განყოფილებები
სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
«« იანვარი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ნანა ძაგნიძის ბრინჯაო და ლევან ფანცულაიას სენსაცია
AutoSharing Option
11:31 05-01-2017
შარშან, დეკემბრის მიწურულს, ყატარის დედაქალაქმა დოჰამ რაპიდსა (სწრაფი ჭადრაკი) და ბლიცში (ელვისებური ჭადრაკი) ქალ-ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატებს უმასპინძლა, რომლებშიც პლანეტის უძლიერესი დიდოსტატებიც მონაწილეობდნენ. მედლებისთვის ბრძოლაში საქართველოს 10 წარმომადგენელიც ჩაება. მათგან გამოირჩა ნანა ძაგნიძე, რომელმაც, როგორც ვწერდით, რაპიდში მესამე ადგილი დაიკავა.

ქართველ მოჭადრაკე ქალთა ლიდერმა წლების განმავლობაში არაერთხელ ისახელა თავი მნიშვნელოვან ტურნირებში. სხვადასხვა ასაკში მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონმა საქართველოს ქალთა ჩემპიონატები ოთხჯერ მოიგო, ევროპის საკლუბო ჩემპიონატებზე რამდენჯერმე მოიპოვა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

2008 წელს გერმანიაში საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე აჯობა ყველას, 2014 წელს მსგავს შეჯიბრებაზე ტრომსოში პირველ დაფაზე ოქროს მედალი დაიმსახურა. გუნდურში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მეორე-მესამეპრიზიორმა ერთხელ ფიდეს ქალთა მსოფლიო გრანპრის ეტაპი მოიგო, თითოჯერ მეორე და მესამე ადგილები დაიკავა, 2009-10 წლების გათამაშებაში კი საერთო მესამე ადგილზე გავიდა. 2014 წელს ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს ჩემპიონატზე რაპიდში ვერცხლის მედალი ხვდა.

- დოჰაშიც ახლოს ვიყავი მსგავს წარმატებასთან, - გვითხრა ნანა ძაგნიძემ. - მას შემდეგ, რაც მე-8 ტურში ინდოელ ჰამპი კონერუს ვძლიე, ვირწმუნე, რომ საპრიზო ადგილებზე გასვლა შემეძლო, არადა, სტარტი არ მქონდა მაინცდამინც სახარბიელო - ოთხ ტურში მხოლოდ 2 ქულის აღება შევძელი. სამაგიეროდ, ბოლო ხუთ ტურში 4 ქულა ავართვი მეტოქეებს და 8 ქულით ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე.

ჩემპიონატის ფინიშზე ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი) ინდოელ ჰამპი კონერუსთან აშკარად წასაგები პოზიცია ჰქონდა. მისი მარცხის შემთხვევაში მეორე ადგილზე გავიდოდი. ენდშპილში აზიელი დიდოსტატი შეცდა და ამ გამარჯვებით რუსმა მოჭადრაკემ ვერცხლის მედალი დაისაკუთრა...

* * *
რაპიდში ვაჟთა პაექრობის მეორე ტურში სენსაციის მოწმენი გავხდით: საქართველოს ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) დაამარცხა.

- მსოფლიოს ჩემპიონატამდე ფილიპინებში ორ საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზე, - გვითხრა გუშინ ლევანმა. - ერთ-ერთში მეორე ადგილი დავიკავე. ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა. ტურნირმა და მგზავრობამ ძალიან დამღალა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატში დიდი ენთუზიზმით ჩავები.

მეორე ტურში მსოფლიოს ჩემპიონთან დაპირისპირებამ ფსიქოლოგიურად ცოტა დამაბნია. დებიუტში რეტისა და "დრაკონის" ნაჯვარი გავითამაშეთ. მსგავსი პარტია მქონდა ბაქოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ამერიკელ ვესლი სოსთან, როცა მე-15 სვლაზე პაიკი დავთმე და ორთაბრძოლაც წავაგე. ამიტომ კარლსენთან უფრო ფრთხილად ვითამაშე.

აქაც თეთრებით ვიყავი. 23-ე სვლაზე კარგი პოზიცია მივიღე და რამდენიმე სვლაში მოგების კონტურებიც ნათლად გამოჩნდა.

- 37-ე სვლიდან კომპიუტერი თეთრებს ბ4-ს ურჩევდა, თქვენ კი ეს სვლა მხოლოდ 41-ეზე ითამაშეთ. მანამდე ვერ შენიშნეთ?
- მოცემულ სიტუაციაში ბ4 ობიექტურად ძალიან ძლიერი სვლაა კომპიუტერისთვის, მაგრამ, ჩემი გადმოსახედიდან, ჯერ პროფილაქტიკური სვლების გაკეთება გადავწყვიტე.

ჩვეულებრივ, ჭადრაკში პროფილაქტიკური სვლები არ არის მართებული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შავებს არანაირი
You must have Flash Player installed in order to see this player.
გეგმა არ ჰქონდათ და მუქარაც არსაიდან ჩანდა, გადავწყვიტე, მეფე ჰ2-ზე გამეყვანა. საამისოდ კი ჯერ ჰ4 ვითამაშე და კუ გადავიყვანე დ7 უჯრაზე. მეფე უსაფრთხოდ რომ დავიგულე, მერე ვითამაშე ბ4. შავი ფიგურები შებოჭილები არიან და რამდენიმე, ასე ვთქვათ, მექანიკური სვლის შემდეგ კარლსენმა საათი გააჩერა.

კარლსენი
Sportall.Ge
ფანცულაია

37. ჰ4 ჰ5 38. კდ7 მფგ7 39. მფჰ2 მფჰ7 40. ლე8 მფგ7 41. ბ4 ბ5 42. კხბ5 მც2
43. ა3 მფჰ6 44. ლფ7 მდ4 45. მფ6 კგ7 46. ლხგ7+ და შავები დანებდნენ.

- ხუთი ტურის შემდეგ ოთხი ქულით ლიდერთა შორის იყავით, მერე რა მოხდა?
- მეცხრე-მეათე ტურებში ვასილი ივანჩუკსა (უკრაინა) და ალექსანდრ გრიშჩუკთან (რუსეთი) დავმარცხდი და ჩემთვის ფსიქოლოგიურად ჩემპიონატი დასრულდა, დაღლილობამაც თავისი ქნა და საბოლოოდ არასასურველი შედეგიც მივიღე...

Sportall.Ge

რაპიდში ლევან ფანცულაიამ 7 ქულით 61-ე ადგილი დაიკავა. ასევე 7-7 ქულით მიხეილ მჭედლიშვილსა და ბაადურ ჯობავას, შესაბამისად, 65-ე და 71-ე ადგილები ერგოთ, 8.5 ქულით გიგა ყუფარაძე 35-ე იყო. 11-11 ქულით პირველი-მესამე ადგილები ვასილი ივანჩუკმა, ალექსანდრ გრიშჩუკმა და მაგნუს კარლსენმა გაინაწილეს.

ქალები. 1. ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 9.5), 2. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 8.5), 3. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 8), 18. ნინო ბაციაშვილი (6), 20. მერი არაბიძე (6), 23. ლელა ჯავახიშვილი (5.5), 36. სოფიო გვეტაძე (5), 27. მაკა ფურცელაძე (5).

ბლიცი
ქალები. 1. ანა მუზიჩუკი (13), 2. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 12.5), 3. კატერინა ლაგნო (რუსეთი, 12.5), 11. ლელა ჯავახიშვილი (9.5), 22. სოფიო გვეტაძე (9), 23. ნანა ძაგნიძე (9), 25. ნინო ბაციაშვილი 98.5), 26. მერი არაბიძე (8.5), 30. მაკა ფურცელაძე (4.5).
ვაჟები. 1. სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 16.5), 2. მაგნუს კარლსენი (16.5), 3. დანიილ დუბოვი (რუსეთი, 14.5), 15. ბაადურ ჯობავა (12.5), 25. მიხეილ მჭედლიშვილი (12), 57. ლევან ფანცულაია 910.5), 86. გიგა ყუფარაძე (9).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ლუკა
12:13 05-01-2017
სასიამოვნო არის მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხება. წარმატებას ვუსურვებ მას.
gio
11:59 05-01-2017
სათქმელია ისიც რომ ანანდმა თეთრებით ვერც ჯობავას მოუგო და ვერც მჭედლიშვილს ორივეს დაუზავდა ბლიცში.