ეკატერინბურგის გრან სლემი: მატიაშვილმა კონკურენცია იგრძნო

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 მედლით დაამთავრა გამოსვლა რუსულ ეკატერინბურგში, "დიდ მუზარადზე".

ცუდი მხოლოდ ისაა, რომ არ გვყავს ჩემპიონი. არადა, ჩვენებმა ორი ფინალი იჭიდავეს, მაგრამ ამირან პაპინაშვილიც (60) და ლევან მატიაშვილიც (+100) დამარცხდნენ და ვერცხლს დასჯერდნენ. ბრინჯაოს მედლებს ზებედა რეხვიაშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (100) დაეუფლნენ. საერთო-გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მერვეზე გავიდნენ, მხოლოდ ვაჟებში კი - მეხუთეზე.

ეკატერინბურგში ჩვენი ნაკრები უფრო მეტი წარმატებით მეორე დღეს გამოვიდა, როცა რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც მედლების უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა. პირველ დღეს მოჭიდავე კვარტეტიდან მედალს მხოლოდ ამირან
პაპინაშვილი შესწვდა, დანარჩენებმა კი კვირას მიაღწიეს წარმატებას.

პაპინაშვილმა ამ ვერცხლით ხელთ იგდო წონის ლიდერობა საერთაშორისო რეიტინგში, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველესად - ფსიქოლოგიურად. მან კიდევ ერთხელ ახსნა "ჯადო" აზიელებს და პირველ შეხვედრაში ყაზახი აშხატ ტელმანოვი ორი ვაზარით დაამარცხა. ეს მისი მეხუთე მოგებაა ყაზახთან, მერე კი ფრანგი სედრიკ რევოც გამოაგდო, ხოლო ნახევარფინალში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა იპონით.

სამწუხაროდ, ფინალში პაპინაშვილი ვერაფერს გახდა იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან.

პირველ დღეს სასიამოვნოდ გაგვაოცა 18 წლის ბაგრატ ნინიაშვილმა (66), ვინც ტაჯიკ ნავრუზ კარიმზოდთან მოგების შემდეგ რუსებს ანზაურ არდანოვი დაუმარცხა, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეოთხედფინალში ის რუსთა ლიდერ იაკუბ შამილოვთან დამარცხდა, დამამშვიდებელში კი გამოცდილ ბელორუს ძმიტრი მინკოუსთან წააგო და მეშვიდეზე დარჩა, თუმცა მისი გამოსვლა გასაკიცხი ნამდვილად არაა.

ლუხუმ ჩხვიმიანი (60) რუს იური კულიკოვთან მოგების შემდეგ ისევ დამარცხდა ესპანელ გარიგოსთან და ისევ არ ჩამოართვა ხელი, პირველ დღეს კი ყველაზე დასანანი ლაშა გიუნაშვილის (66) წაგება იყო პირველივე შეხვედრაში რუს ისლამ ხამეტოვთან.

მეორე დღეს ოთხივე წონაში მედლისთვის ვიჭიდავეთ, ორში კი სულაც ნახევარფინალში ვიყავით. ამ დუეტიდან ლიპარტელიანის წაგება, დიდწილად, მსაჯის დამსახურებაა რუს ნიიაზ ილიასოვთან, მატიაშვილმა კი დამატებით დროში გამძლეობით აჯობა ბრაზილიელ რაფაელ სილვას.

ლიპარტელიანი ამ ტურნირზეც კარგად გამოვიდა, ოღონდ ახალ წონაში ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო რეიტინგი და ამიტომ განუთესავებშია, რის გამოც ძირითადად პირველივე წრიდან ებმება ასპარეზობებში. ახლაც ასე მოხდა და საწყის ეტაპზე უზბეკ ერკინ დონიოროვს ვაზარით მოუგო, ალჟირელ ლიეს ბოუიაკუბს ვაზარ-იპონით სძლია, მერე კი ბრაზილიელთა მსოფლიოს ექსჩემპიონი ლუსიანო კორეა დაარჭო თავით ტატამზე. აი, ამას მოჰყვა ილიასოვთან წაგება, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ფრანგ ალექსანდრ იდირს აჯობა.

მატიაშვილი თავიდან ისვენებდა, მერე კი, სილვასთან მოგებამდე, ავსტრიელი სტეფან ჰეგიც დააიპონა. ნახევარფინალში მეტოქედ ახალბედა ბელორუსი ულადისლაუ ციპრიცკი ერგო, ვისაც იოლად მოუგო ვაზარით, ფინალში კი ბრაზილიელ დავიდ მოურას გვარიანი ბრძოლა გაუმართა, თუმცა გაფრთხილებებით მაინც წააგო. არადა, ილეთების მცდელობაც ჰქონდა და გამარჯვებასთან ახლოსაც იყო...

