირის პირველ დღეს, 1-ელ მაისს, 66 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე თათარაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა იასპარეზეს. სანუგეშო ტურნირამდე თათარაშვილმა მიაღწია, თუმცა საბოლოოდ მაინც უმედლოდ დარჩა. ამ წონაში გამარჯვებული კი უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაია გახდა.

ასევე იხილეთ:
ზაგრების გრან-პრი. წილისყრა: მამლუქები ქართველთა წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული