ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა: ქართველების ცუდი სტარტი

AutoSharing Option
20 სექტემბერს სარაევოში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა დაიწყო, რომელშიც ჩვენმა ნაკრებმა ცუდი სტარტი აიღო - ვაჟა მარგველაშვილიც და ლუხუმ ჩხვიმიანიც (ორივე - 60) უმედლოდ დარჩნენ.

განსაკუთრებით მოულოდნელი ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ მარგველაშვილის წაგება იყო, რომელიც მერვედფინალში დამარცხდა და ვერც სანუგეშოში გადავიდა, თორემ ჩხვიმიანი დამამშვიდებლის ფინალამდეც კი მივიდა.

20 სექტემბერს ამ დუეტის გარდა, ჩვენგან სხვები არც ასპარეზობდნენ, რადგან 55 და 66 კილოგრამებში მონაწილე არ გვყავს.

მარგველაშვილმა პირველ შეხვედრაში ჰოლანდიელ ხაიმე რაიხმაკერსს 3 იუკო აართვა და მერე სუფთადაც მოუგო, პოლონელ პატრიკ ვავრზიცზკთან კი
ვაზარ-იუკო გაატარა, რომლის ამოქაჩვაც ვეღარ შეძლო.

ამ დროს ჩხვიმიანი შედარებით უფრო თავისუფლად იგებდა, თუმცა პირველ წრეში მასაც გაუჭირდა. მეტოქეც სოლიდური ჰყავდა - ამავე ტურნირის შარშანდელი მესამე პრიზიორი, იტალიელი მარია კარმინე დი ლორეტო. ჩვენებურს მის დასამარცხებლად დამატებითი დრო დასჭირდა, სადაც იპონით იმძლავრა.

წმინდად მოუგო, ოღონდ ძირითად დროში ებრაელ დანიელ ბენ დავიდსაც, მეოთხედფინალში კი გაფრთხილებებით წააგო აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონ რაშად რუფულაევთან...

ჩხვიმიანმა დამამშვიდებელში გამოსვლა ძირითადზე ბევრად უფრო ყოჩაღად დაიწყო - რუსი ეგორ მგდისიანი ჯერ გააფრთხილებინა, დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე სავაზარედ ამოუსვა, მერე იუკოც აართვა, ბოლოს კი სულაც შებოჭა.

სამწუხაროდ, ეს მისი ბოლო გამარჯვება აღმოჩნდა - მეორე აზერბაიჯანელ ორუჯ ვალიზადასთან იპონით წააგო და მეხუთეზე დარჩა. ასე აღმოჩნდა გადაულახავი ჩხვიმიანისთვის აზერბაიჯანული ბარიერი.

აღსანიშნავია ჩვენი მეზობლების ძლიერი სტარტიც - 20 სექტემბერს ბიჭებში 3-დან 2 ოქრო აზერბაიჯანელებმა წაიღეს, ხუთი ფალავანიდან კი 4-მა მედალი მოიპოვა. 55-სა და 60-ში 2-2 მონაწილე ჰყავდათ და ყველა ავიდა კვარცხლბეკზე.

ტურნირის სხვა ამბებიდან ირინა დოლგოვას (48) გამოვარჩევთ - ისიც შარშან გადმოვიდა ახალგაზრდებში, შარშანწინ კი ჭაბუკებში, ღვინიაშვილის მსგავსად, სამივე უმთავრესი ტურნირი მოიგო - ჩვენებურის პარალელურად, გაიმარჯვა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე, ევროპის ახლგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

კვარცხლბეკი
ბიჭები
55 კგ. 1. დავუდ მამადოვი (აზერბაიჯანი); 2. ვინსენტ მანქუსტი (საფრანგეთი); 3. აკოშ ბარტა (უნგრეთი), მემან სადიგოვი (აზერბაიჯანი).
60 კგ. 1. რაშად რუფულაევი (აზერბაიჯანი); 2. აჰმეტ შაჰინ კაბა (თურქეთი); 3. ორუჯ ვალიზადა (აზერბაიჯანი), ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი); 5 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო).
66 კგ. 1. გეორგიოს აზოიდისი (საბერძნეთი); 2. ანტონი ზინგი (გერმანია); 3. ილია ციგანოვიჩი (სერბეთი), მარტინ ვეგვარი (უნგრეთი).

გოგონები
44 კგ. 1. ბორისლავა დამიანოვა (ბულგარეთი); 2. იულიანა სავიჩი (სერბეთი); 3. მარუსა სტანგარი (სლოვენია), ანდრეა სტეფანესკუ (რუმინეთი).
48 კგ. 1. ოლგა დოლგოვა; 2. ანა დმიტრიევა (ორივე - რუსეთი); 3. კრისტინა ბუდესკუ (მოლდოვა), ტამარა სილვა (შვეიცარია).
52 კგ. 1. ოდეტა გიუფრიდა (იტალია); 2. ჟულია როსო (საფრანგეთი); 3. ლარისა ალექსანდრა ფლორიანი (რუმინეთი), დისტრია კრასნიჩი (კოსოვო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვაჟა მარგველაშვილიც
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული