"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?

AutoSharing Option
4-5 მარტს პოლონურ კატოვიცეში "ევროპის ღია თასის" ტურნირი ტარდება ვაჟ ძიუდოისტთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ - მთლიანად სათადარიგო შემადგენლობით.

პოლონეთში ეგრეთ წოდებული მეორე დონის ჩემპიონატის გამარჯვებულები იჭიდავებენ, რომლებსაც ერთი მონაწილეც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ მეორე დონის ჩემპიონატი - ესაა ეგრეთ წოდებული წაგებულთა პირველობა, რომელშიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში წაგებული ფალავნები გამოდიან. მსგავსი შეჯიბრება მათთვის ფედერაციამ პირველად შარშან ჩაატარა, რითაც დამარცხებულებს ისევ მისცა ნაკრებში მოხვედრის შანსი.

ვერ ვიტყვით, რომ ეს შესაძლებლობა შარშან ვინმემ გამოიყენა, თუმცა წლეულს ძალიან დიდი შანსია, ასეც
მოხდეს. ამას, უპირველესად, გიორგი კაციაშვილისგან (81) ველოდებით, რომელმაც იმ შეჯიბრებაში ბრწყინვალედ იასპარეზა.

საერთოდ, ძიუდოისტთა ეროვნული პირველობის შემდეგ, რომელიც შარშან ნოემბერში გაიმართა, ის ჩინებულად აჭიდავდა და ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავანიც გახდა. ვნახოთ, როგორ იასპარეზებს პოლონეთში, სადაც წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში სხვა, გაცილებით უფრო პრესტიჟულ შეჯიბრებებში ჭიდაობის უფლებასაც მიიღებს.

თუმცა ამის თქმა სხვებთან მიმართებაშიც შეიძლება - ახლა კარგად ასპარეზობა მათაც გაუხსნის მთავარი ნაკრების კარს. მით უფრო, რომ ამ გუნდში ბევრი საყურადღებო ფალავანია.

როგორც გითხარით, პოლონეთში მეორე დონის ჩემპიონატის გამარჯვებულები იჭიდავებენ, თუმცა მათ 81 კილოგრამში ერთი მონაწილეც დაემატებათ - ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი ლევან გუგავა, ვინც იმ შეჯიბრებაშიც ბრინჯაო მოიპოვა.

გაორებული გვექნება 100 კილოგრამიც. სამაგიეროდ, მონაწილე არ გვეყოლება მძიმე წონაში, რადგან იქ გამარჯვებული რევაზ წულუკიძე, სინამდვილეში, 100 კილოგრამის მოჭიდავეა და პოლონეთშიც ისევ აქ უთხოვია დაყენება, ოღონდ - ბოლო დღეებში და ამიტომ მძიმეში სხვისი დარეგისტრირება ვერ მოესწრო.

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ლაშა ჩადუნელი
66 კგ. ნიკოლოზ ჭიკაიძე
73 კგ. ზვიად კაპანაძე
81 კგ. გიორგი კაციაშვილი, ლევან გუგავა
90 კგ. ბექა მიქუტიშვილი
100 კგ. ონისე სანებლიძე, რევაზ წულუკიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული