ნინო ბაციაშვილი: მაგნუსთან თამაში დიდი ბედნიერებაა, მასთან მიღწეული შედეგი - ორმაგი ბედნიერება

AutoSharing Option
ყატარში, მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში, როგორც ვწერდით, მსოფლიოს საუკეთესო დიდოსტატებმა მოიყარეს თავი. მათ შორის ოთხი ქართველი მანდილოსანია. ერთ-ერთმა მათგანმა - ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა პირველსავე ტურში მიიპყრო საჭადრაკო სამყაროს ყურადღება: შეჯიბრების მონაწილეებს სენსაცია შესთავაზა - ვაჟებში უმაღლესი რეიტინგის მქონე მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენს (ნორვეგია) შავი ფიგურებით დაუზავდა.

ორთაბრძოლის დამთავრებისთანავე აი, რა განუცხადა მან საჭადრაკო საიტ Chess-news-ს:

"ვფიქრობდი, რომ პირველ ტურში, შესაძლოა, მაგნუს კარლსენს ან კრამნიკს შევხვედროდი, მაგრამ მათთან ყაიმის მიღწევაზე ვერც ვიოცნებებდი.

საერთოდ, მაგნუსთან თამაში დიდი ბედნიერებაა, ყატარში მასთან მიღწეული შედეგი -
ორმაგი ბედნიერება. ვინ იცის, კიდევ სად მეღირსებოდა მასთან დაპირისპირება.

თავიდან მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში - დებიუტშივე არ წამეგო. საჭადრაკო დაფასთან რომ დავჯექი, მერე უკვე სვლებზე ვფიქრობდი, უბრალოდ, ვთამაშობდი და, როგორც აღმოჩნდა, ურიგოდ არ მითამაშია..."

ნინო ბაციაშვილს (2498) მეორე ტურშიც ძლიერი მეტოქე ჰყავდა - ინდოელი ჰარიკრიშნა (2743). ქართველი დიდოსტატი მოწინააღმდეგეს ამჯერად სათანადოდ ვერ გაუმკლავდა და დამარცხდა.

მეორედ გააჩერეს საათები ნანა ძაგნიძემ (2559) და ბელა ხოტენაშვილმა (2496), შესაბამისად, ალექსანდრ სეიბსა (გერმანია, 2425) და შეიხ მოჰამედთან (ინდოეთი, 2414). სოფიო გურამიშვილი (2368) ინდოელ დას ნიილოთპალს (2475) შეუთანხმდა ყაიმზე.

რაც შეეხებათ ფავორიტებს, მხოლოდ ცხრა მათგანი დარჩა უდანაკარგოდ: ორი შესაძლებლობიდან ორ-ორ ქულას მოუყარეს თავი ანიშ გირმა (ჰოლანდია), დავიდ ჰოველმა (ინგლისი), სატურამანმა (ინდოეთი), იუ იანმა, ლი ჩაომ (ორივე - ჩინეთი), რადოსლავ ვოიტაშეკმა, დარიუშ სვერჟიმ (ორივე - პოლონეთი), ვესლი სოუმ (აშშ) და დანიილ იუფამ (რუსეთი).

ქართველი მოჭადრაკეები მე-3 ტურში ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: რავი ჰარია (ინგლისი)-ნინო ბაციაშვილი, სოფიო გურამიშვილი-როვენ ფოგელი (გერმანია), ნანა ძაგნიძე-აზიზ ჰუსეინ ნეზადი (ყატარი), არიან გოლამი (ირანი)-ბელა ხოტენაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული