გიორგი გიორგაძე: საორგანიზაციო საკითხებში წარმატებულები სპორტული თვალსაზრისით მოვიკოჭლებთ

AutoSharing Option
წლეულს, 18-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით,  აჭარის დედაქალაქი 8, 10 და 12-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს. უკვე 70-მდე ქვეყნის 700-მდე მოზარდმა გამოთქვა შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი.

"ეს სარეკორდო მაჩვენებელია, - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ. - 1999 წლიდან ბათუმში არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი გამართულა მაღალ დონეზე და, ვიმედოვნებთ, რომ ამჯერადაც ასე იქნება.

ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი აკაკი იაშვილი დიდი ხანია, აჭარის დედაქალაქში იმყოფება და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს. პაექრობები სასტუმრო "შერატონის" მთავარ დარბაზში ჩატარდება. მოგვარებულია ასპარეზობის მონაწილეთა დაბინავებისა და კვების საკითხიც.

პირველობის
პარალელურად, მსაჯთა და მწვრთნელთა ფიდეს სემინარები მოეწყობა, რომლებსაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ცნობილი ექსპერტები - ფიდეს მსაჯთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სომეხი ვართაპეტიანი და სლოვენიელი დიდოსტატი მორი უხელმძღვანელებენ. ამ სემინარებს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - არბიტრებისთვის, რადგან გაისად ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშებას, 2018 წელს კი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას ვუმასპინძლებთ.

ბათუმში ჩემპიონატის დღეებში ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება, სახელწოდებით - "ჭადრაკის საგანმანათლებლო როლი სკოლებში". ბევრი სტუმარი გამოთქვამს ამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის სურვილს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვთხოვეთ, ღონისძიებაზე თავიანთი კოლეგებიც მოეწვიათ, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ.

ამდენად, ბათუმში სომხეთის, აზერბაიჯანის, ინგლისის, პოლონეთის, რუმინეთისა და სხვა ქვეყნების განათლების სამინისტროების წარმომადგენლებსაც ვიხილავთ. ამ საკითხით ასე დაინტერესება შემთხვევითი არ არის - "ჭადრაკი სკოლაში" მთელ მსოფლიოში პრიორიტეტული ხდება და საერთო ფერხულს არ გვინდა ჩამოვრჩეთ.

რამდენადაც საორგანიზაციო საკითხებში გვაქვს წარმატებები, იმდენად მოვიკოჭლებთ წმინდა სპორტული თვალსაზრისით. ამ ცოტა ხნის წინათ პრაღაში 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობაზე მხოლოდ ერთი მედალი ავიღეთ - 18-წლამდელებში ნინო ხომერიკმა მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა. ვიმედოვნებდით, რომ ნიკოლოზ კაჭარავა, ნიკოლოზ პეტრიაშვილი, დიანა ლომაია მაინც შეძლებდნენ კვარცხლბეკზე ასვლას, ყოველ შემთხვევაში, პირველ ხუთეულში მოხვედრას, მაგრამ მათ, სამწუხაროდ, ხელი მოეცარათ. მედალთან მათგან ყველაზე ახლოს კაჭარავა იყო, თუმცა ბოლო ტურში უიღბლობამ თუ უნებლიე შეცდომამ ისიც ჯილდოს გარეშე დატოვა.

საპრიზო სამეულს ვერც სხვები მიუახლოვდნენ, რაც გულდასაწყვეტი და დამაფიქრებელიცაა, რადგან ჩვენი ფედერაცია და თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია მოზარდების დასაოსტატებლად არაფერს იშურებენ, მათთან მწვრთნელებად დიდოსტატები მუშაობენ, ახალგაზრდების შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად სერიოზული რესურსი იხარჯება, შედეგს კი ვერ ვხედავთ.

სამწუხაროდ, წარუმატებლობათა სერია ხანტი-მანსიისკშიც გაგრძელდა, სადაც 14,16 და 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. იქაც მხოლოდ ნინო ხომერიკს ჰქონდა მედლის მოპოვების შანსი. ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა. მართალია, ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ მისგან მეტს ველოდით. ფინიშზე ჩავარდნამ იგი უმედლოდ დატოვა. ეტყობა, ევროპის პირველობის შემდეგ მსოფლიოსთვის სათანადოდ ვერ მოემზადა.

ვფიქრობ, უშურველად დარიგებულმა ინტერვიუებმა უარყოფითი როლი ითამაშა - გადაღალა, ახალგაზრდული ასაკის გამო ძალები ვერ გაანაწილა, მნიშვნელოვანი ტურნირის წინ ენერგიის აღდგენა და კონცენტრაცია ვერ შეძლო. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ვესაუბრე ნინოს მამას და პირად მწვრთნელს, ბატონ გოგი ხომერიკს. მანაც დამიდასტურა, რომ ეს მწარე რეალობა ახალგაზრდა მოჭადრაკისთვის სამომავლოდ კარგი გაკვეთილი იქნება.

ნინო ნიჭიერი გოგოა, მონდომებული, პერსპექტიული. დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გაგვახარებს წარმატებებით. მთავარია, სწორი დასკვნები გამოიტანოს და მომავალს უფრო პროფესიულად შეხედოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხელფასი უნდა გაიზარდოს შედეგების მიხედვით.
0
ნაკრების წევრებს წევრებს ფედერაციამ უნდა გაუზარდოს ხელფასი 2-ჯერ მაინც,ეს ოხერი ინფლაცია თითქმის ორჯერ გაიზარდა
sano
10:05 15-10-2016
0

სიახლეები პოპულარული