რეხვიაშვილმა ეკატერინბურგში ერთი შეხვედრა ჩააგდო - უნგრელ ატილა უნგვართან, სხვებში კი მოწოდების სიმაღლეზე იდგა: ძირითად ბადეში რუს სტანისლავ სემენოვსა და უზბეკ სუნათულა აზიმოვს ვაზარებით აჯობა, სანუგეშოში კი ჯერ ბრაზილიელი ვიქტორ პენალბერი დააიპონა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ძლიერ ჰოლანდიელ ფრანკ დე უაიტს 4 ილეთი გაუკეთა. აქედან ერთი პირდაპირ იპონი იყო.

კვირას ჩვენი გუნდიდან უშანგი მარგიანმაც (90) იჭიდავა, მაგრამ გადამწყვეტი პაექრობა ჰოლანდიელ ნოელ ვან ტ ენდთან ვაზარით წააგო. მანამდე ჩვენებური უნგრელ კრისტიან ტოტთან დამარცხდა მეოთხედფინალში, მანამდე კი მონღოლი ცერენიამ დელგერი დააიპონა, ხოლო მერე ბრაზილიელი ედუარდო ბეტონი "ჩააბეტონა" 3 გდებით.

კვირის შეხვედრებიდან ყურადღებას იქცევდა რუსეთიდან გადმოსული გიორგი პარკატის ჭიდაობაც. მან უზბეკი ერბოლ რუსტამოვი დააიპონა, მერე უნგრელთა მომავალ ჩემპიონ მიკლოშ ცირიენიჩთანაც ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ ერთ მომენტში შეცდა და წააგო. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, ის იმსახურებს კიდევ ერთ შანსს...

თამაზ კირაკოზაშვილმა (81) პირველ წრეში ფრანგი ჟულიან კერმარეკი ვაზარით ჩამოიშორა, მაგრამ მერე ჰოლანდიელ დე უაიტთან დამარცხდა.

ერთი შეხვედრა მოიგო ახალგაზრდა ნიკა სიდამონიძემაც (90) - რუს ალესანდერ პოლიაკოვთან, მერე კი ისიც ჰოლანდიელთან დამარცხდა - ვან ტ ენდთან.

ონისე ბუღაძემ (+100) პირველივე ბრძოლა წააგო ტაჯიკ შაკარმამად მირმამადოვთან.

ეკატერნბურგის გრან სლემი
60 კგ.
1. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია); 2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო); 3. ალბერტ ოგუზოვი (რუსეთი), ცედრიკ რევო (საფრანგეთი); 7. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო).
66 კგ.
1. აბდულა აბდულჟალილოვი (რუსეთი); 2. ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია); 3. ისლამ ხამეტოვი (რუსეთი), ძმიტრი მინკოუ (ბელორუსი); 7 ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო).
73 კგ.
1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია); 2. მარსელო კონტინი (ბრაზილია); 3. ბენჟამინ აქსუ, პიერ დუპრატი (ორივე - საფრანგეთი).
81 კგ.
1. ხასან ხალმურზაევი (რუსეთი); 2. ატილა უნგვარი (უნგრეთი); 3. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო), ეტიენ ბრიანდი (კანადა).
90 კგ.
1. კენტა ნაგასავა (იაპონია); 2. კრისტიან ტოტი (უნგრეთი); 3. მაგომედ მაგომედოვი (რუსეთი), ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია); 5. უშანგი მარგიანი (საქართველო).
100 კგ.
1. მიკლოშ ცირიენიჩი (უნგრეთი); 2. ნიიაზ ილიასოვი (რუსეთი); 3. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), ლაურინ ბოლერი (ავსტრია).
1. +100 კგ.
დავიდ მოურა (ბრაზილია); 2. ლევან მატიაშვილი (საქართველო); 3. ტემუულენ ტამულგა (მონღოლეთი), ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა ამ ჩხვიმიანს საერთოდ მოაშორებდნენ ნაკრებს. ჭიდაობაში ღმერთს არ უქნია და ტყუილა არცხვენს ქვეყანას. როგორც ერთ-ერთ გადასახადის გადამხდელს, მე არ მინდა ჩემი გადახდილი ფული ხმარდებოდეს ამ კაცის დაფინანსებას და მის აქეთ-იქით ტარებას როგორც მინიმუმ მანამდე, სანამ ზრდილობას და მაყურებლის პატივისცემას არ ისწავლის
fraternity
14:31 22-05-2017
0
წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს. აი ჩხვიმიანზე მინდა ვთქვა, რომ დიდი ვარაუდით ეს ბიჭი წარმატებას ვერ მიაღწევს. ნერვები აქვს აწეწილი და უდისციპლინოდ ჭიდაობს
dima
13:09 22-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული