ბათუმის მოჭადრაკე ქალთა ფიდეს 2015-16 წლების გრან პრის გათამაშება დაიწყო

AutoSharing Option
გუშინ, 20 აპრილს, აჭარის დედაქალაქში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა ფიდეს 2015-16 წლების გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპი, რომელშიც ექვსი ქვეყნის 12 უძლიერესი დიდოსტატი მონაწილეობს, მათ შორის - ოთხი ქართველი: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და ნინო ბაციაშვილი.

ისინი წრიული სისტემით 11 ტურად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ასპარეზობის საპრიზო ფონდია 60.000 ევრო, საიდანაც გამარჯვებული 10.000 ევროს მიიღებს. საგულისხმოა, რომ სამი რაუნდის ჯამში საუკეთესო მოჭადრაკე გაისად ტიტულისთვის ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს დაუპირისპირდება.

გუშინ პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა ლელა ჯავახიშვილმა (2489)
თეთრი ფიგურებით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი, 2557) 36-ე სვლაზე გააჩერებინა საათი და გათამაშების ცხრილში პირველი ქულა ჩაიწერა. რუსმა ოლგა გირიამ (2442) შავი ფიგურებით თანამემამულე, ორგზის ევროპის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (2497) დაამარცხა. დაზავდნენ: ჟაო სიუე (ჩინეთი, 2504)-ნინო ბაციაშვილი (2476), ბელა ხოტენაშვილი (2493)-ნანა ძაგნიძე (2535), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555)-მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561), ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453)-ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445).

დღეს, მეორე ტურში მეტოქეები ასე დაწყვილდნენ: კოსტენიუკი-ბაციაშვილი, გირია-ჟაო სიუე, დანიელიანი-გუნინა, მ. მუზიჩუკი-სკრიპჩენკო, ძაგნიძე-ა. მუზიცუკი, ჯავახიშვილი-ხოტენაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული