მართლა უკბინა თუ არა ვალერი ლიპარტელიანმა რუს ძიუდოისტს? [VIDEO]

AutoSharing Option
მესამე დღეა, ინტერნეტსივრცე და რუსული ბეჭდური მედია წალეკა ვიშვიშმა იმის შესახებ, რომ რიო დე ჟანეიროში, ვაჟ ძიუდოისტთა მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე, ვალერი ლიპარტელიანმა (90) კირილ დენისოვს ფეხზე უკბინა და ქართველებმა ამის ხარჯზე მოიგეს.

ამ მიზეზით რუსებმა ჩვენს გამარჯვებას დაუმსახურებელი უწოდეს, იმაზე კი არაფერს ამბობენ, სოლიდური გუნდი 2:0-ს რომ არ უნდა ანიავებდეს.

ამ გუნდების ურთიერთპაექრობაში ლიპარტელიანი-დენისოვი მეოთხე წყვილი იყო. ამ დროს რუსები 2:1-ს იგებდნენ, ლიპარტელიანმა კი ანგარიში გაათანაბრა, რასაც ბოლოს ადამ ოქრუაშვილის სპორტული გმირობა მოჰყვა - ევროპის 6-გზის და მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი,
ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი ალექსანდრ მიხაილინი შებოჭა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოგვიტანა.

ზემოაღნიშნული საკამათო ეპიზოდი ლიპარტელიანი-დენისოვის შეხვედრის შუაში მოხდა - ქართველმა ზონის კიდესთან ილეთი დაიწყო, მაგრამ ტრადიციულმა ამოსმულმა შედეგი ვერ მოუტანა. ფალავნები ყვითელი კვადრატიდან საკმაოდ შორს დავარდნენ.

ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ ვარდნისას დენისოვს ჩვენებურის მარჯვენა ხელი გაეშვა, მაგრამ ისევ ჩასჭიდა და მტკივნეული ილეთი წამოიწყო. ვარდნაში მან ლიპარტელიანს თავზე გადმოატარა ფეხი, რომელიც სახის წინ დაეშვა.

ერთ ეპიზოდში მართლაც ჩანს, რომ მისი ფეხი პირთანაა მიტანილი, თუმცა იქ შეუძლებელია გაარჩიო, კბენს თუ არა (ისიც გაურკვეველია, კიმონოზე ეხება თუ - ფეხზე).

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ამაზე ზუსტ პასუხს ლიპარტელიანი თუ გაგვცემს, მაგრამ აქ არსებითია სხვა მომენტი - სავარაუდოდ, იმ დროს, როცა რუსი მტკივნეულს იწყებს, მსაჯს შეხვედრა გაჩერებული ჰქონდა, ანუ ილეთის წამოწყება არ შეიძლებოდა. მით უფრო - მტკივნეულის, რასაც შეიძლებოდა, მძიმე ტრავმა მოჰყოლოდა თვით ხელის მოტეხის ჩათვლით.

მართალია, ვიდეოში "მატე" არ ისმის, მაგრამ ამ დასკვნის საფუძველს ბევრი გარემოება იძლევა. უპირველესად ის, რომ თუ დაძახებული არ ჰქონდა, მაშინ არც ამ შებოჭვას შეაჩერებდა, ანუ ეპიზოდს არ ჩაშლიდა.

ილეთი დასრულდა, ხელიც გაეშვა, ზონიდან საკმაოდ შორს იყვნენ - არბიტრს ბევრი მიზეზი ჰქონდა შეხვედრის გასაჩერებლად. ვარაუდს ისიც აძლიერებს, რომ მომხდარი ვიდეოფირზე მაშინვე გადაახვიეს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ესპანელმა ხუან ბარკოსმა და მისმა ევროპელმა კოლეგამ, ჰოლანდიელმა იან სნაიდერსმა, მაგრამ მსაჯს ორთაბრძოლის გაგრძელება მოსთხოვეს.

კაცმა რომ თქვას, ის საწინააღმდეგოს არც აპირებდა - დენისოვმა ფეხზე კი ანიშნა, მაგრამ მან შეხვედრის განახლება ბრძანა. ამაზე მოგვიანებით კომენტარი რუსთა მწვრთნელმა დმიტრი მოროზოვმაც გააკეთა და მსაჯები არაობიექტურობაში დაადანაშაულა, თან მათ ქართველთაგან მოსყიდულები უწოდა.

თუმცა მოროზოვსაც და დენისოვსაც დაავიწყდათ, ყურადღება იმაზე გაემახვილებინათ, რამდენად სამართლიანად დაიწყო რუსმა მტკივნეული. თუ ეს მართლაც "მატეს" შემდეგ მოხდა, მაშინ დასასჯელი, პირიქით, დენისოვია, რადგან ამ რთული ილეთის შესაძლო შედეგზე ზევით გითხარით.

ალბათ, რუსის მიზანიც ეს იყო - როგორმე რაც შეიძლება, მძიმე ტრავმა მიეყენებინა ლიპარტელიანისთვის და ასე მაინც მოეგო მისთვის, ხოლო შეჩერებულზე ილეთის წამოწყებისთვის იოლად იმართლებდა თავს, "მატე" არ გამიგონიაო.

როგორც უკვე ვთქვით, კბენის ალბათობაზე ზუსტ პასუხს თავად ლიპარტელიანი გაგვცემს (ან - სამედიცინო ექსპერტიზა), რუსთა ამ ისტერიკაში კი გასაკვირი ისიცაა, წაგებას მხოლოდ ამ ეპიზოდს რომ აბრალებენ. გეგონება, სისხლი გამოდინდა, ან აკოჭლდა და მოძრაობაში ხელი შეეშალა!

მან ამ ტურნირზე ზედიზედ ორჯერ წააგო ლიპარტელიანთან (სხვათა შორის, ოქრუაშვილმაც ასევე ორჯერ აჯობა მიხაილინს) და მათი ისტერიკის მთავარი მიზეზიც ეს გვგონია, თორემ იმ ეპიზოდს (კიდეც რომ ეკბინა) შეხვედრის მიმდინარეობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

მოდი და ამის შემდეგ ნუ გაგახსენდება ერთი ქართული ანდაზა, ცუდ მოცეკვავეს ხელს რაღაცა უშლიდაო. ისიც გასაკვირია, როცა რუსები სხვებს აბრალებენ მოსყიდვას და ჩაწყობას.

ამასობაში კი დენისოვის თანაგუნდელი ალიმ გადანოვი იმუქრება, რაკი ქართველები იკბინებიან, რა გაეწყობა, ამას გაისად ჩელიაბინსკში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავითვალისწინებთო. თუმცა ჩვენი სპორტსმენების (არა მხოლოდ ძიუდოისტების ან მხოლოდ მოჭიდავეების) საყურადღებოდაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ შეჯიბრებისას მეტი თავდაჭერა მართებთ - დიდი სპორტსმენობა ხომ მედლებზე მეტად ქცევებში აისახება.

თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტურნირებზე საკუთარ სამშობლოს წარმოადგენენ.

თუ ლიპარტელიანმა მართლაც უკბინა თუნდაც "მატეს" შემდეგ, ამ საქციელს ვერ გავამართლებთ, რადგან სხვა, უფრო ღირსეული გზაც არსებობდა მისი აგრესიის შესაჩერებლად.

ისე, ამ ჩემპიონატზე ქართულ-რუსულ ურთიერთობებში კბენის მომენტი რაღაც საეჭვოდ აქტუალური გახდა - ამ შეხვედრამდე მსგავსი ხმები პირადი პირველობის ტურნირში ოქრუაშვილ-მიხაილინის მეოთხედფინალურ შეხვედრაზეც გაგრძელდა, სადაც "მკბენარად" ისევ ქართველი იყო გამოყვანილი, თუმცა იმ ინციდენტს გაგრძელება არ მოჰყოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ქართველებმა არაკაცურად მოიგეს!" - დენისოვი ლიპარტელიანს კბენაში ამხელს [VIDEO]
ძლევაი საკვირველი: საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატის შეჯამება: რიოში დანახული ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგისთვის რო ეკბინატ და ნაკბენი დამჩნეოდა სურატებიტ ატსჰრელებდნენ გაზეტებს.
leva
17:33 04-09-2013
0
უკბინა ასე ჩანს..მაგრამ რუსი რომ ქართველ მოჭოდავეს თვალებში თითებს ატაკებდა ადრე ესიც მახსოვს, ასე რომ ბარი-ბარში ვართ
ნუკრი
14:36 04-09-2013
0

სიახლეები პოპულარული