მსოფლიოს ჩემპიონობისკენ - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მდევრებს 2 ქულით უსწრებს

AutoSharing Option
შვიდი შეხვედრიდან ექვსი მოგება, ერთი ფრე და 13 ქულა - ასეთი შედეგით ლიდერობს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, რომელსაც ჩინური სენდუგი მასპინძლობს.

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, გასულ უქმეებზე ორი ტურის შეხვედრები გაიმართა.

მე-6 ტურში ჩვენმა მანდილოსნებმა ამერიკელებს სძლიეს - 3:1 (თათევ აბრაჰამიანი-ბელა ხოტენაშვილი 0:1, ლელა ჯავახიშვილი-კატერინა ნემცოვა 0,5:0,5, ვიქტორია ნი-მერი არაბიძე 0:1, ნინო ბაციაშვილი-ალისა მელიოხინა 0,5:0,5).

დანარჩენი მატჩები ასე დამთავრდა: ინდოეთი-ეგვიპტე 4:0, პოლონეთი-რუსეთი 0,5:3,5, ყაზახეთი-ჩინეთი 2:2 (ოთხივე პარტია ყაიმით დასრულდა), უკრაინა-სომხეთი 2,5:1,5.

გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელოდნენ საქართველო-ინდოეთის გუშინდელ შეხვედრას.

პირველ დაფაზე გუნდების ლიდერები - ბელა ხოტენაშვილი და ჰამპი კონერუ დაზავდნენ. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ სვამინათან სოუმია და სალომე მელია.

მეორე დაფაზე ლელა ჯავახიშვილი შავებით კარგა ხანს ფლობდა უპირატესობას, შემდეგ ინიციატივა მეტოქეს დაუთმო, მაგრამ ორმხრივ მწვავე ცაიტნოტში მეტოქეებმა მოგების გზა ვერ გამოძებნეს და მშვიდობიან ზავს მოაწერეს ხელი.

საქართველოს ნაკრებს მომგებიანი ქულა მერი არაბიძემ მოუტანა, რომელმაც თეთრებით რუთ რადმინის აჯობა. საბოლოოდ, ჩვენმა ქალებმა 2,5:1,5 გაიმარჯვეს და ლიდერობა განიმტკიცეს.

საქართველოს ნაკრები უახლოეს მდევარ რუსეთის ეროვნულ გუნდს ორი ქულით უსწრებს. როგორც პირველ ტურში ქართველებთან, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები გუშინაც სასწაულებრივად გადაურჩნენ წაგებას - ამჯერად ყაზახებთან. მას შემდეგ, რაც ვალენტინა გუნინამ ჟანსაია აბდუმალიკს აჯობა, დინარა სადუაკასოვამ ალექსანდრა კოსტენიუკს დააყრევინა ფარ-ხმალი, ხოლო ოლგა გირია და მადინა დავლეტბაიევა დაზავდნენ, ყველაფერი ალექსანდრა გორიაჩკინას და გულმირა დაულეტოვას შეხვედრაზე იყო დამოკიდებული.

აზიელ საერთაშორისო ოსტატს 72-ე სვლამდე აშკარად უკეთესი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ცაიტნოტში დაშვებულმა უზუსტობებმა გორიაჩკინას პარტიის გადარჩენის შანსი მისცა და შეხვედრაც ყაიმით დასრულდა - 2:2. ასეთივე ანგარიშებით დამთავრდა სომხეთი-აშშ-ის, ჩინეთი-უკრაინის მატჩები, პოლონეთმა 3:1 მოუგო ეგვიპტეს.

შვიდი ტურის შემდეგ: საქართველო -13 (საერთო მონაგარი-19,5: ხოტენაშვილი-6, ჯავახიშვილი-4, არაბიძე-4, ბაციაშვილი-3, მელია-2,5), რუსეთი-11 (19), ჩინეთი-9 (7), უკრაინა-8 (15,5), სომხეთი-7 (14), ინდოეთი-6 (15,5), ყაზახეთი-6 (12), აშშ-5 (12), პოლონეთი-5 (3), ეგვიპტე-0 (3) ქულა.

დღეს, მე-8 ტურში ითამაშებენ: ინდოეთი-პოლონეთი, ყაზახეთი-ეგვიპტე, უკრაინა-რუსეთი აშშ-ჩინეთი, საქართველო-სომხეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა მოგება გვაქვს 8დან 8
0
ქართველი ქალები უჭკვიანესები არიან მსოფლიოში. დროა დავიბრუნოთ ჩვენი საჭადრაკო სკოლის დიდება - ეს ბუნებრივია!
ოთო
14:31 27-04-2015
0

სიახლეები პოპულარული