საქართველოს საკლუბო ჩემპიონატს ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელი მიენიჭა

AutoSharing Option
22 ნოემბერს სპორტკომპლექს "არენაში" ძიუდოისტთა მორიგი მნიშვნელოვანი ტურნირი ტარდება - ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატი.

ეს პირველობა წლეულს მეორედ იმართება, თუმცა ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელი მიენიჭა. შეჯიბრება კვლავაც ბავშვებში - 1997-98 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ტარდება.

შარშანდელმა ტურნირმა, რომელიც თბილისური "შევარდენის" გამარჯვებით დამთავრდა, დიდი ინტერესი გამოიწვია და წლეულს მკვეთრად გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა - 26 კლუბია დარეგისტრირებული. გაზრდილია საპრიზო ფონდიც, რომელიც უკვე 14 ათასი ლარია.

მოგეხსენებათ, საკლუბო სისტემაზე გადასვლა ქართული სპორტის სადღეისო მოთხოვნაა - სპორტის სახეობების უმეტესობა ვერაფრით ახერხებს ამ სისტემის
შემოღებას. ძიუდო ერთ-ერთი პირველი მერცხალია, რომელმაც პირველი ნაბიჯი ნამდვილად გადადგა ამ გზაზე და როგორც გითხარით, ჯერ კიდევ შარშან ჩაატარა საკლუბო პირველობა.

მართალია, ჯერ მხოლოდ ჭაბუკებში ატარებენ, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა, რომ გაისად უფროსებშიც ჩატარდეს.

მით უფრო, ორი სოლიდური კლუბი უკვე გვყავს - შსს და "საგარეჯო", რომლებიც წლეულსვე, სულ მალე - 20 დეკემბერს ევროპის საკლუბო პირველობის პირველ ლიგაში ჩაებმებიან.

იმედია, სხვა კლუბებიც შეიქმნება და მართლაც ღირსეული ტურნირი ჩატარდება, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. მაშინ ჩვენი სპორტსმენები უცხოეთში კი არ წავლენ კლუბებში საჭიდაოდ, პირიქით, იქაურები ჩამოვლენ აქ, შედეგად კი ძიუდოს ქართველი ქომაგი მიიღებს კარგ საჩუქარს - უშუალოდ ნახავენ არა მარტო ქართველი, არამედ მსოფლიოს წამყვანი ძიუდოისტების ჭიდაობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული