ყატარის ტურნირი: თითო მოგება-ყაიმი და ორი მარცხი ფინიშამდე ტურით ადრე

AutoSharing Option
თითო მოგება-ყაიმი და ორი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულეს გუშინ, 28 დეკემბერს, ყატარში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე თავიანთი შეხვედრები ქართველმა დიდოსტატმა ქალებმა.

ნინო ბაციაშვილმა ინდოელ პონუსვემი კონგუველს აჯობა, ბელა ხოტენაშვილი, ასევე, ინდოელ როი პრანტიკს შეუთანხმდა ყაიმზე, ხოლო ნანა ძაგნიძემ და სოფიკო გურამიშვილმა შავი ფიგურებით, შესაბამისად, პიერ ლუიჯი ბასოსა (იტალია) და ვენკატეშთან (ინდოეთი) დათმეს თავიანთი პარტიები.

რვა ტურის შემდეგ ხოტენაშვილს 4, ძაგნიძეს, ბაციაშვილსა და გურამიშვილს 3-3 ქულა აქვთ.

მერვე ტურამდე ყატარის ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) და სანან
სიუგიროვი (რუსეთი) მეწინავეობდნენ. გუშინ კარლსენმა შავი ფიგურებით მამედიაროვს აჯობა, ხოლო სიუგიროვი თანამემამულე ვლადიმირ კრამნიკს დანებდა. 5-ქულიანთაგან მხოლოდ იუი იანმა (ჩინეთი) იყოჩაღა - შავებით ნილს გრანდელიუსს (შვედეთი) მოუგო, დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა.

ამდენად, ბოლო ტურის წინ ერთპიროვნულად ისევ კარლსენი დაწინაურდა. ლიდერი ნახევარ-ნახევარი ქულით უსწრებს კრამნიკსა და იუი იანს. 17 მოჭადრაკეს 5.5-5.5 ქულა აქვს.

მე-9 ტურში პირველობისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კარლსენი-კრამნიკი, იუი იანი-ვესლი სო (აშშ). ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: ხოტენაშვილი-პარტიშ რაჯა (ინდოეთი), ძაგნიძე-ნგუენ ლი ტაო (ვიეტნამი), ბაციაშვილი-ნოდირბეკ აბდუსატოროვი (უზბეკეთი), აბჰიმანუ პურანიკი (ინდოეთი)-გურამიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული