ევროპის თასი: ნაკრების ორმაგი სახე

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგში ბოლო უქმეებზე ჩატარდა "ევროპის თასი" ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ბიჭების გუნდი გამოვიდა, თუმცა კი გაფართოებული, 32-კაციანი შემადგენლობით.

ჯერ ისევ ძიების პროცესში მყოფმა გუნდის მთავარმა დამრიგებელმა ლაშა გუჯეჯიანმა იქ საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი წაიყვანა და კიდევ რამდენიმე კაცი დაამატა, ვისაც, უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, მაინც ატყობს გარკვეულ პერსპექტივას. ჩვენებურთა მონაგარი 8 მედალი (1 ოქრო, 5 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) და ბიჭებში გუნდური მესამე ადგილია.

ჩვენებმა პირველ დღეს უფრო წარმატებით იჭიდავეს და 4-დან 3 წონაში 2-2 მედალი მოიპოვეს. ამასთან, სწორედ იმ
დღეს 66 კილოგრამში ქართული ფინალიც გაიმართა, სადაც შალვა გაზაშვილმა ბაგრატ ნინიაშვილი დაამარცხა. ვერცხლის მედლები ჯაბა პაპინაშვილმა (55), ტატო გრიგალაშვილმა (73), ლუკა მაისურაძემ (81) და ნიკა სიდამონიძემ (90) მოიპოვეს, ბრინჯაოსი - ნიკა ალხაზაშვილმა (55) და გიგა გიგაურმა (73).

ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ იმედა გოგოლაძე (90) და გელა ზაალიშვილი (+100), მეშვიდეზე გავიდნენ დავით რამაზაშვილი (100) და ნიკოლოზ სისვაძე (+100).

ამ და მსგავსი ტურნირების დანიშნულება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის შემადგენლობების შერჩევაა და ამ მხრივ პეტერბურგული შეჯიბრება საინტერესო გამოდგა. უპირველესად, საინტერესო იყო, ისევ გამოიჩენდნენ თუ არა თავს ის ახალგაზრდები, რომლებმაც თბილისის ტურნირიდან დაგვამახსოვრეს თავი.

ამ მხრივ, ყველაფერი კარგად წარიმართა და გაზაშვილმა თუ გრიგალაშვილმა კვლავაც შედეგიანად, წარმატებით იასპარეზეს. ორივე მათგანი ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონია და ეს სტატუსი პეტერბურგში კიდევ უფრო განიმტკიცეს. თან გაზაშვილმა იქ საკმაოდ ძლიერი რუსი აიუბ ხაჟალიევი და იაპონელი მასაჰირო ჰარადა დააიპონა. გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ რუიშირო შიმადასთან დამარცხდა, თუმცა თანაგუნდელები შედეგით ჩამოიტოვა.

ამ ბიჭებთან მიმართებაში თუ გაგრძელდა თბილისში ნანახი პროგრესი, კიდევ უფრო მეტი დადასტურდა სიდამონიძის შემთხვევაში. ვისაც ახსოვს ეროვნული ნაკრების თავკაც ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ იმ შეჯიბრების შემდეგ, ემახსოვრება მისი ფრაზაც, სიდამონიძისგან მეტს ველოდით, მას მეტი შეუძლიაო. ნიკამ ეს პეტერბურგში დაამტკიცა, სადაც ოთხიდან ორი შეხვედრა წმინდად მოიგო, დანარჩენ ორში კი ხუთი ვაზარი მიითვალა.

ის ფინალში რუს ანალ ტაიმაზოვთან დამარცხდა, ნახევარფინალში კი გოგოლაძე სამი ვაზარით ჩამოიშორა გზიდან. აღსანიშნავია, რომ მას საქართველოს ჩემპიონატზეც მოუგო, ამ ვერცხლით კი განიმტკიცა წონის ლიდერობა ნაკრებში.

იმავეს თქმა შეიძლება ამ ასაკში ქვეყნის კიდევ ერთ ჩემპიონ ლუკა მაისურაძეზე - ამ ნიჭიერი ბიჭისგანაც ბევრს მოელიან, თუმცა თბილისში მასაც გაუჭირდა ჭიდაობა. ეს არცაა გასაკვირი - უფროსებში გამოსვლას სხვა დატვირთვა აქვს და სხვანაირი ფსიქოლოგიური გამძლეობა სჭირდება, თანატოლებს კი ტოლ-სწორად ეჭიდავა და მანაც განიმტკიცა წონის ფავორიტობა. მაისურაძემ მეოთხედფინალში იაპონელი ჰიროსიმა კასაჰარა დაამარცხა, ნახევარფინალში რუს პაველ ბერლინს აჯობა, ფინალი კი მის თანაგუნდელ ტურპალ ტეპკაევთან დათმო.

ასევე მისასალმებელია ნინიაშვილისა და გიგაურის მედლებიც - მათ ბოლო პერიოდში ჩავარდნა ჰქონდათ. განსაკუთრებით - გიგაურს. იმედია, ეს მედლები ამ კრიზისის დაძლევის დასტურია.

ჩამოთვლილი წონებისგან განსხვავებით, კონკურენცია დაიძაბა 55 კილოგრამში, რისი "მიზეზიც" ეროვნული ნაკრების ლიდერ ამირან პაპინაშვილის პატარა ძმა ჯაბა პაპინაშვილია.

საერთოდ, ეს ბიჭი კარგი ქართული ილეთებით და ტექნიკური სტილით გამოირჩევა, რისი დემონსტრირება პეტერბურგშიც ლამის ყველა შეხვედრაში გააკეთა, მაგრამ ჩვენთვის, მეტადრე კი გუჯეჯიანისთვის, მთავარი ისაა, რომ ამჯერად შედეგით გაუსწრო საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტებს და ამ ეტაპზე ლიდერად იქცა. ვნახოთ, მომდევნო შეჯიბრებებში რამდენად შეინარჩუნებს ამ სტატუსს. ის ფინალში აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლისთან დამარცხდა, ვინც ჭირად გვექცა პეტერბურგში, რადგან ფალავნების უმეტესობა სწორედ მან დაგვიმარცხა: ქვეჯგუფში ქვეყნის ჩემპიონ ვანო ნინიაშვილს, ნახევარფინალში კი ალხაზაშვილს მოუგო. საინტერესოა, რომ ქვეყნის თანატოლთა ჩემპიონატში პაპინაშვილიც და ალხაზაშვილიც მესამეზე გავიდნენ, ახლა კი ყველაზე კარგად მათ იასპარეზეს.

სამაგიეროდ, რამდენიმე წონაში უმედლოდ დავრჩით და არცთუ სახარბიელო ვითარება გამოჩნდა - 60, 100 და მძიმე წონებში. განსაკუთრებით მტკივნეულია რობინზონ ბეგლარაშვილის (60) და ზაალიშვილის მარცხი. მართლაც რომ ფრიად ნიჭიერი ბეგლარაშვილი ორი მოგების შემდეგ მეოთხედფინალში იაპონელთა მომავალ ფინალისტ იუტა ჰიგუჩისთან 3 ვაზარით და იპონით დამარცხდა, თუმცა ეს კიდევ არაფერი, მაგრამ სანუგეშოშიც პირველივე პაექრობა დათმო რუს კონსტანტინ სიმეონიდისთან.

ეტყობა, ბეგლარაშვილს მართლაც სერიოზულად უდგას წონის შეცვლის პრობლემა, რაზეც თბილისის ტურნირის შემდეგ ჩვენი ნაკრების მწვრთნელებიც საუბრობდნენ.

ზაალიშვილიც მეოთხედფინალში დამარცხდა, სანუგეშოში კი ორი პაექრობა მოიგო. აქედან ერთი - თანაგუნდელ ნიკოლოზ სისვაძესთან. ამ წონაში არანაკლებ მოულოდნელი იყო საქართველოს ჩემპიონ ამირან წიქორიძის მარცხიც პირველივე წრეში.

სამწუხაროდ, 100 კილოგრამში ვერც ამ ტურნირზე დავინახეთ ვინმე საიმედო "მომავლიდან". ერთი ეგაა, რომ ჩვენებიდან ყველაზე უკეთ ისევ ქვეყნის ჩემპიონმა რამაზაშვილმა იჭიდავა, თუმცა ამ წონაში არსებული საკადრო კრიზისიც ფაქტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგონების გამოსაცდელად რატო არ ვიყენებთ ამ მეორეხარისხოვან ტურნირებს, უზნაძე კი გაუშვეს ნაკრებიდან ოლიმპიური ოქრო ვერ მოგვიტანაო, მარა ქევხიშვილს არ უნდა გაეცა რაღაცეებზე პასუხი? რას აპირებს ამ ქალებთან მიმართებაში, გუნდური რო შერეული - ქალ-კაცა იმართება ან ეს არ აინტერესებთ, ან კიდე ოლიმპიადაზე რო 2 წონაში მაინც ავიღოთ ლიცენზია?
Irakli apkhaidze
13:24 18-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული