ბათუმის "ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გადაინაცვლა

AutoSharing Option
10 ნოემბერს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა. წინა ორ ტურში წაფორხილების შემდეგ წარმატებით ითამაშა ბათუმის "ნონამ" - დაძაბულ პაექრობაში რუსეთის "იუგრას" აჯობა - 2.5:1.5.

პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე 71-ე სვლაზე დაუზავდა უკრაინელ მსოფლიოს ექსჩემპიონსა და ევროპის ჩემპიონ ანა უშენინას. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ნინო ბაციაშვილი-ნატალია პოგონინა, ბელა ხოტენაშვილი-ლილით მკრტიჩიანი. ზღვისპირელებს მომგებიანი ქულა ევროპის ორგზის პრიზიორმა სალომე მელიამ მოუტანა, რომელმაც შავი ფიგურებით მარინა გუსევას 49
-ე სვლაზე გააჩერებინა საათი.

სრული სვლით განაგრძობს წინსვლას "მონტე კარლო" - ვარსკვლავებით (ჰოუ იფანი, ანა და მარია მუზიჩუკები, პია კრამლინგი და ელმირა სკრიპჩენკო) დახუნძლულმა გუნდმა გუშინ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა, ამჯერად ყაზანის "ლადია" გაანადგურა - 4:0.

დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: "ოდლარ იურდუ" (აზერბაიჯანი)-"ფიშერი" (იტალია) 2:2, "კაუნასი" (ლიტვა)-"მოსკოვი" (რუსეთი) 1:3, "პეტერბურგი" (რუსეთი)-"გორაჩიჩი" (სერბეთი) 2.5:1.5, "ავსტრია"-"მიდლენდი" (ინგლისი) 0.5:3.5, "ლაციო" (იტალია)-"რიშონი" (ისრაელი) 1:3.

ხუთი ტურის შემდეგ: "მონტე კარლო" - 10, "ნონა" - 7, "იუგრა", "ოდლარ იურდუ", "ფიშერი", "პეტერბურგი", "ლადია" - 6-6, "მიდლენდი" - 4, "გორაჩიჩი", "კაუნასი", "რიშონი" - 3-3, "ლაციო", "ავსტრია" - 2-2 ქულა.

ვაჟებში ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მაკედონიის "ალკალოიდი" (დინ ლიჟენი, დმიტრი ანდრეიკინი, პაველ ელიანოვი, დმიტრი იაკოვენკო, იუ იანი, იური კრივორუჩკო, ტრაიკო ნედევი, ფილიპ პანჩევსკი) ლიდერობს. მას ქულით ჩამორჩება "სიბერია" (რუსეთი). რვა გუნდს 8-8 ქულა აქვს.

დღეს ბოლოსწინა, მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართება. "ნონა" იტალიის "ფიშერს" შეხვდება, "მონტე კარლო" "პეტერბურგს" დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული