საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ძალიან დატვირთული უქმეები

AutoSharing Option
უახლოესი უქმეები - 4-5 მარტი ძალიან დატვირთული იქნება ქართული ძიუდოსთვის საშინაო თუ საგარეო შეჯიბრებებით - ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი ტარდება ახალგაზრდებში, პარალელურად კი, ჩვენები სამ უცხოურ ტურნირში გამოვლენ და სამივე "ევროპის თასია".

აქედან ორში გოგონები იჭიდავებენ - 4 მარტს პრაღაში ტარდება "ევროპის ღია თასი" ქალებში, ანტალიაში კი - ჭაბუკებში. საქმეში ვაჟთა სათადარიგო ნაკრებიც ჩაებმება, რომელიც პოლონურ კატოვიცეში გამოვა ამავე რანგის შეჯიბრებაზე.

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 20-წლამდელთათვის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებაა, რადგან ამით იკვეთება ის ძირითადი ბირთვი, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის
გააგრძელებს მზადებას. ამიტომ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ყველა შესაძლო კანდიდატს ავალებს ჭიდაობას და არც არავის ათავისუფლებს. გამონაკლისი მხოლოდ ორია - ნიკოლოზ ჭიკაიძე (66) და ონისე სანებლიძე (100), რომლებმაც მოიგეს "მეორე დონის" ჩემპიონატი და კატოვიცეში ჭიდაობენ.

შაბათს ძიუდოს აკადემიაში 55, 60, 66 და 73 კილოგრამების ძიუდოისტები იჭიდავებენ, კვირას კი ასპარეზი 81, 90, 100 და +100-ის ძიუდოისტებს დაეთმობათ.

რაც შეეხება კატოვიცეში მოასპარეზე შემადგენლობას, ამაზე უკვე ვწერდით, როგორც - ქალთა გუნდებზე, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ეგრეთ წოდებული მეორე დონის ჩემპიონატის გამარჯვებულები წავიდნენ.

- "ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?

ქალებიდან უფრო სრული გუნდით ანტალიაში ვიქნებით წარმოდგენილნი - 11 მონაწილით, თორემ პრაღაში მხოლოდ 4 სპორტსმენი გვეყოლება.

ეს ქალთა შეჯიბრებაა, თუმცა ჩვენ უმცროსთა კვარტეტით გამოვალთ: ოლიკო ალადოშვილი (48), ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი (52) და ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი (57) ჯერაც ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიან, ხოლო ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57) კვლავაც ამ ასაკის გუნდში გამოდის.

- პრაღის ტურნირი: საჭიდაოდ გოგონებიც დაირაზმნენ

კატოვიცე, უფროსები
საქართველოს ნაკრები: 60 კგ. ლაშა ჩადუნელი; 66 კგ. ნიკოლოზ ჭიკაიძე; 73 კგ. ზვიად კაპანაძე; 81 კგ. გიორგი კაციაშვილი, ლევან გუგავა; 90 კგ. ბექა მიქუტიშვილი; 100 კგ. ონისე სანებლიძე, რევაზ წულუკიძე

ანტალია, ჭაბუკები
საქართველოს ნაკრები: 40 კგ. ნინო წერეთელი; 44 კგ. ანა ასანიშვილი; 48 კგ. სალომე ბლიაძე; 52 კგ. მარიამ გურგილიანი, ეკატერინე ტატუნაშვილი; 57 კგ. თინათინ რევაზიშვილი; 63 კგ. მარიამ ჭანტურია, ინდირა სილაგაძე; 70 კგ. მარიამ თეთრაძე; +70 კგ. სოფიო სომხიშვილი, სალომე მაყიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული