ჭადრაკი

ჭადრაკი

ლევან ფანცულაიამ დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი დაამარცხა

AutoSharing Option
26 დეკემბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი). საასპარეზოდ 42 ქვეყნის 140-მა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მათ შორის 10 ქართველი დიდოსტატია.

ვაჟებში გამარჯვებულს 15 ტური გამოავლენს. შეჯიბრების პირველ დღეს ხუთი ტური გათამაშდა. უდანაკარგოდ უკრაინელი ანტონ კორობოვი დაწინაურდა. შვიდმა მოჭადრაკემ 4-4 ქულა მოაგროვა.

ოთხოსნებშია თბილისელი ლევან ფანცულაია, რომელმაც სიურპრიზი შემოგვთავაზა: სტარტზე ევროპის ექსჩემპიონ იან ნეპომნიაშჩის (რუსეთი) დაუზავდა, მეორე ტურში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) დაამარცხა (კარლსენს არ უმართლებს ქართველებთან დოჰაში - შარშან აქვე საერთაშორისო ტურნირში ნინო
ბაციაშვილს
შეუთანხმდა ყაიმზე), მერე დმიტრი იაკოვენკოს (რუსეთი) აჯობა, მეოთხეში ევგენი ტომაშევსკის (რუსეთი) შეუთანხმდა ყაიმზე, მეხუთე ტურში ვლადისლავ არტემიევს (რუსეთი) გააჩერებინა საათი.

ხუთი ტურის შემდეგ დანარჩენ ქართველთა შედეგები ასეთია: ბაადურ ჯობავა - 3, გიგა ყუფარაძე - 2, მიხეილ მჭედლიშვილი - 1.5 ქულა.

ქალებში 12 ტური გათამაშდება. ოთხი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ანა მუზიჩუკი (უკრაინა) ლიდერობს. ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი - 2.5-2.5, ნანა ძაგნიძე - 2, სოფიო გვეტაძე - 1.5, მაკა ფურცელაძე - 1, მერი არაბიძე - 0.5 ქულა.

დღეს ვაჟებში მომდევნო ხუთი, ქალებში კი ოთხი ტური გათამაშდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"