ლევან გუგავამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებისთვის 21 სექტემბერი წინა დღეზე ბევრად წარმატებული აღმოჩნდა - სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ლევან გუგავამ (73) ვერცხლი მოიპოვა.

ფინალში ის ქართველთან, ოღონდ საბერძნეთის სახელით მოჭიდავე რომან მასტოპულოსთან დამარცხდა, ვინც ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელ გიორგი რევაზიშვილის შვილია.

გუგავამ ფინალამდე 4 შეხვედრა მოიგო სუფთად. თავიდან სომეხი არტავაზდ ჰოვსეპიანი დააიპონა, აზერბაიჯანელ აფიგ საფარლისთან კი ბეწვზე გადაურჩა წმინდად წაგებას - თავიდან ჩვენებურმა სავაზარედ ამოუსვა და ანგარიშს წარმატებითაც ინარჩუნებდა, მაგრამ დასრულებადე 20 წამით ადრე თვითონაც გაატარა იმავე ხარისხის გდება.

იმ მომენტში გუგავამ
თითქოს წინააღმდეგობაც არ გაუწია მეტოქეს, ისე შეუშვა და მისცა შეკვრის საშუალება. კიდევ კარგი, მსაჯმა იპონი არ აჩვენა და თან იმ დროს ქართველი გაფრთხილებებით იგებდა - შემდგომი ეტაპის საგზურიც ამან მოუტანა.

საბედნიეროდ, მომდევნო შეხვედრებში მსგავსი შეცდომები არ დაუშვია - რუმინელი ვლად ვისანი ბრუნით გაისროლა ბეჭებზე, ჩეხ იაკუბ იეცმინეკს კი ისევ ამოსმულით აჯობა.

სამწუხაროდ, ფინალში მასტოპულოსი უფრო მობილიზებული აღმოჩნდა და წმინდა მოგება უკვე მან მიითვალა.

ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს, რადგან ბერძენთა ქართველი ძირითადად ჩვენს ნაკრებთან ერთად ემზადება.

საინტერესოა, რომ მასტოპულოსმა გზიდან კიდევ ერთი ქართველი, საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ტრისტან ავალიანი ჩამოიცილა. გუგავამ შარშანდელი მაჩვენებელი გააუმჯობესა, რადგან მაშინ მესამეზე გავიდა.


შაბათს ჩვენგან უშანგი მარგიანმაც (81) იჭიდავა და ორი შეხვედრაც მოიგო, მაგრამ მერვედფინალში დამარცხდა ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელ ჩემპიონთან, ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან.

ჩემპიონატი სარაევოში 22 სექტემბერს დამთავრდება, ჩვენგან კი ექვსი ფალავანი იასპარეზებს - ლაშა ტაველური, გიორგი ღვინიაშვილი (ორივე – 90), გურამ თუშიშვილი, თორნიკე ოთინაშვილი (100), ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (+100).

ასევე იხილეთ:
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა: დღეს გიგანი და მარგიანი იჭიდავებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული