რომაელი საქართველოში - ინტერვიუ ლუჩილა ძაპასთან

AutoSharing Option
ფოტოზე: ლუჩილა ძაპა და მზია ბებოშვილი გორის დარბაზში
ლუჩილა ძაპას
შესახებ სპორტის ქართველმა გულშემატკივრებმა ცოტა ხნის წინათ შეიტყვეს. ეს იტალიელი ძიუდოისტი გოგონა საქართველოს მოქალაქე გახდა და სავარჯიშოდ ჩვენს ქვეყანაში გადმოვიდა.

25 წლის ძაპა 52 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მისი ყველაზე დიდი მიღწევა 23-წლამდელთა შორის მოპოვებული იტალიის ჩემპიონობაა, რომელსაც 18 წლის ასაკში მიაღწია, ანუ ფაქტობრივად 5 წლით უფროსებთან პაექრობაში იმარჯვა. მას შემდეგ ლუჩილა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის კვარცხლბეკზე კი გამოჩნდა, მაგრამ კარიერა ისეთივე წარმატებით, როგორც დაიწყო, ვერ გააგრძელა.

ძაპამ ორი წლის
წინათ სლოვენიაშიც სცადა ბედი. ახლა საქართველოს მოქალაქეა, თუმცა, ვიდრე აქედან შეეცდება საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამარჯვების მოპოვებას, საქართველოს ნაკრებში ადგილის დამკვიდრება უნდა შეძლოს. კონკურენცია კი ჩვენთან, მეტადრე მის წონაში, საკმაოდ დიდია.

ლუჩილას გორში, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვეწვიეთ და იქ ვესაუბრეთ.

- რომში დავიბადე და ვარჯიშიც თავდაპირველად იქვე დავიწყე. მწვრთნელი გრეგორიო მანიანტი გახლდათ. ძიუდო ჩვენი ოჯახისთვის უცხო არ ყოფილა, რადგან მამაჩემიც ამ სახეობაში გამოდიოდა. მას, მართალია, დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები არ მოუგია, მაგრამ შედარებით ნაკლებად მასშტაბურ ტურნირებზე მედლებს იგებდა.

მოგვიანებით სავარჯიშოდ უდინეში გადავედი, იქიდან კი სლოვენიაში. ქართული ძიუდოს დიდ გამარჯვებებზე მუდამ მესმოდა და სურვილი მქონდა ამ ქვეყანის მოქალაქე გავმხდარიყავი, აქ მევარჯიშა და საკუთარი პოტენციალი უკეთ გამომევლინა.

- თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებაზე გვითხარით, რომელიც 18 წლის ასაკში მოიპოვეთ...
- მაშინ 48 კგ-ში გამოვდიოდი. ჩემპიონატი კატანიაში ჩატარდა და 18 წლისამ 23-წლამდელთა შორის შევძელი, იტალიის ჩემპიონი გავმხადარიყავი. ასეთ ასაკში 5 წლით უფროსებთან 5 შეხვედრის მოგება, აქედან 4 იპონით, ფინალში კი (მარიანა ეპიფანისთან) ვაზარით - დამეთანხმებით, რომ იოლი ვერ იქნებოდა. მაშინ ჯერ კიდევ რომში ვცხოვრობდი და ვვარჯიშობდი.

- ასეთ წარმატებას რატომ ვეღარ მოჰყვა შესაბამისი გაგრძელება?
- ამ შეჯიბრების მოგების მერე ჰამბურგის მსოფლიო თასზე ვიასპარეზე, მაგრამ მედლის მოპოვება ვერ შევძელი. მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში საჭიდაოდ მწვრთნელის გარეშე გამიშვეს.

საერთოდ, მაშინ იტალიაში ნაკლები ყურადღება ექცეოდა ქალთა ძიუდოს. იტალიაში პერსპექტივა ვერ დავინახე და ცოტა ხანში სლოვენიაში გადავედი, სადაც ძალიან ცუდი სავარჯიშო პირობები მქონდა.

- საქართველომ რით მოგხიბლათ?
- აქ ძიუდოს განვითარების დონე უმაღლეს საფეხურზეა. მართალია, დიდი გამარჯვებები ქართველებს ჯერჯერობით მხოლოდ ვაჟებში აქვთ მოპოვებული, მაგრამ ქალთა ძიუდოც საკმაოდ კარგად და სწრაფად ვითარდება.

ეს, ფაქტობრივად, ჩემი პირველი შეკრებაა საქართველოს ნაკრებთან ერთად. ძალიან მომწონს აქაური სავარჯიშო პროცესი. უკვე დავუმეგობრდი თანაგუნდელებს. განსაკუთრებით მზია ბებოშვილთან და ეთერ ლიპარტელიანთან ვახლობლობ.

ყველაფერი მომწონს და მინდა საკუთარი პოტენციალი გამოვავლინო, რათა შანსი მომეცეს, რომ საქართველოს სახელით წარმატებებისთვის ვიბრძოლო.

- შეკრებას გორში გადიხართ, ამ ქალაქზე თუ გსმენია რამე?
- დიახ, გორი ძიუდოს ტრადიციებითაც მდიდარია. აქ, ამ დარბაზში კედლებზე სულ ადგილობრივი ოლიმპიური ჩემპიონების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების პლაკატებია გამოკრული. ამჟამადაც, ჩვენ გვერდით არაერთი საკმაოდ ტიტულოვანი ძიუდოისტი ვარჯიშობს.

მოკლედ, ქართველები მაგარი ძიუდოისტები არიან, კარგი პირობები აქვთ და დიდებული ქვეყანაა - ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული