პარიზის გრან სლემი. წილისყრა: შავდათუაშვილს გაუმართლა, ჭრიკიშვილს - არა

AutoSharing Option
დღეს, 11 თებერვალს, პარიზში ძიუდოისტთა სეზონის პირველი "დიდი სლემის" ტურნირი იწყება, რომელშიც 13 ქართველიც მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, იქ მხოლოდ ვაჟთა გუნდი გვეყოლება, ქალებში კი ჩვენგან არავინ არ ჭიდაობს.

დღეს, ტრადიციულად, 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები იასპარეზებენ, დანარჩენები კი კვირას გავლენ ტატამზე. გულშემატკივარს ორთაბრძოლების ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90
კგ. ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი.

60 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ამირან პაპინაშილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი ტუნისელი ფრაი დუიბისა და უნგრელი ჩაბა საბოს წყვილში გაირკვევა.

წილისყრის მიხედვით, პაპინაშვილი ჯგუფში იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიადის მესამე პრიზიორ ნაოჰისა ტაკატოსთან მოხვდა, ვისაც რიოს თამაშებზე მეოთხედფინალში მოუგო. მათი გზები პარიზშიც იმავე ეტაპზე იკვეთება, ოღონდ იქამდე მისასვლელად ჩვენებურმა ორი შეხვედრა უნდა მოიგოს - ერთი ზემოაღნიშნული წყვილის გამარჯვებულთან, მერე კი - მერვედფინალში რუსი ალბერტ ოგუზოვის, ბულგარელი იანისლავ გერჩევისა და სენეგალელი მუსტაფა ტურეს სამეულიდან გასულთან.

ამავე ჯგუფშია ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე ქართველი, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი თორნიკე ჭკადუა, ვინც პირველ შეხვედრას ფრანგ ვინსენტ მანქოსთან გამართავს, ხოლო მასთან მოგების შემთხვევაში ტაკატოს დაეჭიდება.

ლუხუმ ჩხვიმიანი პირველივე წრეში იჭიდავებს ჩინელ უი ჩანთან, მომდევნო ეტაპზე გადასვლისას კი ფრანგი ცედრიკ რევო ელოდება. ამავე ჯგუფშია რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეც, ხოლო თურქეთში გადასული ბექირ ოზლუ (ბეთქილ შუკვანი) პირველ ჯგუფშია და ნახევარფინალში ჩხვიმიანის ჯგუფზე გადის.

ევროპის ჩემპიონ ვაჟა მარგველაშვილს (66) ჯგუფში იაპონელთა ტალანტი ჰიფუმი აბე ერგო, თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება, იქამდე კი ასეთი ხვედრი ხვდა: თავიდან ისვენებს, მეორე წრეში ბრაზილიელ დანიელ კარგნინსა და პორტუგალიელ ჟუან პოსტიგოს შორის უმჯობესს დაეჭიდება, ხოლო ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში მეტოქედ ფრანგი ალექსანდრ მარიაკისა და ყირგიზი ბეკტურ რისმამბეტოვის წყვილიდან ერთ-ერთი ეყოლება.

73 კილოგრამში პირველ წრეში ჩვენი ორივე მონაწილე თავისუფალია, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშილს კი წილისყრამ სხვა მხრივაც გვარიანად გაუმართლა და ფინალამდე ასცდა მისთვის უხერხულ მეტოქეებს, აზერბაიჯანელთა ევროპის ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიადის ფინალისტ ორხან საფაროვს და კორეელთა მსოფლიოს მესამე პრიზიორ ჩანგრიმ ანის, ხოლო იაპონელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი შოჰეი ონო საერთოდ არ ჭიდაობს (შეგახსენებთ - ლაშა მასთან დამარცხდა რიოს ოლიმპიადაზე).

ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონს ჯგუფშიც გაუმართლა, სადაც ტიტულოვანი მხოლოდ ფრანგი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ლოიკ კორვალია, ვისაც მერვედფინალში ხვდება. შავდათუაშვილის მსგავსად, ისიც 66-ანაა გადმოსული, ოღოდ ეს შარშან შემოდგომაზე გააკეთა ანუ, ჩვენებურისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდშია, რაც მის სპორტულ ფორმას აუცილებლად დაეტყობა.

შავდათუაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება მონღოლ ხატბაატარ მარანკხუუსთან შეხვედრით, მერე კი სწორედ ლოიკზე გადის, ვისაც იქამდე გასაღწევად უზბეკ მირზაჰიდ ფარმონოვსა და მადაგასკარელ როიალ რაკოტოარივონს შორის უძლიერესის დამარცხება დასჭირდება.

ამავე ჯგუფში მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი ფალავნები არიან ჰოლანდიელი სამ ვან ტ ვესტენდე და ებრაელი ტოჰარ ბუტბული, ალბათ - პორტუგალიელი ნუნო სარაივაც, მაგრამ ისინი მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდებიან შავდათუაშვილს. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ჩვენებურს იქ, შესაძლოა, იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო დაუხვდეს მეზობელი ჯგუფიდან, ვინც პირველ წრეში საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ტრისტან ავალიანს ხვდება. იაპონელის ჯგუფში კაშკაშა ვარსკლავები არ არიან.

შავდათუაშვილისგან განსხვავებით, არ გაუმართლა ფრიდონ გიგანს, რადგან ორუჯოვთან მოხვდა ჯგუფში. ჩვენი ფალავანი მეორე წრეში პორტუგალიელ ჟორჟე ფერნანდესსა და ჰონგ კონგელ ლინგ ჰონ ტანს შორის უძლიერესს შეხვდება.

81 კილოგრამში ზებედა რეხვიაშვილი პირველივე წრეში იჭიდავებს საუდის არაბეთის ფალავან ალი მაირაშისთან, მოგების შემთხვევაში კი შემდეგ ეტაპზე ბულგარელ ივაილო ივანოვს ხვდება.

თამაზ კირაკოზაშვილი მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრებაში, სადაც ჩინელ რიგაქი ნაის დაეჭიდება. მას თუ ჩამოიშორებს, მეტოქედ არაბული საემიროების მოლდოველი ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი სერგიუ ტომა ან ბრაზილიელი ედუარდო იუდი სანტოსი ეყოლება.

90 კილოგრამში ახალგადასული და აქ პირველად მოჭიდავე ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილიც მეორე წრიდან მოირგებს კიმონოს, თუმცა წილისყრამ საკმაოდ ძნელი გამოცდა არგუნა - ფრანგი აქსელ კლერჟე. არადა, მის გარდა ჯგუფში არავინ არაა საშიში.

დიდად არც ბექა ღვინიაშვილს გაუმართლა - პირდაპირ მეორე წრეში კია დაშვებული და იქაც მეტოქედ სენეგალელი ტაბანე რაიე ჰყავს, ვინც მოსათელად კი გამოადგება, მაგრამ ჯგუფში აქეთ იაპონელი კენტა ნაგასავა,¸იქით - კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი დონჰან გვაკი და ფრანგი ლუდოვიკ გობერი!

ღვინიაშვილს მოგება ნებისმიერთან შეუძლია, თუმცა ამ ჯგუფში წარმატების მოპოვება რომ სისხლის ფასი დაუჯდება, წილისყრიდანაც ჩანს.

სენეგალელთან ლამის გარანტირებული წარმატების შემდეგ ღვინიაშვილი ნაგასავასა და ლიბანელთა ბრაზილიელ ნაკიფ ელიასს შორის გამარჯვებულს შეხვდება მეოთხედფინალის საგზურისთვის, იქ კი გვაკი-გობერის ნახევრიდან გადმოსულს გაეჯიბრება (ისე, იმათ მხარეს გერმანელი მარკ ოდენტალიც ანგარიშგასაწევია). ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ღვინიაშვილს მეზობელი ჯგუფიდან ამათზე ბევრად სუსტი მეტოქე შეხვდება, რადგან იქ ტიტულოვანი არავინაა.

100-ში ოფიციალურად გადანაცვლების შემდეგ ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი პირველად იჭიდავებს, საქმეში კი მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც საუდელი არაბი სულთან მანია ეყოლება დასამარცხებელი.

ამ წონაში ბლომად არიან ანგარიშგასაწევი ათლეტები: აზერბაიჯანელი მსოფლიოს ჩემპიონი ელხან მამადოვი, ბრაზილიელი რაფაელ ბუზაკარინი, ახალგაზრდა იაპონელი კენტარო იიდა, არაბული საემიროების კიდევ ერთი მოლდოველი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვიქტორ რემარენკო, რუსი ადლან ბისულთანოვი...

ერთი სიტყვით, მთელი ჯგუფია ისეთია, მანიას გარდა, სხვასთან ლიპარტელიანს სულის მოსათქმელად არ ეცლება, საუდელის შემდეგ კი რემარენკოსა და ბისულთანოვს შორის მოგებულს შეხვდება.

ამ წონაში ლაშა ტაველურიც მეორე წრეში ჩაატარებს პირველ პაექრობას, ხოლო მეტოქედ ბრაზილიელთა მსოფლიოს ჩემპიონი ლუსიანო კორეა ეყოლება. დიდი ალბათობით, ამათში მოგებული მეორე ორთაბრძოლას კუბელთა მსოფლიოს ფინალისტ ხოსე არმენტეროსთან გამართავს.

მძიმე წონაში ძალიან არ გაუმართლა ლევან მატიაშვილს, რადგან პირველივე წრეში იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი რიუ შიჩინოე ერგო. არადა, მძიმეწონოსნებისთვის უდიდესი შეღავათია, რომ არ ჭიდაობს წაუქცეველი ფრანგი, მსოფლიოს რვაგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი ტედი რინერი.

გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ფრანგ ნაბილ ზალაგს ხვდება, ამათში მოგებულს კი ძლიერი ჰოლანდიელი როი მეიერი ელოდება. იაპონელი ტაკეში ოჯიტანი და გერმანელი ანდრე ბრაიტბარტიც აქვე არიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ცირეკიძე მაგარი სპორტსმენი იყო და ძალიანაც გვასახელა, მაგრამ მწვრეთნელად ვერ გაქაჩავს...გინდა კორეელი ჩამოიყვანე ასისტენტად და გინდაც იაპონელი ჩემპიონი, აზრი არ აქვს თუ მთავარი მწვრთნელი ვერ ქაჩავს. ირაკლი მაგარ პატივს გცემთ ხოდა სხვებს ნუ უჯერებ და ნუ გააფუჭებინებ ავტორიტეტს, ადრე იყო შენთვის მთავარი მწვრთნელობა...
პაატა
18:47 11-02-2017
0
ბონდო,საიდან მოიტანე მარგველას წაგება?მას შემდეგ რისმამბეტოვსაც მოუგო,აი შავდათუაშვილი კი მსაჯებმა ჩემი აზრით,აშკარად დაწვეს.ლაშა მეტოქეზე ნაკლებ აქტიური ნამდვილად არ იყო.ერთი ეგაა კომპეტენტურობას ვერ დავიტრაბახებ,მაგრამ მაინც.
სოსო
16:45 11-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული