მეოთხე აღზევება - ლელა ჯავახიშვილი ტიტულების რაოდენობას ზრდის

AutoSharing Option
ფოტოზე: სოფიკო ხუხაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია
ექვსი მოგება, ოთხი ყაიმი და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 73-ე ეროვნული ჩემპიონატი ლელა ჯავახიშვილმა, მოაგროვა 8 ქულა და მეოთხედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა.

გუშინ, 5 აპრილს, მე-11 ტურში იგი შავი ფიგურებით სალომე მელიას დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ მირანდა მიქაძე-ნინო ხომერიკი, ბელა ხოტენაშვილი-მერი არაბიძე; ნინო ხურციძემ მაია ლომინეიშვილს მოუგო, სოფიო გვეტაძემ კი ალექსანდრა ვახანია დაამარცხა.

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: ლელა ჯავახიშვილი-8, სოფიკო ხუხაშვილი-6.5, სალომე მელია-6, მაია ლომინეიშვილი-6, ნინო ხურციძე-6, მერი
არაბიძე-6, ბელა ხოტენაშვილი-5.5, ნინო ხომერიკი-5, სოფიო გვეტაძე-5, ალექსანდრა ვახანია-4.5, მირანდა მიქაძე-4.5, ანა გავაშელი-3 ქულა.

ვახანიამ საერთაშორისო ოსტატის მესამე ბალი შეასრულა.

ლელა ჯავახიშვილი ტიტულოვანი დიდოსტატია. გარდა იმისა, რომ საქართველოს ქალთა ჩემპიონატები ოთხჯერ (2001, 2007, 2014, 2016) მოიგო, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებზე თითო ოქრო (2008) და ბრინჯაო (2010) დაიმსახურა, ასევე, პირველი (2015) და მესამე (2011) ადგილები დაიკავა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებში, ხოლო ევროპის პირველობებზე საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ყველაფერს კი სათავე თელავში დაედო.

- ჭადრაკში მეცადინეობა ექვსი წლისამ დავიწყე გოგი ელიოზიშვილთან, - გვითხრა ჩემპიონმა შეჯიბრების დამთავრების შემდეგ. - 10 წლისა პირველად ჩამოვედი თბილისში საქართველოს პირველობაზე საასპარეზოდ და 64-უჯრიან დაფას დღემდე შემოვრჩი. კარგი მწვრთნელები მყავდა. ალბათ, ამიტომაც ქალთა ეროვნული ჩემპიონატი პირველად 2001-ში 16 წლისამ მოვიგე.

- წლევანდელ პირველობაზე რას იტყვი?
- ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ამის მიუხედავად, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ტიტულს დავიბრუნებდი.

ჩემპიონატის დაწყებამდე მქონდა ასეთი განცდა. მით უმეტეს, რომ მანამდე ნოკაუტსისტემით ვაჟთა ეროვნულ ჩემპიონატში ვითამაშე კარგად - მეოთხე ადგილი დავიკავე, რაც ერთგვარად მოულოდნელიც კი იყო: პირველ რაუნდში დავით მაღალაშვილთან შანსები თუ 50/50-ზე იყო, მეორე წრეში ჩემზე ძლიერი მეტოქე შემხვდა - ლევან ფანცულაია. ამის მიუხედავად, ეს ბარიერიც გადავლახე, მაგრამ ნახევარფინალში ჩვენი ქალთა გუნდის კაპიტანმა და მწვრთნელმა დავით ჯოჯუამ მძლია. ეტყობა, ჩვენთვის ხეზე ცოცვა არ უსწავლებია.

ვაჟთა ჩემპიონატის შემდეგ ქალთა გრან პრი მოვიგე იოლად. ყველაფერმა ამან საკუთარი ძალების რწმენა შემმატა.

- ნინო ხომერიკთან მარცხი მოულოდნელი იყო...
- ისეთი შეცდომა დავუშვი, რომელიც შეიძლება ახალგაზრდებს მოუვიდეთ, მაგრამ ჩემი ასაკისა და გამოცდილების დიდოსტატებს რომ არ ეპატიებათ. ფაქტობრივად, დამთავრებული პოზიცია იყო, ყველაფერს ვხედავდი. მეტოქე ცაიტნოტში მოხვდა - დაახლოებით 15 სვლაზე ერთი წუთი ჰქონდა დარჩენილი, მე კი - ნახევარი საათი. უბრალოდ, ფიქრი დამეზარა, რომ ბოლომდე გამეთვალა ვარიანტები. კონცენტრაცია დავკარგე და დამსახურებულად მივიღე ის, რაც მივიღე.

ჩემპიონატზე ყველაზე რთული და დაძაბული პარტია კი სოფიო გვეტაძესთან მქონდა. ორთაბრძოლა დიდხანს გაგრძელდა და ყაიმით დასრულდა.

- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წინადადებითა და ფიდეს მესვეურთა თანხმობით, ბათუმში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპში ჩაებმები...
- ეს ინფორმაცია ფიდედან გუშინ დილით მივიღე და ძალიან გამიხარდა. მართალია, ცოტა გეგმები ამირია, მაგრამ ამად ღირს. ასეთ ტურნირში არასდროს მითამაშია. პლანეტის უძლიერეს დიდოსტატებთან პაექრობა გამოცდილების გასამდიდრებლად კარგი საშუალებაა. ცუდი ის არის, რომ მე და ბელა ხოტენაშვილს ამ შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად და ძალების აღსადგენად ძალიან მცირე დრო გვრჩება.

- ზემოთ სამომავლო გეგმები ახსენე...
- მსოფლიო გრან პრის დამთავრებისთანავე საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატში სათამაშოდ გავემგზავრები, იქიდან დაბრუნების მეორე დღეს თბილისში 12-დღიანი საწვრთნელი შეკრება გვეწყება, 26 მაისს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ჩავებმებით, ზაფხულში ჩინური ჩენგდუ ფიდეს გრან პრის მე-4 ეტაპს უმასპინძლებს.

წლეულს ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება მაინც ბაქოში გველის - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა. ერთი სიტყვით, დაძაბული სეზონი გვექნება და ვეცდებით, ქომაგები გავახაროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წინა გრან პრიზე ნანას აშკარად არ გაუმარტლა,ეხლა ნამეტანია 12 მონაწილეში 4 ქართველი.ნანას აქვს ყველაზე მეტი შანსი რ-2ომ შეხვდეს ცემპიონს,ვნახოთ.თორე თითო ეტაპის მოგებას არაფერი აზრი არ აქვს გულშემატკივრისთვის.
giorgi-2
13:50 07-04-2016
0
დიდი ხნის წინ მასთან მოგებული მაქვს პარტია,მაგრამ მაშინ ბავშვი იყო, ოღონდ ზალინ ნიჭიერი..
giorgi
12:06 06-04-2016
0

სიახლეები პოპულარული